logo_geo
„ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. მაშინვე მივედი“ - რას იგონებს ლელა წურწუმია ზაზა ურუშაძეზე
- +

12 დეკემბერი. 2019. 16:23

 

 

 

 

რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალების ამბავი კორპორატიულ წვეულებაზე სიმღერის წინ შეიტყო. მაშინვე წავიდა მეგობრის სახლში. „ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. როგორც კი სახლში მიასვენეს, მაშინვე მივედი... ჩვენი პროფესია და ცხოვრება ასეთია, ხანდახან ისე მეშლება ნერვები!.. სულ რომ არ გემღერება, მაგრამ რომ არ უნდა შეიმჩნიო! ძალიან რთულია. ჩემს გულში რა ხდებოდა, კიდე ცალკე თემაა“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლელა წურწუმია.

 

ლელამ ზაზასთან პირველად ტელესერიალში „ცხელ ძაღლში“ ითანამშრომლა, სადაც მომღერლის როლი შეასრულა... შემდეგ იყო  ზაზას „დარჩი ჩემთან“.

 

პირველი მთავარი როლი კი კინოში 1992 წელს ალეკო ნინუამ ათამაშა. ორსერიან ფილმ „ხაფანგში“ ლელამ 17-დან 60 წლის ასაკამდე ქალის როლი ითამაშა, ტრანსფორმაციით. შემდეგ იყო ეპიზოდური როლი „გარიგების“ რიმეიქში.

 

„საერთოდ რომ აღარ ვითამაშო ფილმში, ის მაინც დამრჩება, რომ ზაზა ურუშაძის ფილმში ვითამაშე“, - ამბობს მომღერალი „პრაიმტაიმთან“.

 

ფილმი „დარჩი ჩემთან“ ირანული ფილმის - „გრძელი ღამის“ რიმეიქია. ფილმში მთავარ როლს ირანელი მომღერალი ქალი ასრულებს.

 

 

ლელა წურწუმია: - 2011 წლის გაზაფხული იყო ზაზა ურუშაძეს რომ შევხვდი. საერთოდ რეჟისორი არჩევს მსახიობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პროდიუსერის დამტკიცებული ვიყავი მთავარ როლზე. მახსოვს, ზაზამ რომ შემომხედა, მომღერალი ლელა წურწუმია რომ უნდა ყოფილიყო მთავარ როლში, დიდი კმაყოფილება ვერ შევატყვე. ალბათ, თავისი წარმოდგენებიც ჰქონდა ამ როლთან დაკავშირებით, ცოტა პრობლემებს ხომ არ შევქმნიდი. ცოტათი გაღიზიანებულიც იყო, ალბათ, იმით, რომ მის გარეშე დამტკიცდა მთავარი როლის შემსრულებელი. მაგრამ გადაღების დროს ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ისეთი სუბორდინაცია იყო, ისეთი თანხვედრა, დავმეგობრდით. მერე სულ ვეხმიანებოდით ერთმანეთს, დაბადების დღეები იქნებოდა, თუ დღესასწაულები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირი ურთიერთობა არ გვქონდა. 

 

 

 

პირველად რომ შემომხედა, რაც მითხრა იყო - ტელევიზორში უფრო დიდი ჩანხარ, მაგრამ წონაში დასაკლები ხარო. მერე ვამბობდი, ასე მეგონა, ზაზამ თავში ურო ჩამარტყა-მეთქი. ფილმის გადაღების მსვლელობის დროს 18 კილო დავიკელი. ვიშიმშილე, სწრაფი შედეგი მჭირდებოდა. 14 აპრილს დაიწყო გადაღებები, მე 19 აპრილიდან შევუერთდი გადასაღებ მოედანს. და დავიწყე გახდომა. მერე ზაზა მეუბნებოდა, ზოგ სცენებში დაკლებული ხარ, ზოგან - მომატებული, ეს რა მიქენი, როგორ დავამონტაჟოო?!

 

12-18 საათიანი გადაღებები გვქონდა. ძირითადად გადაღებები ღამით მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, არ გვიძინია. ძალიან მუშა რეჟიმში ვიყავით. ბოლო სცენაა, სადაც ქეთი მღერის, კოსტიუმი და ვარცხნილობა უნდა გამომეცვალა და ძალიან ვიღლებოდი. კოსტიუმით ვწვებოდი და ცოტა ხნით ვიძინებდი, მერე ისევ ვაგრძელებდით გადაღებას. თოჯინა ხარ, ტოო, როგორც დაწვები ისევე იღვიძებ, სახეზე არაფერი მოგდისო, ხუმრობდა ზაზა...

 

 

ამ ადამიანთან მუშაობა ბედნიერება იყო. ნიჭიერი და რეალური ადამიანი იყო, მართალი. რასაც იქვე მეუბნებოდა, ემოციურად იმასვე ვიმეორებდი, მე სცენარის მიხედვით ტექსტი არც მისწავლია. ზაზამ ბევრი რამ თვითონ გადააკეთა სცენარში.

 

გამოვტყდები, ცოტა შეშინებული ვიყავი ისეთი თანავარსკვლავედის გარემოცვაში თამაშისას, რომელშიც შედიოდა - მიშა გომიაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, ნატა მურვანიძე, ბერტა ხაფავა, ასმათ ტყაბლაძე, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი... რთული იყო მათთან გატოლება, ისე თამაში, რომ არაფერი დამეკლო. გადაღება რომ დავასრულეთ, ჩვენ კიდე ვიმუშავებთო, მითხრა. ეს რეჟისორისგან როგორი ნათქვამია, ხომ ხვდებით. ის უხილავი ძაფები მაკავშირებდა მასთან, რაც მთელი ცხოვრება გამყვება.

 

ფილმი ექვსი თვე იყო გაქირავებაში. და ვიცი, მაყურებელი მეორედ და მესამედ მიდიოდა ფილმის სანახავად.

 

ამ ფილმის გადაღების დრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი პერიოდია.

 

იცით, რა მომწონდა ზაზასი? ბავშვური სისუფთავე ჰქონდა. ასეთი სუფთა გამომეტყველება ჰქონდა, დამოკიდებულება, შეხვედრა. კაი ტო... - გეტყოდა.

 

 

 

მიუხედავად ჩვენი მწირი შეხვედრებისა, მავსებდა და განსაკუთრებულად მიყვარდა ეს ადამიანი. მიხაროდა, რომ ვიცოდი ზაზა ურუშაძის არსებობა. უთბილესი, პოზიტიური ადამიანი იყო. ამიტომაც დამწყვიტა გული.

 

ზაზა არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიო კინემატოგრაფიას დააკლდა, ყველას, ვისაც გვიყვარდა. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ზაზა ურუშაძე. ბედის მადლობელი ვარ, რომ მას შემახვედრა...

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

წყარო : wyaro
big_banner
არქივი