რუსთაველის თეატრის მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს არაერთ ფილმსა თუ სპექტაკლში მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი დუბლიორის გარეშე კი ერთი და იგივე როლი 650-ჯერ ითამაშა. დამსახურებულმა მსახიობმა, ცოტა ხნის წინ, წიგნიც გამოსცა სახელწოდებით „ესა ვარ, რაცა ვარ!" ამ ყველაფრის შესახებ მსახიობმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
„ამ წიგნში თავი მთელ ჩემს ცხოვრებას მოვუყარე. რუსთაველის თეატრის მსახიობებში ერთადერთი ვარ, ვისაც „კავკასიური ცარცის წრის" 650 სპექტაკლი ისე მაქვს ნათამაშები, დუბლიორი არ დამჭირვებია. ამ დროს კი, წარმოდგენაში რკინის ცხენი რომ იყო, სამჯერ გამოცვალეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რუსთაველის თეატრში 1956 წელს მოვედი და მას შემდეგ სულ ვთამაშობ", - აღნიშნავს ღაღანიძე.
მსახიობი სპექტაკლ „ჯამბაზებზე" საუბრობს და ამბობს, რომ მასში ყველაზე კარგად ჩანს, თუ როგორ წავიდა ცხოვრება.
„ძალიან მიყვარს „ჯამბაზები". მეუბნებოდნენ, მოხუცს რა კარგად თამაშობო. კი არ ვთამაშობდი, ჩემს თავს წარმოვადგენდი. ამ სპექტაკლში კარგად ჩანდა, როგორ წავიდა ცხოვრება", - საუბრობს მსახიობი.
მას გული წყდება ადამიანური ურთიერთობების გაუფასურებაზე. თვითონ კი, ყოველთვის ცდილობს, არავის ატკინოს გული.
„რაზე მწყდება, იცით, გული? ადამიანური ნდობა აღარ არსებობს. ხანდახან თამადა ვარ და მიყვარს ერთგულების სადღეგრძელოს დალევა, რადგანაც დღეს საზოგადოებაში ნდობის დეფიციტია. ურთიერთობები მოიშალა და აღდგენაზე არავინ ფიქრობს.
მიყვარს ადამიანები და ჩემი საქმე, ვცდილობ, გული არავის ვატკინო. ჩემი საქმე ჩემი პოლიტიკაა. ისეთ თეატრში ვმუშაობ, ნებისმიერი მთავრობის დროს ოპოზიციაშია. ხელოვნებაც ეგაა... რაც შემეხება მე, ესა ვარ, რაცა ვარ!" - დასძინა ჯემალ ღაღანიძემ.