logo_geo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო!
- +

7 მარტი. 2017. 22:54



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესი იყო დავა კერძო სუბიექტებს შორის, რაშიც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია.

 

„კონტექსტი არის შეცვლილი მას შემდეგ, რაც საქმემ გადაინაცვლა სტრასბურგის სასამართლოში. დღემდე საქმეს ერქვა ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ. დღეს უკვე საქმეს ჰქვია "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ პასუხისმგებელი საქართველოს ინტერესების დაცვაზე და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი ინსტიტუციების, მათ შორის საერთო სასამართლოების პრესტიჟი. ეს არის დაპირისპირება "რუსთავი 2"-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "რუსთავი 2"-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვა გამარჯვებული.

 

ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო „რუსთავი 2"-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არავითარი, მათ შორის არც პოლიტიკური ინტერესი ამ საქმის მიმართ. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას. საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა არასწორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ არასწორად თქვით შესავალ სიტყვაში, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესების განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი