logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ჩანაწერები არ მომისმენია, მაგრამ სინოდის წევრთაგან ინფორმაციამ გამოჟონა...
- +

8 მარტი. 2017. 11:27



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ე.წ. „ციანიდის საქმეზე" საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიებას ყველანაირი მტკიცებულება ხელთ აქვს. მისი თქმით, ჩანაწერებში მამალაძე პატრიარქის დამკრძალავ კომისიაზე საუბრობს.


„ჩემი ინფორმაციით, გამოძიებას ხელთ აქვს ყველანაირი მტიცებულება და ჩანაწერები, სადაც დეკანოზი მამალაძე პატრიარქის დამკრძალავ კომისიაზეც კი საუბრობს, ანუ იმ დონემდე იყვნენ როლებში შეჭრილები, პატრიარქს რომ მოკლავდნენ, ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ და დამკრძალავ კომისიაში ვინ შეეყვანათ, იმაზე თათბირობდნენ! როგორც მითხრეს, ჩანაწერებში ამაზეც ყოფილა საუბარი - პატრიარქს არ გაკვეთავენ და ამდენად, თუ მოვწამლავთ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობსო! ცხადია, ეს ჩანაწერები არ მომისმენია, მაგრამ სინოდის წევრთაგან, ვინც მასალებს გაეცნო, ინფორმაციამ გამოჟონა... საპატრიარქომ დამნაშავეებს ხელი არავითარ შემთხვევაშო არ უნდა დააფაროს!

 

ისეთი უხერხული სიტუაციაა, შესაძლოა, ციხეში პატრიარქთან ძალიან დაახლოებული პირები აღმოჩნდნენ! მაგრამ საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდ უბედურებას სწორედ მეფესთან და პატრიარქთან დაახლოებული პირები სჩადიოდნენ! ფაქტი ერთია - „ციანიდის საქმეში" ჩართულია მაღალი სასულიერო იერარქები და გამორიცხული არ არის, კვალი მეუფეებამდე მივიდეს! დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ! ერთი რამ ცხადია - დეკანოზი მამალაძე არის მეუფე დიმიტრის კადრი, მისი აღზევება მოხდა მეუფე დიმიტრის მიერ, ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მეუფე დიმიტრიმ გადასცა, ხოლო ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძეა. არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანთს!

 

არავის დაავიწყდეს, რომ დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, დაწყებულია რუის-ურბნისის კრება! „ციანიდის საქმეს" შესაძლოა, იგივე შედეგი მოჰყვეს, რა შედეგიც რუის-ურბნისის კრებას მოჰყვა და ძალიან ბევრი სასულიერო პირის თავები დაგორდეს!

 

გვახსოვდეს, რომ მღვდლები და სასულიერო პირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან... თორმეტ მოციქულში ერთი იუდა გამოერია და ნუ გაგვიკვირდება, თუ 8 ათას სასულიერო პირში რამდენიმე ათეული გამყიდველი, მოღალატე და ეკლესიის მტერი იქნება! მეუფე პეტრე, როცა შორენაზე საუბრობს და მას ათასგვარ სისაძაგლეს აბრალებს, როგორ ფიქრობთ, ამით პატრიარქს არ შეურაცხყოფს? რომ არა პატრიარქი, შორენა იქ ვერ იქნებოდა და ეს მეუფე პეტრემ არ იცის? რატომ დაიწყებდა შორენა პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებას? იმ ტოტს მოჭრიდა, რომელზეც ზის? ამდენად, რასაც ამ ქალბატონზე ამბობენ, ეს არის ბლეფი და მეტი არაფერი", - განაცხადა მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი