logo_geo
138 წლის სვანი, რომელიც 89 წლის ძმას მუხლზე ისვამდა და ჭყინტი ხარო, ეუბნებოდა
- +

20 იანვარი. 2020. 11:51

 

ამჟამად ნორმად მიიჩნევა, თუ ადამიანი 70-80 წელს მიაღწევს. 90 წელი უკვე ხანდაზმულ ასაკად ითვლება, მაგრამ საინტერესოა, რის საშუალებას აძლევს ადამიანს გენეტიკა?

 

ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ილია მეჩნიკოვი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის ბუნებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა 140-150 წელია.

 

ცნობილი ხანდაზმული ადამიანები - ინგლისელი თომას პარი (152 წლის) და თურქი ზარა აღა (156 წლის) ასაკის გამო კი არ გარდაიცვალნენ, არამედ დაავადებებით (პირველი პნევმონიით, მეორე კი პროსტატის დაავადებით).

 

შუა საუკუნეების ცნობილი ექიმი, პარაცელსუსი მიიჩნევდა, რომ ადამიანს შეუძლია, 600 წელი იცოცხლოს. ალბრეხტ ფონ გალერმა და კრისტოფ ვილჰელმ გუფელანტმა (XVIII ს-ის მეცნიერები) 200 წელი ადამიანის ცხოვრების ზღვრად მიიჩნიეს.

 

თუმცა, ზემოთ ხსენებული მეცნიერების მოსაზრებები თეორიულია და სინამდვილეში როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი დედამიწაზე?  

 

ლი ცინიუნი დაიბადა 1677 წელს, სიჩუანის პროვინციაში. მან თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სიჩუანის მთებში გაატარა. 1748 წელს, როდესაც ლი ცინიუნი 71 წლის იყო, ჩინეთის არმიაში საბრძოლო ხელოვნების მასწავლებლად და სამხედრო მრჩეველად დაიწყო მუშაობა.

 

 ფოტოზე: ლი ცინიუნი, რომელიც დაახლოებით 200 წლისაა

 

1927 წელს, ლი ცინიუნი სიჩუანის გუბერნატორთან, გენერალ იანგ სენთან მიიწვიეს.

 

გენერალი აღფრთოვანებული იყო ლის ახალგაზრდობით, ძალითა და უნარით. არსებობს ლეგენდა, რომ ლიმ სიკვდილამდე მეგობრებს უთხრა: „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც ამ სამყაროში უნდა გამეკეთებინა. სახლში მივდივარ“ და ამის შემდეგ სუნთქვა შეაჩერა. როგორც ამბობენ, ის გარდაცვალების მომენტში 250 წელზე მეტის ხნის იყო.

 

ლის გარდაცვალების შემდეგ, გენერალმა იანგ სენმა გადაწყვიტა, გაერკვია სიმართლე მისი ცხოვრებისა და ასაკის შესახებ. 1933 წელს გამოჰკითხეს ლის ნათესავები და შვილები. ზოგმა თქვა, რომ ის ყოველთვის მოხუცი იყო, რაც თავი ახსოვთ, ზოგმა კი თქვა, რომ იგი მის ბაბუასთან მეგობრობდა.

 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხანდაზმული ადამიანები:

 

 ზოლტან პეტრიჯი (უნგრეთი) - 186 წლის.

 

პიტერ ზორტაი (უნგრეთი) - 185 წლის (1539-1724).

 

კანტიგერნი - გლაზგოს სააბატოს დამფუძნებელი. ცნობილია, როგორც წმინდა მუნგო იცოცხლა 185 წელი.

 

ტენსე აბზივე (ოსეთი) - 180 წელი.

 

ჰადიდი (ალბანეთი) - 170 წელი. მისმა შთამომავლობამ 200 კაცს მიაღწია.

 

ხანჯერი ნინი (თურქეთი) - მან იცოცხლა 169 წელი და გარდაიცვალა 1964 წელს.

 

საიად აბდულ მაბუდი (პაკისტანი) - 159 წელი.

 

საბჭოთა კავშირის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მაჰმუდ ბაგირ ოღლუ აივაზოვი გახლდათ. მან 151 წელი იცოცხლა (1808-1959). მის პატივსაცემად მარკაც კი გამოუშვეს.

 

 

კოლუმბიელმა ხავიერ პერეირამ 169 წელი იცოცხლა.

 

ჟან ტერელი შეუერთდა საფრანგეთის არმიას XVII საუკუნეში, ხოლო XIX-ში პენსიაზე გავიდა.

 

დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, რომ ის ჯარში სამი საუკუნის განმავლობაში მსახურობდა.

 

ჟან ტერელი დაიბადა დიჟონში 1684 წელს, შეუერთდა ჯარს თექვსმეტი წლისა, 1699 წელს.  მონაწილეობდა ასზე მეტ ბრძოლაში. 1777 წელს, როდესაც ის 93 წლის იყო, მეფე ლუი XIV-მ ხანდაზმულ ჯარისკაცს კაპიტნის წოდება მიანიჭა.

 

1802 წელს (ტერელი უკვე 118 წლის იყო) ნაპოლეონმა შეიტყო მის შესახებ. ვეტერანის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპატიო პენსიაზე გასვლის გამო გაათავისუფლა და დაუნიშნა წლიური პენსია, 1.500 ფრანკი. ჟან ტერელი გარდაიცვალა 1807 წელს, 124 წლისა.

 

საინტერესო შემთხვევაა აღწერილი ინგლისელი ისტორიკოსების მიერ:

 

1635 წელს ფერმერი თომას პარი ჩამოვიდა პროვინციიდან ლონდონში, რათა მეფე ჩარლზისთვის ეცნობებინა თავისი ასაკის შესახებ. პარი აცხადებდა, რომ იგი ცხრა მეფეს მოესწრო და 152 წლის იყო. მეფემ მოაწყო ბრწყინვალე დღესასწაული, რის შემდეგაც თომას პარლი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

მისი გვამი გაკვეთა ცნობილმა ინგლისელმა ექიმმა, უილიამ ჰარვიმ, რომელის სისხლის მიმოქცევის აღმომჩენია. მისი თქმით, პარი გარდაიცვალა პნევმონიით, მაგრამ, ლეგენდის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი წვეულებაზე უხვი საკვების მიღება იყო. პარი პატივით დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში.

 

1654 წელს, კარდინალმა დარამგენაკმა, ქუჩაში სეირნობისას, შენიშნა მომტირალი 80 წლის კაცი. როდესაც კარდინალმა ჰკითხა, ვინ აწყენინა, მოხუცმა უპასუხა, რომ მამამ სცემა. კარდინალმა გადაწყვიტა, ენახა სასტიკი მამა. ის 113 წლის მოხუცი აღმოჩნდა. - რატომ სცემე შვილსო? - კარდინალმა ჰკითხა. - ბაბუის მიმართ უპატივცემულობის გამოო. აღმოჩნდა, რომ ბაბუა 143 წლის ოყო.

 

ხანდაზმულობის საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუცნობია და საქართველოშიც გვყოლია საუკუნე-ნახევარს მიღწეული ადამიანები, რომელთა შესახებაც მათი შთამომავლები გვიყვებიან.

 

უმარ ჩხვიმიანმა 147 წელი იცოცხლა! მას პირველ ცოლთან 10 შვილი ჰყავდა (5 ვაჟი და 5 ქალიშვილი). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 80 წლისა კვლავ დაქორწინდა და კიდევ 10 შვილი შეეძინა (5 ვაჟი და 5 ქალიშვილი). დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც ახსოვთ, რომ ის ნამდვილად 147 წლისა გარდაიცვალა. ის ფარის თემში ცხოვრობდა. ხანდაზმული უმარი თავისით ადიოდა დილით წყაროზე, წელს ზევით გაიხდიდა და იბანდა. ბოლო ერთი კვირა იავადმყოფა გარდაცვალებამდე. უმარს ბაბა ბევასაც ეძახდნენ. წიგნშიც არის შესული პატარა მოთხრობები ბაბა ბევაზე.

 

123 წლისა გარდაიცვალა დავით მარგიანი.

 

დამსახურებული პედაგოგი, რიდა ჯამდელიანი 104 წლისა, 2019 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

ირინაი ნარსავიძე-ხორგუანი წელს 105 წლის გახდა და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

 

117 წლისა გარდაიცვალა ალექსი კვანჭიანი.

 

შავხან ფარჯიანმა 138 წელი იცოცხლა.

 

მესე დადეშქელიანი 108 წლის, შარშან გარდაიცვალა. კბილის სახეხად იყენებდა მხოლოდ სიმინდის გულის ნახშირს, ჰქონდა საკმაოდ ჯანსაღი კბილები და მიირთმევდა მხოლოდ გახუხულ პურს. წვავდა სიმინდის გულს და ნახშირს ინახავდა. მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მხოლოდ ნატურალური საკვები მოეხმარა, ოჯახში მოყვანილი და მოწეული. ძირითადად მაწონსა და კენკროვანისა და ბალახეულის ჩაის მიირთმევდა, რომელიც თვითონ მოჰქონდა ტყიდან. ასევე, არ მიირთმევდა შემწვარ საკვებს.

 

137 წლისა გარდაიცვალა ჟორჟლან ჟორჟოლიანი. ეს მოხდა მისი საიუბილეო სუფრის დასასრულს. ამ დროისათვის მისი სამი ძმის ასაკი იყო 109, 100 და 86 წელი. თურმე უმცროს ძმას მოიხმობდა, მუხლზე დაიბრძანებდა და ხუმრობით ეტყოდა, - ჭყინტი ხარ და ცხოვრება ჯერ არ გინახავსო... ბოლომდე მძლავრი და მხნე იყო, გოლიათი ჟორჟლანი. სუფრის დასასრულ განმარტოვდა დარბაზში და უთქვამს, არ შემაწუხოთ და რომ მოვკვდები, არ დამიტიროთო. მალევე მოკითხვა ვერ შებედეს და როცა შევიდნენ მის მოსასვენებელში, საკარცხულში ღირსეულად იჯდა გარდაცვლილი, სამხედროდ აღჭურვილ-აღკაზმული.

 

მუშნი სუბელიანი 102 წლის არის და შესანიშნავად გრძნობს თავს.

 

დიმიტრი იოსელიანი გარდაიცვალა 115 წლის, ნესტორ ქალდანი - 105 წლის.

 

105 წლის გარდაიცვალა დიმიტრი იოსელიანი და გასვენების დღეს 105 სანთელი დაუნთიათ მიცვალებულის ირგვლივ.

 

სუთა აფრასიძე 105 წლისა გარდაიცვალა, მისი ტყუპისცალი, სათა აფრასიძე კი 106 წლისა.

 

სუმა ჭკადუა გარდაიცვალა 112 წლის. არც ერთი კბილი არ აკლდა, არც ავად გამხდარა არასდროს... უბრალოდ, თავი სუსტად იგრძნო, სანთელი აანთებინა და იმ სანთელთან ერთად, მშვიდად მიიცვალა.

 

120 წელი იცოცხლა საბა გიგანმა.

 

ცოლ-ქმარმა, გაუ და ქერქილ ჭკადუებმა 124 და 114 წელი იცოცხლეს.

 

120 წელი იცოცხლა მაჰარბი არღვლიანმა, კოდორის ხეობიდან.

 

ჯარგულდ შამფრიანი 125 წლისა გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე, ტერეზია ვიბლიანი - 128 წლისა.

 

106 წლისაა უმფრიანი ნადია და ყოველ ზაფხულს საქონელი მიჰყავს მთაში და თვითონ ხდის ანწლის არაყს.

 

რადიმხან გუგუსიანმა 106 წელი იცოცხლა და 2014-ში გარდაიცვალა.

 

სამსონ (სასო) გელოვანი 117 წლისა გარდაიცვალა.

 

გაბრიელ ზურაბიანმა 115 წელი იცოცხლა.

 

ფოტოზე: გაბრიელ ზურაბიანი

 

 

ლაზარე მუკბანიანმა იცოცხლა 115 წელი და ასევე, მისმა მეუღლემ, მაკრინე ფირცხელიანმა  115 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა სიმღერით ანუ შვილთაშვილს უმღეროდა.

 

სუმა ჭკადუა 115 წლის ყოფილა, შეშის ჩეხვისას გარდაცვლილა. ჯირკზე ჩამომჯდარი უნახავთ, გარდაცვლილი.

 

საია ონიანმა 125 წელი იცოცხლა და ნემსში ძაფს თავისით უყრიდა, ყოველთვის...

 

თებუ მჭედლიანმა 127 წელი იცოცხლა.

 

ცნობილი გრიშა ონიანის მამა გარდაიცვალა 105 წლის. 100 წლის იუბილეზე თავად ითამადა, ლექსები წაიკითხა სუფრასთან, იყო კარგი გარეგნობის, დაუმჭკნარი კაცი. ეცვა შავი, პრიალა ჩექმა, ზემოდან ხალათი, ბოლო ღილამდე შეკრული. მეტყველებდა გამართულად და სულ ვერცხლის ქამარ-ხანჯალს ატარებდა.

 

დავით მომის ძე ჩეგიანმა სოფელ ხალდედან, 105 წლისამ შეკრიბა შთამომავლება. მათი თამადა თვითონ ყოფილა. ჯალაბი 105 წევრისაგან შედგებოდა თურმე.

 

მუშნი სუბელიანი 102 წლისაა და ბევრ ახალგაზრდას ჯობნის.

 

მაილ ხერგიანმა 105 წელი იცოცხლა. ფეხი მოიტეხა, ჩაწვა და ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ბოლო წუთამდე ქსოვდა და კერავდა.

 

გოგუცა პირველმა 107 წელი იცოცხლა, მულახში.

 

ლაზარე მუკბანიანმა 116 წელი იცოცხლა, ლენტეხში, სოფელ ჭველიერში.

 

ქემუზა ხორგუანი პროფესორ ასლანიშვილის წიგნში მოხსენიებულია როგორც ყველაზე ასაკოვანი სვანი. ფოტოც არის დართული. მან 126 წელი იცოცხლა.

 

ბესი ლიპარტელიანი ჩოლურიდან, 115 წელი.

 

ზემოთ ჩამოთვლითა გარდა, სვანეთში უამრავი ადამიანია კიდევ, ვინც საუკუნეს მიაღწია და ისე გარდაიცვალა.

 

ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი აფხაზეთში ცხოვრობს. 100 წელს გადაცილებულ მოხუცთა პროცენტული წილი საკმაოდ მაღალია და 3%-ს შეადგენს.

 

სტატიაში მოყვანილი ხანდაზმულთა ისტორიები შთამომავალთა მონათხრობებს ეყრდნობა.

 

 ფოტოზე: 147 წლის აფხაზი მამაკაცი

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი