logo_geo
დაჩი ცაგურია: ზაფხულის სეზონისთვის მგზავრებს წიგნები დახვდებათ მატარებელში
- +

3 მარტი. 2017. 11:18



„ზაფხულის სეზონისთვის მგზავრებს წიგნები დახვდებათ მატარებელში", - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა და მის მიერ ინიცირებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც მატარებლების წიგნებით აღჭურვას გულისხმობს. ცაგურიას განცხადებით, პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წარმატებით ხორციელდება.


 

„პრექტის მთავარი იდეაა არა ის, რომ მატარებელში ბევრი წიგნი იყოს, არამედ პირველ რიგში ის, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადობრივ ტრანსპორტში უფრო ხშირად კითხულობდნენ, ვიდრე დღეს. სამწუხაროდ, მგზავრი წიგნით დღეს არც ისე ხშირად გვხვდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მატარებელში დროის ყველაზე სასიამოვნოდ გატარება წიგნის კითხვითაა შესაძლებელი. როცა პროექტი დავიწყეთ, გვითხრეს, რომ არსებობდა მსგავსი მოძრავი ბიბლიოთეკები გერმანიასა და კანადაში, თუმცა, დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ჩვენთანაც გაამართლებს. როცა განხორციელების გზებზე ვფიქრობდით, გვქონდა მარტივი ვარიანტი, შეგვეძინა წიგნები და მოგვემარაგებინა ვაგონის ბიბლიოთეკები, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის უფრო სოციალური სახე მიგვეცა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაგვერთო. გამოვაცხადეთ, რომ ვიწყებდით წიგნების შეგროვებას და მიხარია, რომ გვყავს ძალიან მაგარი ხალხი, რომელმაც მაშინვე აიტაცა იდეა და გვერდში დაგვიდგა. ბევრი ადამიანი და გამომცემლობა გვიკავშირდება, გამოთქვამენ სურვილს, მოგვაწოდონ წიგნები და პროექტიც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, გამოხმაურება იმაზე დიდია, ვიდრე გვქონდა განსაზღვრული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, პროექტი შედგა.

 

ზაფხულის სეზონისთვის მგზავრებს წიგნები დახვდებათ მატარებელში. შემდეგ ალბათ თავადაც დატოვებენ იმ წიგნებს, რომლებიც სურთ, სხვებმაც წაიკითხონ. როცა ერთხელ გამოცდის მგზავრი, რა სასიამოვნოა მგზავრობისას კითხვა, ამ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი