logo_geo
მამუკა არეშიძე: უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე გადაკიდების ნიშნები
- +

10 დეკემბერი. 2019. 15:05

 

 

 

„უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე გადაკიდების ნიშნები“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ამ ტიპის განუწყვეტელი აქციები ქვეყანას ნამდვილად დიდ დარტყმას აყენებს. ეს ხელისუფლების იმიჯზეც უარყოფითად აისახება. საქართველო პოლიტიკურად ნელ-ნელა არასტაბილური ქვეყანა ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს მტერს თუ მოყვარეს შესაბამისი დასკვნა გამოაქვს.

 

თუ ასე გაგრძელდა, ეს იმოქმედებს როგორც ტურიზმის განვითარებაზე, ასევე საზოგადოდ, ეკონომიკაზე. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ შეიძლება ქვეყანა კვლავაც ორად გაიხლიჩოს. უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე გადაკიდების ნიშნები.

 

ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება. როგორც 90-იანი წლების დამდეგის მძიმე მოვლენების მომსწრე, გეტყვით, რომ ჩემმა თაობამ ეს უკვე გაიარა. კარგად გვახსოვს, იმჟამინდელმა მოვლენებმა საქართველო როგორ გადაისროლა ისეთ ქაოსში, რასაც დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი.

 

იმას, რაც მოხდა 1991 წლის 2 სექტემბერს, როდესაც პირველად დაიღვარა სისხლი ქართველებს შორის, სისხლის მდინარეები მოჰყვა. ის ჭრილობები დღესაც არა აქვს ქვეყანას მოშუშებული. აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას  ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტელიტის შეცდომების ბრალი იყო, თუმცა მასში, რა თქმა უნდა, გარე მტრის ხელიც ერია. დღესაც ამ პროცესებში ქართველები ჩანან წინა პლანზე, მაგრამ ამის უკან იმდენი ძალაა თავმოყრილი, იმდენი ქვეყნის აგენტურა მუშაობს“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი