logo_geo
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2019 წელს გარდაიცვალნენ
- +

1 იანვარი. 2020. 15:59

 

2019 წელს გარდაიცვალა რამდენიმე უნიკალური და განუმეორებელი ადამიანი.

 

დიდი მაესტრო

 

 

მათ შორის, ალბათ, პირველ რიგში დიდი მაესტრო - გია ყანჩელი უნდა დასახელდეს, რომელმაც სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი.

 

სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მის კალამს ეკუთვნის ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილი უმშვენიერესი მუსიკა: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „როცა აყვავდა ნუში“ - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც გია ყანჩელის განუმეორებელი ჰანგები ამშვენებს.

 

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დაასახელეს, ნინო როტასა და ენიო მორიკონესთან ერთად.

 

„ყვითელი ფოთლების“ და სხვა უამრავი შედევრის ავტორი 2019 წლის 2 ოქტომბერს,84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

„მანდარინები“

 

 

დეკემბერში 53 წლისა გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე. მისი შემოქმედებიდან ყველაზე პოპულარული 2013 წელს გამოსული ფილმი -„მანდარინები“ გახდა. ეს იყო ქართულ-ესტონური პროექტი, რომელმაც ქართველ რეჟისორს დიდი აღიარება მოუტანა. ფილმი „ოქროს გლობუსზე“ იყო წარმოდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ასევე ნომინირებული იყო „ოსკარზე“ - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. ზაზა ურუშაძე ეროვნული კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თანამდებობა მან 2019 წლის სექტემბერში დატოვა. ის სრულიად მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა და გული დასწყვიტა ყველას, ვინც მის შემოქმედებას იცნობდა. ცნობილი რეჟისორი 12 დეკემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაიკრძალა.

 

უკეთილშობილესი გოგიჩა

 

 

მიმდინარე წელმა ნაადრევად კიდევ ერთი ადამიანი - ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი წაგვართვა, რომელიც 51 წლისა გარდაიცვალა. გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა.

 

ქართული თეატრის დიდი დანაკლისი

 

 

მიმდინარე წლის თებერვალში იმქვეყნიურ საუფლოს შეუერთდა ცნობილი ქართველი მსახიობი გურანდა გაბუნია, რომელსაც ათეულობით როლი აქვს შესრულებული ქართულ კინოსა და თეატრში.

 

იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრიზი. გურანდა გაბუნია იმ ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელმაც ეპოქა შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში.

 

ის თავის მეუღლესთან - ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად, ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.

 

მოულოდნელი გარდაცვალება

 

 

მიმდინარე წელს, ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა 49 წლის ასაკში ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ნოდარ ხადური 2016 წლის 1დეკემბრიდან „საქართველოს კონკურენციიის სააგენტოს“ თავმჯდომარე იყო.

2012-2016 წლებში კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ.

 

ქართული ფეხბურთის ლეგენდა

 

 

2019 წელს ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა სპორტმაც: 70 წლის გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე. ის 1967-1979 წლებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. იგი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი, სპორტის ოსტატი...

 

მთელმა საქართველოს დაიტირა ფეხბურთელი, რომელიც ყველას თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანას“ აგონებდა და რომელსაც „ქართველი ფეხბურთის ლეგენდა“ უწოდეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი