logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა!
- +

12 მარტი. 2017. 21:38



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისჯებიან ბათუმში მომხდარ ვანდალიზმში მონაწილე პირები. მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ არღვევდნენ კანონს, თუმცა მოწოდებას არ დაემორჩილნენ.


„თქვენ იცით, რომ მომიტინგეებს პრემიერ-მინისტრმაც მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენც მივმართეთ, რომ დაშლილიყვნენ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური შეღავათები გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოვლენები ასე არ განვითარებულიყო. მე დამიკავშირდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და მთხოვა დაკავებული პირების გათავისუფლება და მე ეს თხოვნა შევასრულე.

 

მიუხედავად ამისა მომიტინგეები არ წყვეტდნენ შტურმს პოლიციის შენობაზე და ჩვენ დილი 5 საათისკენ იძულებული გავხდით გადავსულიყავით ღონისძიებაზე.

 

მანამდე დაახლოებით 600 ადამიანამდე იყო შეკრებილი პოლიციის წინ. ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გაგვაჩნდა, რომ იქ ძირითადად იმყოფებოდნენ ცნობისმოყვარე ადამიანები და ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა ბათუმელები პოლიციის შენობის მიმდებარედ. ხოლო ის, ვინც აპროტესტებდა, დაახლოებით 100-150 ადამიანი იყო", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


შს მინისტრის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენების დროს სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ზედმეტია საუბარი. მისივე განცხადებით, საუბარი უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო.


„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა. მიმდინარეობს იდენტიფიცირება ამ პირების. თქვენ იცით, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 7 პიროვნება, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. დაკავებული 40 ადამიანიდან დანარჩენები გათავისუფლებული არიან ხელწერილით. მაგრამ მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარდგებიან. ჩვენ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ", -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

big_banner
არქივი