logo_geo
სოზარ სუბარი: დაიწყება ახალი მშენებლობები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში
- +

11 მარტი. 2017. 11:16




დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 2017-18 წლების სტრატეგია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ნაკლები რაოდენობის საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია მოხდება, სამაგიეროდ ახალი ბინების მშენებლობები დაიწყება.  ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „საქმიან დილასთან" ისაუბრა.





„პრაქტიკულად ძირითადი მიმართულებები იგივე რჩება და გრძელდება, თუმცა ვაპირებთ, რომ რეაბილიტაციები მნიშვნელოვნად შევამციროთ, რადგან რეაბილიტაცია გულისხმობს იმ ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული ობიექტების გაკეთებას საცხოვრებლად, რომლებსაც ამორტიზების ვადაც გასული აქვთ და რაც უნდა გააკეთო, ის მაინც ვერ მოდის ახალაშენებულ შენობასთან ხარისხით, როდესაც თანხა ხშირ შემთხვევაში იგივე იხარჯება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი რამდენიმე მიმართულებით ავიღოთ, რაც აქამდე იყო.

 

ეს არის ახალი მშენებლობები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ეს არის „სოფლის სახლის"  პროგრამა, რომელიც ძალიან კარგი პროექტია და კარგად მუშაობს და ვაპირებთ, რომ ამ თემაზე 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 34-35 მილიონი დაიხარჯოს, მაშინ, როდესაც გასული 3 წლის განმავლობაში 21 მილიონი დაიხარჯა.

 

ასევე ვფიქრობთ, რომ მესამე პროგრამაც ძალიან კარგად მუშაობს, ეს იპოთეკური სესხების პროგრამაა, რომელიც ჩვენ იმ ოჯახებს ვეხმარებით, ვინც იპოთეკით შეიძინა სახლი. ჩვენ მათ დაახლოებით 20 ათასი ლარის ფარგლებში ვუწევთ დახმარებას.

 

არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თითქოს აქამდე რაღაც ცუდს ვაკეთებდით და ახლა უკეთესს ვაკეთებთ.  ეს რეაბილიტაციები აქამდე საკმაოდ ეფექტური იმიტომ იყო, რომ ხშირად რეაბილიტაცია იმ შენობებს უკეთდებოდა, სადაც თვითონ დევნილები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამის გარდა, სახელმწიფო ცარიელ შენობებს იღებდა და რეაბილიტაციას უკეთებდა.  იყო 40-50 წლის შენობები, რომლებსაც გამაგრება სჭირდებოდა, ამის შემდეგ სახურავის გამოცვლა, მთლიანად შიდა ტიხრების მოხსნა, კანალიზაციის, წყლის, ბუნებრივი აირის შეყვანა და. ა.შ. ეს ყველაფერი დაახლოებით იგივე ფასი ჯდება, რაც ახალი მშენებლობა.

 

ეს არის როგორც მშენებლობები, რომლებსაც სამინისტრო აწარმოებს, ისე გამოსყიდვები იმ კერძო მშენებლობებისგან , რომლებიც აშენებენ. მეორე პროგრამის უპირატესობა ისიც არის, რომ ამ შემთხვევაში ერთად ხდება განსახლება დევნილების და არადევნილების და ინტეგრაცია უფრო წინწასული პროცესია", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 


 

big_banner
არქივი