logo_geo
ბედობის დღეს გასახსენებელი ისტორიები ლელა ანჯაფარიძესთან
- +

3 იანვარი. 2020. 00:25


ლელა ანჯაფარიძე - ქალი, რომელიც ცოცხლობდა თბილისით და ირგვლივ მყოფთ საოცარ სინათლეს ჩუქნიდა. პოეტი, მხატვარი, კოლუმნისტი, მათემატიკოსი, დიპლომატი - ყოველმხრივ ნიჭიერი და მართლაც კოლორიტი ლელა ანჯაფარიძე 2019 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 58 წლის იყო...

ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Sputnik საქართველოსთან და ყოველ დილას თავისი საფირმო მისალმებით იწყებდა: ძალიან დილა მშვიდობისა! ასე აფერადებდა ის თავისი ვირტუალური აივნიდან თითოეული მკითხველის დღეს და უზომო სითბოთი ავსებდა მათ გულებს არაჩვეულებრივი ისტორიებითა და მოგონებებით.

ძალიან დილა მშვიდობისა!!!
არ შეგეშინდეთ, დღესაც გასვენებთ ჩვენს აივანზე ამოსვლისგან.

ყველაფერი მშვენივრად მესმის: ქალბატონების დალაგებები, მამაკაცების „პახმელიები“… ყველას დასვენება გვჭირდება. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ბედობაა, ამიტომაც, რაოდენ გადაღლილებიც უნდა იყოთ დაუსრულებელი სადღეგრძელობისგან, გახსოვდეთ, რომ დღეს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ და მიეფეროთ ერთმანეთს, იყოთ მიმტევებლები და ოპტიმისტურად გაატაროთ დღე. ამაში კი, პირველ რიგში, იუმორი დაგვეხმარება.

და რადგან დღეს ბედობაა, განსაკუთრებით აქტუალურია ელდარ რიაზანოვის შესანიშნავი, კეთილი და ხალისიანი ფილმი „ბედის ირონია“, რომელსაც საახალწლო დღეებში ხშირად ვიხსენებთ. ფილმში აღწერილი ისტორია ხომ, ერთი შეხედვით, ზღაპარს ჩამოჰგავს და თითქოს წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება რეალურ ცხოვრებაში მოხდეს. მაგრამ მე დაგიმტკიცებთ, რომ ის ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან, უბრალოდ, ცოტა უტრირებულია.


ჩვენს ოჯახს ჰყავდა შესანიშნავი მეგობარი კუკური კალმახელიძე, რომელიც ლიკანის კომპოზიტორთა სახლის დირექტორი იყო. ის ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან სტუმრად და მისი ჩამოსვლა მართლა რაღაც განუმეორებელი ხალისით ავსებდა მთელ სახლს.
ბებია დარბოდა სამზარეულოდან „ზალაში“, სუფრა რომ გაეწყო, მე კიდევ პირდაღებული ვუსმენდი კუკურის საოცარ ამბებს.

ერთხელაც კუკურიმ ჩემი ბიძია ზურიკო დაპატიჟა ბორჯომში, სადაც ჰქონდა ერთოთახიანი დაკეტილი ბინა. ბოლო მომენტში რაღაცა პრობლემა შექმნია და ზურიკოს წინა ღამით დაურეკა, მე ცოტა ხნით ქალაქიდან გავდივარ, გასაღებს დავტოვებ კარის წინ, ნოხის ქვეშ, შენ შედი, მოისვენე და მეც მალე მოვალო. ზუსტი მისამართიც ჩააწერინა.
ჩავიდა ზურიკო ბორჯომში. ძალიან ადვილად იპოვნა ბინა, ნოხის ქვეშ გასაღებიც მონახა, გააღო კარი და…

როგორც მერე იხსენებდა, ცოტა გაუკვირვებია ბინის ატმოსფეროს: რაღაც ძალიან ბევრი პატარ-პატარა ქანდაკებით ყოფილა მორთული კარადების თაროები და როიალი, რომელზეც შვიდი სპილოც კი ყოფილა ჩამწკრივებული ჯარისკაცებივით, და ზედმეტად ბევრი ამოქარგული გადასაფარებელიც ელაგა.

კუკურის ვინც იცნობს, იოლად მიხვდება, რამაც გააკვირვა ზურიკო. მაგრამ უფიქრია, რას იზამ, ეტყობა, ამ მოქეიფე კაცს საკუთარი პირადი სამყარო ასეთი აქვს და არ გვიმხელსო.

შევიდა ზურიკო აბაზანაში, გამოვიდა და ჩაგორდა უზარმაზარ საწოლში. აქ კიდევ ერთხელ გაუკვირვებია ქვეშაგების ნამეტან „ყვავილიანობასა“ და „კრუჟავოებიანობას“…

ზურიკოს გაღვიძებია იმისგან, რომ თავზე ედგა საკმაოდ ტანმოსული ქალბატონი (რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, იყო შინაბერა) და ცივი ხმით კიოდა. ცოტა ხანში მილიციაც მოვიდა, ამ ქალბატონის მიერ გამოძახებული. თურმე, ზურიკოს სახლიც შეშლია, კარიც შეშლია და ბორჯომის ერთ-ერთ ყველაზე წესიერ, გასათხოვარ ქალბატონს „შეჭრია“ შინ!

ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა იმას, საკუთარ საძინებელში, საკუთარ საწოლში 130 კილოგრამიან ზურიკოს რომ დაინახავდა, რომელიც გემრიელად ხვრინავდა?!
კიდევ კარგი, ბოლოს შოკში ჩავარდნილ ქალბატონს ზურიკო უცვნია.
ამასობაში კუკურისაც გაუგია ეს ამბავი და მივარდნილა „შემთხვევის ადგილზე“.
სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ ის ქალბატონი და ზურიკო დამეგობრდნენ, კუკური კი კიდევ დიდხანს იყო გაბრაზებული ზურიკოზე, ეს სპილოებიანი და გაპრანჭული ბინა ჩემი როგორ გეგონაო.

ასე რომ, კინო ხშირად ჰგავს ცხოვრებას, ცხოვრება კი — ზღაპარს. მთავარია, ჩვენ მოვინდომოთ და ვეცადოთ.

ვაგრძელებ ე.წ. „ბედობის“ თემას.
ვისაც გახსოვთ ბატონი გურამ პატარაიას შესანიშნავი ფილმი „კუჩხი ბედინერი“ მიხვდებით, რატომ გავუწყალე გული ჩემს შესანიშნავ ძაღლ ლაბრადორ ბოსარიონოვიჩს და უკვე მე-10 წელია, ახალი წლის შემდეგ, რატომ ვაგდებ ეზოში გირლიანდებშებმულს და მერე რატომ შემომყავს უკან მეკვლედ. არადა, საშინლად არ უყვარს ეს პროცესი.

ამ დროს მასაც, როგორც ოჯახის დანარჩენ წევრებს, თავის თეფშზე ვულაგებ ლამაზად გაწყობილ საახალწლო ასორტის, რომლის ერთ წამში გადასანსლის შემდეგ, უახლოვდება ჩვენს სუფრას და იმისთანა თვალებით გვიყურებს, რომ ნამდვილი ფაშისტი უნდა იყო, რომ რამე არ აჭამო. ყველაფერში განუმეორებელია ლაბრადორ ბოსარიონოვიჩი ერთის გარდა — ნამეტანი უყვარს ჭამა…

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი