logo_geo
„ნიკა გვარამიას ბიოგრაფიისა და „რუსთავი 2“- ის ისტორიის გამოა, რომ არსად ჩანს ჟურნალისტური თანადგომა“
- +

7 მარტი. 2017. 12:31



გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რუსთავი 2"- ის საქმეზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, ყველა პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მსოფლიო ელიტის განხილვის თემა გახდეს. არეშიძე მედიის შეურაცხყოფად მიიჩნევს ნიკა გვარამიას განცხადებებს, რომელიც „რუსთავი 2"- ს თავისუფალი სიტყვის ერთადერთ ორგანოს უწოდებს.


„მედიასთან დაკავშირებული საკითხები დასავლეთში განსაკუთრებულად სენსიტიურად აღიქმება. რატომღაც წარმოგვიდგენია, რომ დედამიწის ჭიპი ვართ და ყველა პროცესი, რაც ჩვენში მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა იქცეს მსოფლიო პოლიტიკურ ელიტის განხილვის თემად.

 

ძალიან ბევრი, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბავი ხდება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსთან კავშირშიც. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის აუზში ნატო-ს საზღვაო ძალების განლაგება, მათ შორის, ფოთის აკვატორიაში. შესაბამისად, „რუსთავი 2" -ის გამო ასეთი ამბავი ნამდვილად არ ატყდებოდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის"  ძალიან კარგი მუშაობა დასავლეთში, სადაც კარგ კონტაქტებს დღემდე ინარჩუნებენ და ასე ახერხებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული სტრუქტურები მუდმივად იყვნენ ყურადღების ცენტრში. ასეთი სტრუქტურაა „რუსთავი 2"-იც, რომელიც პარტიულ ტელევიზიას წარმოადგენს.

 

როცა ნიკა გვარამია სიტყვის თავისუფლებაზე საუბროს, ბრაზი გერევა ადამიანს, რადგან გახსენდება, სად იყო „იმედის" დარბევისას და საერთოდ, რა ხდებოდა, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და იგივე არ უნდა გაიმეოროს სხვა ხელისუფლებამ. ხალხს მობეზრდა გაუთავებელი დაპირისპირებები, ქაოსი, შიში, მიტინგები...

 

სხვათა შორის, ნიკა გვარამიას  ბიოგრაფიისა და „რუსთავი 2"- ის ისტორიის გამოა, რომ არსად ჩანს ჟურნალისტური თანადგომა.

 

ძალიან საწყენია, როცა გვარამია გამოდის და გაუთავებლად გაიძახის, თავისუფალი სიტყვის  ერთადერთი ორგანო „რუსთავი 2"- იაო, თან იმ დროს, როდესაც ეს პარტიული ტელევიზიაა. ეს განცხადებები ორიენტირებულია მხოლოდ მხარდამჭერებსა და დასავლეთზე, მთელ დანარჩენ მედიას კი შეურაცხყოფას აყენებს. აქვე ვიტყვი, რომ მთავრობისთვის აუცილებელია კრიტიკა, აუცილებელია ასეთი ტიპის ტელევიზიების არსებობა", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი