logo_geo
რატომ გადაიკეთა იპოლიტე ყვინჩიამ გვარი ხვიჩიად
- +

30 აპრილი. 2020. 12:22

 

 

"არის თუ არა ეს ბილეთი?!" – ყველასათვის ცნობილი და ღიმილის მომგვრელი ფრაზა, რომელიც იპოლიტე ხვიჩიამ გააჟღერა ფილმში "ბურთი და მოედანი (1961წ.)", დღესაც ბევრჯერ გამიგია. ეს იყო ფილმი, რომელმაც ხვიჩიას არნახული წარმატება და პოპულარობა მოუტანა, მანამდე კი... მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ...

 

 

იპოლიტე ალექსანდრეს ძე ხვიჩია, ანუ ყვინჩია, 1910 წლის 31 დეკემბერს სოფელ კონტუათში (ახლანდელი ხონის რაიონი) დაიბადა. ყვინჩიების ოჯახს კიდევ ერთი, მეოთხე შვილი შეეძინათ. ცელქი და ონავარი ბავშვი ყოფილა, მაგრამ მსახიობობისკენ მისწრაფება და დიდი სურვილი მაშინვე ჰქონია. წლების განმავლობაში სურვილი სურვილად რჩებოდა და ბოლოს, ხელიც ჩაიქნია. 1925 წელს სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში ჩააბარა, ამ თემაზე ხუმრობდა კიდეც: საქეიფო-ეკონომიკური მაქვს დამთავრებულიო.

 

 

მოგეხსენებათ, ქართველი კაცი ქეიფის გარეშე წარმოუდგენელია და ამ მხრივ არც იპოლიტე იყო განსხვავებული. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ხარაგაულის აგურის ქარხანაში ეკონომისტად მუშაობდა, შემდეგ სვანეთში ხე-ტყეს ჭრიდა და ენგურზე აცურებდა, სოხუმში – პურის მცხობელად და თქვენ წარმოიდგინეთ, წყლის დამტარებლადაც კი უმუშავია.

 

 

მისი ძმა, ალექსანდრე ყვინჩია თეატრის რეჟისორი გახლდათ. სწორედ საშას იდეა იყო იპოლიტეს მიეღო მონაწილეობა თავისივე დადგმულ სპექტაკლში. პიესას "ჟანგი" ერქვა, შემდეგ იყო "ყვარყვარე თუთაბერი", სადაც ხვიჩიამ მთავარი როლი ითამაშა. მაყურებელმა ახალგაზრდა მსახიობი თბილად მიიღო. ამის მიუხედავად, იპოლიტე მაინც უკმაყოფილო რჩებოდა. ერთ დღეს დედამისს გამოუცხადა: მე ტრაგიკული როლებისთვის ვარ დაბადებული და ჩემი ძმა ტალანტს მიღუპავსო!

 

 

ხვიჩია არა მხოლოდ სპექტაკლისას ჩნდებოდა სცენაზე, იგი ესტრადაზე სახუმარო სკეტჩებით გამოდიოდა და მაყურებელი სიცილით გულისწასვლამდე მიჰყავდა.

 

 

რაც შეეხება გვარს, ერთი ვერსიით, მისი გადაკეთება ქუთაისის თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, დოდო ანთაძის იდეა ყოფილა – ყვინჩია გახდა ხვიჩია, მეორე ვერსიით კი, მამამ სამივე ვაჟს გვარები გადაუკეთა, დედისერთები ჯარში არ მიჰყავდათ და ამ გზით მან შვილებს სამხედრო სამსახური თავიდან ააცილა, მაგრამ მსახიობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია!

 

 

1961-1966 წლებში იპოლიტე რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი გახდა, მაგრამ მალევე შეეშვა თეატრს და მისი კინოკარიერაც დაიწყო...

 

 

1956 წ-დან იღებენ კინოში. ამ უნიჭიერესმა კომიკოსმა მრავალი მხიარული წუთები გვაჩუქა კინოროლებით: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი" 1957წ.), იპოლიტე ნემსაძე ("მანანა" 1958წ.), კუჭკუჭი ("ბურთი და მოედანი" 1961წ.), ქორიძე ("თხუნელა" 1962წ.), მელიტონი ("თოჯინები იცინიან" 1963წ.), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა" 1970წ.) და ა.შ.

 

 

ქართველმა ხალხმა იმდენად შეიყვარა იპოლიტე ხვიჩიას შემოქმედება, ვგულისხმობ მის ნიჭსა და უსაზღვრო იმპროვიზაციის პოტენციალს, მისი კომიკური როლები იმდენად გაითავისა, რომ ალბათ ძნელი იქნებოდა ჩვენთვის იპოლიტე ხვიჩიას ტრაგიკულ როლში წარმოდგენა, რომელიც მას, სამწუხაროდ, ოცნებადვე დარჩა.

 

 

ავთო ხვიჩია (შვილიშვილი):

 

 

-იპო რეალურ ცხოვრებაში ისეთივე იყო, როგორსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ასეთი როლის შემსრულებელი მსახიობები ხასიათით რადიკალურად განსხვავდებიან. მაგლითად ლუი დე ფიუნესი, მაგრამ იპოზე ამას ვერ ვიტყვი.

 

 

-როგორი ბაბუა იყო თქვენთვის?

 

 

-ის ყველას ბაბუა იყო, ნებისმიერ მასზე უმცროსი ასაკის ადამიანს "ბაბუ"-თი მიმართავდა. იპო ჩემი გამზრდელი ბაბუაა. მის ძმებს გასათხოვარი ქალიშვილები ჰყავდათ, მეც იპოს ქალიშვილის შვილი გახლავართ და ვინაიდან ოჯახში გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდათ, იპოლიტემ თავის გვარზე გადამიყვანა, უფრო მეტიც, მან მე მიშვილა და ახლა ვარ – იპოლიტეს ძე.

 

 

ერთი პერიოდი ჩემზე ცოტა ნაწყენიც კი იყო. ბაბუს ვეძახდი და რადგან იპოლიტეს ძედ ვწერივარ, "მამა-ბაბუ" დამიძახეო, მეუბნებოდა.

 

 

-იპოლიტემ შესანიშნავი კომიკური სახეები შექმნა: კუჭკუჭი, ადამიანი, რომელსაც უყვარდა ფეხბურთი, ფეოლა (ბონდო დოლაბერიძე), ფეხბურთის მწვრთნელი, მაგრამ თითონ იპოლიტეს თუ უყვარდა ფეხბურთი?

 

 

– თქვენ წარმოიდგინეთ, იპო არასპორტული ადამიანი იყო, მაგრამ ერთადერთი, რაც შეეძლო, თამაშობდა ფეხბურთს, ისიც იმიტომ, რომ უწევდა ამის გაკეთება. იმართებოდა მატჩები მსახიობებს შორის და სხვა გზაც არ ჰქონდა! იპოლიტეს რისი თამაშიც უყვარდა, ეს იყო ნარდი და დომინო, ლოგინად ჩავარდნის პერიოდში დაიჭერდა ჩემს ძმაკაცებს და ეთამაშებოდა, ოღონდ არ გეგონოთ მარსით ან კოქსით ეთამაშა, ერთი ხელი (ნარდი) ერთი მოგება იყო ანუ 1-1. მახსოვს, ერთხელ იმდენი ხელი ვითამაშეთ, ბოლოს 200-ით 180 მომიგო. საერთოდ, აზარტული თამაშები ხიბლავდა ძალიან, სანამ გარდაიცვლებოდა, "ჯოკერიც" კი ვასწავლეთ და ისე უცებ აითვისა პირველივე "პულკა"-ში ბოლოს ჩამოგვიტოვა.

 

 

-ამბობენ, ბილწსიტყვაობა უყვარდაო...

 

 

-არა, ეგ ტყუილია! ყველაზე ცუდი საგინებელი სიტყვა, რაც მისგან გაგვიგია, იყო: გათახსირებული, წყალწაღებული...

 

 

-იმ ფილმების ყურება თუ უყვარდა, სადაც თვითონ თამაშობდა?

 

 

–მაინცდამაინც არა, ყურებით კი უყურებდა, მაგრამ არასერიოზულად. ჰქონდა საყვარელი როლებიც, სადაც სერიოზულ ამპლუაში უწევდა წარდგენა, მაგ.: ფილმში "დათა თუთაშხია".

 

 

–რამდენი წლის იყავით, როცა იპოლიტე გარდაიცვალა?

 

 

–ვიქნებოდი ასე 31 წლის, იპო 78 წლის იყო, როცა ინსულტი დაემართა. ეს უამრავი მიზეზის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო: ნერვიულობა, რამდენჯერმე კიბეებზეც დაეცა, ფილმი ხომ გახსოვთ "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", იქ არის ერთი ეპიზოდი, სადაც იპოლიტეს აგურს ურტყამენ თავში, რატომღაც ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და აგურის ბუტაფორიის ნაცვლად ნამდვილი აგური დადეს, ამ აგურის ჩარტყმაც დაემატა... ნამდვილი მიზეზი დღემდე არ ვიცით, მაგრამ ინსულტით არ გარდაცვლილა, მას შემდეგ ფეხზეც წამოდგა, საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანი იყო, დიდი შემართებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, მას ასთმის შეტევები დაეწყო, ვმკურნალობდით, საუბედუროდ, ვერ ვუშველეთ, სიკვდილის მიზეზიც ეს გვეგონა, მაგრამ, როგორც უკვე შემდეგ გაირკვა, იპოლიტეს ფილტვები დაუსკდა.

 

 

P.S.: იპოლიტე ხვიჩია 1985 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა. თბილისში მისი სახელობის ქუჩა უკვე არის, სადაც მსახიობი ცხოვრობდა. ქუთაისში მის ქანდაკებასაც კი ნახავთ, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ შექმნა. ვნახოთ, მომავალი წინაა..

 

 

ცირა ამონაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი