logo_geo
გოგა ხაინდრავა: აფხაზეთში უამრავი კაცის ოცნებების სასაფლაო დავტოვეთ
- +

31 იანვარი. 2020. 18:46

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა იხსენებს, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთის ომში. რეჟისორი აცხადებს, რომ პირველად ქართველ-აფხაზთა შერიგებაზე მუშაობა საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სთხოვა, შემდეგ - ზურაბ ჟვანიამ.

 

„აფხაზეთში გავიზარდე და ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს. ამიტომ აფხაზეთის ომი ჩემთვის ტრაგედია იყო. ოჯახში ძმები რომ  იჩხუბებენ  და მესამე ძმა შუაში ჩადგება, ამ განწყობით წავედი ომში. როდესაც შემომთავაზეს, უარი ვერ ვთქვი. ეს იყო შევარდნაძის იდეა. ასე აღმოვჩნდი იქ. მეორედაც ზურაბ ჟვანიასგან წამოვიდა წინადადება, რომ კონფლიქტებისთვის მიმეხედა. განწყობაც ასეთი იყო. ზურა გონიერი კაცი იყო. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, წინ იყურებოდა და ამან განაპირობა, თორემ არასოდეს მიფიქრია“, -  განაცხადა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ განაცხადა.

 

რეჟისორი იხსენებს, რომ აფხაზეთში „იმ სიგიჟის დამთავრება“ მის ძალებს აღემატებოდა, ამიტომ რაც შეეძლო გაეკეთებინა, ფილმის გადაღება იყო. გოგა ხაინდრავა იგონებს, რომ გადაღებებისას ერთი ბიჭი მოუკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს.

 

„იქ არ ჩავსულვართ საომრად.  აქ ვთქვი კიდევაც, რომ მე იქ ჩავიდოდი იმისთვის, რომ ის სიგიჟე დამემთავრებინა. როდესაც მივხვდი, რომ იქ ვერ გავაჩერებდი ამ სიგიჟეს, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ფილმი იყო. ფილმის გადაღება შემეძლო და ვიღებდი პირდაპირ ომში.  გადაღების დროს ერთი ბიჭი მოგვიკლეს, რამდენიმე დაგვიჭრეს. იყო შემთხვევები, როდესაც გადაღებების დროს სროლა ატყდებოდა და მთელი ჯგუფი წვებოდა. შედეგად მივიღეთ საინტერესო სურათი. როდესაც ფილმი აეწყო, შევხედე  და მივხვდი, რომ იქ უამრავი ახლგაზრდა კაცის ოცნებების სასაფლაო დავტოვეთ. მივხვდი, რომ ისინი აღარ არიან, მაგრამ მათი ოცნებები ცოცხალია და ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, მათი ოცნება ავასრულოთ. ჩვენ შეგვიძლია, იმ ბიჭებს, ვინც დღეს ცოცხლები აღარ არიან, ოცნება ავუსრულოთ - მშვიდობის, ერთობის, სახლში დაბრუნების, მათი შვილების ბედნიერების, ოჯახების. ეს  ჩვენს ხელთ არის. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამიტომ ჰქვია ამ ფილმს „ოცნებების სასაფლაო“. სასაფლაო ბიჭების არის, მაგრამ ოცნებები ცოცხალია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

big_banner
არქივი