logo_geo
„გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში“
- +

14 მარტი. 2017. 11:16



განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „კვირის პალიტრასთან" „რუსთავი2"- ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2" ხელისუფლების დამარცხებულად წარმოჩენას ცდილობს.

 

„რუსთავი2"-ს სურს, ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ „რუსთავი2" არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განიხილებოდა.  დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან.

 

როდესაც სტრასბურგმა „რუსთავი2"-ის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხელისუფლებისთვის, როგორც მეორე მხარისთვის, არაფერი უკითხავს. ეს გასაგებიცაა - გადაწყვეტილება მოსამართლემ დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს „რუსთავი2" უკანასკნელი თავისუფალი  მედიასაშუალებაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთ. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა.

 

მოგეხსენებათ, სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით ათი წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო, რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს.

 

მთელ ამ პროცესში მთავარი მაინც ის არის, რომ სახელმწიფო დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას სწავლობს. მეორე მხრივ, უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში, რათა მათ არ დავემსგავსოთ. რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა არც კი განიხილება, სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იფიქროს.  ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია. პარალელურად, ყველამ იცის, რომ „რუსთავი2" თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა", - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი