logo_geo
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: მშობელი უნდა იყოს ბავშვის ემოციის კონტეინერი
- +

29 მარტი. 2020. 03:20

 

 

„ყველა ვართ უკვე დროის მონები, ეს დრო ძალიან სწრაფად გარბის და თითქოს ცხოვრება შენს მიღმა მიდის, მე ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, როგორც მატარებელში ჯდომისას, გარეთ გარბის თითქოს ყველაფერი და შენ გაქვს უძრაობის განცდა. დრო გარბის და შენ არანაირი ჩართულობა აღარ გაქვს შენივე ცხოვრებაში. თითქოს ყველაფერი უნდა მოასწრო. ცოტა ხანი რომ გაჩერდე, არაუშავს.. ცოტა ხანი გაჩერება უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ მოსმენა, ჩვენი თავისაც და სხვისიც. ბავშვობიდან შენ ამას გასწავლის მშობელი, რომელსაც არასდროს არ სცალია“, - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, თამარ ცაგარეიშვილის საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

 

 

„ემოციურად მიუწვდომელია მშობელი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ის არ არის მთავარი, რომ 24 საათი იყოს ჩემ გვერდზე, შეიძლება, ნახევარი საათი იყოს, მაგრამ იყოს ემოციურად მისაწვდომი და არ იყოს ამხტარი იმ მატარებელზე, რომელსაც მე ვერასდროს ვერ შევახტები

 

 

მაგრამ ნახეთ რას მთხოვს ეს მშობელი? - რომ მეც შევახტე ამ საათში 400 კმ სიჩქარით მიმავალ მატარებელს. მაგრამ რომ არ შემიძლია? მე არ შემიძლია იმ ტემპით მოძრაობა, როგორც ჩემი მშობელი მოძრაობს და აქ იწყება ჩემი უბედურება. არადა, ის ჩემთვის მაგალით უნდა იყოს.

 

 

ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, რომ მშობელი უნდა იყოს ბავშვის ემოციის კონტეინერი. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიგოს და დაიტიოს მისი ემოცია, კი არ ჩაახშოს.

 

 

„სიტყვა პატივისცემა ამოღებულია ქართული ლექსიკონიდან ადამიანებთან ურთიერთობაში. ბევრი ბავშვი მეუბნება, რომ მშობელი პატივს არ მცემს. და მე როცა ვეკითხები, რომ კი მაგრამ, ხომ უყვარხარ? ბავშვი ასხვავებს.

 

 

პატივისცემასა და სიყვარულს შორის განსხვავებააო, მეუბნება. თან პატივს უნდა მცემდესო. ეს რას ნიშნავს? მის ავტონომიას აღიარებ. ეს ხელს უწყობს იმას, რომ თვითონ სცადო. დაეცა? უნდა ადგეს, ხელი მოჰკიდოს, ისევ სცადოს. არ უნდა დააკლოს მცდელობები და ასე სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, აღარ ეშინია... " - ამბობს თამარ გაგოშიძე.

 

 

 

big_banner
არქივი