logo_geo
„მხოლოდ მარგველაშვილის, მისი ადმინისტრაციისა და „ნაცმოძრაობის” მხრიდან გახდა ჩემი განცხადება სპეკულაციების საგანი“
- +

7 მარტი. 2017. 23:39



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის, მისი ადმინისტრაციისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან გახდა მისი განცხადება სპეკულაციების საგანი, ყველა დანარჩენი მიხვდა, რას გულისხმობდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა 5 მარტს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ "თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ".


„საკონსტიტუციო კომისიაში განვიხილეთ პრეზიდენტის არჩევის წესი. განიხილებოდა არაპირდაპირ წესზე გადასვლა, ოღონდ არა შემდეგ, არამედ იმის შემდეგ არჩევნებზე. პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევის წესიც არის ერთნაირად დემოკრატიული და ერთნაირად მოქმედებს დემოკრატიულ ქვეყნებში. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გრძელვადიანი ხედვა გვაქვს კონსტიტუციასთან დაკავშირებული, კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე და არ უნდა იყოს კონკრეტულ სუბიექტებზე მორგებული. თუმცა კომისიაზე გაჟღერდა ასეთი პოზიცია - ვინმემ რომ არ ჩათვალოს, რომ ამ შემთხვევაში ეს ცვლილება ემსახურება პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლების არ მინიჭებას, რომ კენჭი იყაროს შემდეგ არჩევნებში, ხომ არ გაგვეკეთებინა ასეთი რამ: ჯერ ჩავატაროთ პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. შემოვიდა პერსონალური ფაქტორი მსჯელობაში. პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არავის ჰქონოდა იმის თქმის საფუძველი, რომ რამე კეთდება მოქმედი პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, ჩვენ შევთავაზეთ კომისიას ასეთი რამ: კი გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ გადავდივართ ამ სისტემაზე თავისი არაპირდაპირი არჩევნებით, თუმცა ვიზიარებთ კომისიის წევრთა შესაბამის მოსაზრებას და აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება. დიპლომატებთანაც გვქონდა შეხვედრა და იქაც გაჟღერდა ასეთი რამ, რომ გრძელვადიანი ხედვა კარგია, მაგრამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით იქნებ 2018 წელს ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები. ეს გავითვალისწინეთ. ამოცანა აქ არის, რომ სპეკულირება არ უნდა გაგრძელდეს ამ თემებზე. ჩემი განცხადება ეხებოდა იმას, რომ თუ სპეკულირება მაინც უნდა გაგრძელდეს, თუ ჩვენ კორექტულ მიდგომას არაკორექტული მიდგომა უნდა დახვდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე უკეთ ემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესებს. ძალიან მკაფიოდ ითქვა ეს ჩემი მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, პრეზიდენტი აკეთებს არაკორექტულ განცხადებებს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.


„მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის, მისი ადმინისტრაციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან გახდა ეს განცხადება სპეკულაციების საგანი. სხვას სპეკულირება ამ თემაზე არ დაუწყია. მხოლოდ მათი მხრიდან იყო სპეკულაციების საგანი. ყველა დანარჩენი მიხვდა რა იგულისხმებოდა ჩემს განცხადებაში. პრეზიდენტი აკეთებს არაკორექტულ განცხადებებს, ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და საქმე გვაქვს სრულიად ცალსახა სპეკულირებასთან", - აღნიშნა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი