logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ეს სხვა დროც იგივეა, რაც იყო 30 წლის წინათ, 25 წლის წინათ, 20 წლის წინათ...
- +

9 დეკემბერი. 2019. 14:23

 

„ისინიც ზუსტად იმავე სიტყვებს იძახდნენ და იმავე ლოზუნგებს სკანდირებდნენ, რასაც ესენი“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„დიახ, ეს სხვა დროც იგივეა, რაც იყო 30 წლის წინათ, 25 წლის წინათ, 20 წლის წინათ...

 

ეს გოგო-ბიჭებიც, ხან პარლამენტის რკინის ღობეს რომ ეჯაჯგურებიან და ხან ნაგვის ურნებს დაათრევენ, აღმა-დაღმა, იმავეს აკეთებენ, რასაც მათი თანატოლები აკეთებდნენ, 30 წლის წინათ, 25 წლის წინათ, 20 წლის წინათ.

 

ისინიც კი ყრიდნენ რუსთაველის პროსპექტზე ათასგვარ ხარახურას, როგორც ესენი, ისინიც ზუსტად ისე აგუგუნებდნენ კოცონებს შუა ქუჩაში, როგორც ესენი.

 

ისინიც ზუსტად იმავე სიტყვებს იძახდნენ და იმავე ლოზუნგებს სკანდირებდნენ, რასაც ესენი.

 

ისინი, ოცდაათი წლის წინანდელი გოგო-ბიჭები და ესენიც, ოცდამეერთე საუკუნის პირმშოები, ერთი და იგივენი არიან - ჩაცმა-დახურვასა და „პრიჩოსკებშია“ ცოტაოდენი განსხვავება, თორემ სხვა მხრივ ერთმანეთს ალიკვალივით ჰგვანან.

 

დანამდვილებით ამათაც ზუსტად იგივე დაემართებათ, რაც იმათ დაემართათ - გაქნილი თვალთმაქცები, აფერისტები და არამზადები იმისთვის გამოიყენებენ, რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, მერე კი ამ ძალაუფლებით, პირველ რიგში, სწორედ მათ გაუსწორდებიან, დააჩმორებენ. დააჩაჩანაკებენ, ჩარეცხავენ.

 

დემოკრატია, უფრო სწორად, დემოკრატიის ქართული ვარიანტი - თითლიბაზური, ყალთაბანდური, ყალბი, - უბედურებად ექცა საქართველოს.

 

დემოკრატია გინდებლარიენ? „პაჟალუსტა“! - დაგვაჯილდოვა შოთა გორგოძემ დემოკრატიით და წავიდა.

 

დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ თქვენ? - დაგვიცაცხანა ჯაბა იოსელიანმა და ავტომატის ჯერით „კრესტი“ დაგვადო გულმკერდზე.

 

ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში! - დასჭექა მიშა სააკაშვილმა და ლამის მთელ საქართველოს  ბადრაგი დააყენა თავზე“, - წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი