logo_geo
სოფო ბედია: მე და მიშას გვქონდა კონფლიქტი, მაგრამ გაშორებაზე ლაპარაკი არ ყოფილა
- +

12 მაისი. 2020. 11:41

 

 

მომღერალი სოფო ბედია როცა რესტორნიდან წამოვიდა და იქ სიმღერა აღარ ისურვა, ზოგს ეგონა, რომ მის მუსიკალურ კარიერაში დიდი პაუზა გაჩნდებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, უფრო მეტად გააქტიურდა. ბავშვთა მუსიკალური სტუდია გააკეთა, სადაც თვითონვე ასწავლის, რეპერტუარზეც იზრუნა და უკვე ალბომის კონტურებიც დასახა. რამდენიმე დღეში კი თავის მსმენელს პირველ სოლო კლიპს წარუდგენს.

 

 

ამ ყველაფრის პარალელურად მომღერალი მშვენივრად ახერხებს, ოჯახს გაუძღვეს, ორ ბიჭუნას ღირსეული დედობა გაუწიოს და მიშა მესხისთვის საუკეთესო ცოლი იყოს.

 

 

– სოფო, ყოველთვის ამბობდით, რომ თქვენ და მიშა მესხს სრულყოფილი ბედნიერებისთვის საერთო შვილი გჭირდებოდათ. რა შეცვალა ოჯახში ანდრიას დაბადებამ?

 

 

– 23 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ გავაჩინე. ეს არც ისე პატარა ასაკია, რომ ვერ გამეანალიზებინა, რა მოხდა. სასწაული იყო პირველი ბედნიერება და დედობის პირველი განცდა. ანდრია კი ნანატრი ბავშვი იყო ჩვენთვის. ჩემი და მიშას ქორწინებიდან 5 წელი ისე გავიდა, შვილი არ გვიჩნდებოდა და ძალიან განვიცდიდით. ოცნებად გვქონდა ბავშვის დაბადება.

 

 

ექიმები ამბობდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. სიმართლე გითხრათ, მე არ ვფიქრობდი, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. უკვე ყველა იმედი რომ გადაგვეწურა, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე მეგობარმა მომაკითხა და მამა გაბრიელის საფლავზე ძალით წამიყვანა. დილით საწოლში დამადგა თავზე და მისი ძალისხმევით აღმოვჩნდი მცხეთაში.

 

 

ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა რაღაცას ძალიან გულწრფელი ლოცვით სთხოვ უფალს. საფლავთან დავიჩოქე და მამა გაბრიელს ვთხოვე, მე და მიშას თუ სიცოცხლის ბოლომდე ერთად გვიწერია ცხოვრება, დამეხმარე, რომ შვილი გვეყოლოს-მეთქი. ეს ისეთი ემოციური წუთები იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

 

 

სასწაული მოხდა! საკუთარ თავზე გამოვცადე ის მადლი, რასაც ლოცვის შედეგად მოვლენილი სასწაული ჰქვია. ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.

 

 

– რომ არა ანდრიას დაბადება, შეიძლება ოჯახის შენარჩუნება ვერ მოგეხერხებინათ?

 

 

– დაშორებაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ იყო კონფლიქტი. ხომ არის სიტუაციები, რომლებიც განერვიულებს და გაბრკოლებს, ამიტომ ვთვლი, რომ ანდრია ღვთის სასწაულით მოევლინა ქვეყანას და ის უფლის შვილია. წარმოიდგინეთ, ეს ისტორია რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის. რწმენამ და უფლის მადლმა ეს სასწაული მომივლინა.

 

 

მანამდეც ყოველთვის აღმსარებელი ვიყავი. ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ხშირად ვერ დავდიოდი ეკლესიაში, წირვა-ლოცვას ვერ ვესწრებოდი, მაგრამ უფლის ყოველთვის მწამდა. ამ სასწაულის შემდეგ განსაკუთრებული რწმენით აღვივსე.

 

 

– უფროსი ვაჟი როგორ შეხვდა ძმას, ხომ არ იეჭვიანა ოჯახის პატარა წევრზე?

 

 

– უცხო ადამიანმა ნიკას და ანდრიას ურთიერთობას რომ შეხედოს, სითბო ჩაეღვრება გულში. ალბათ წარმოგიდგენიათ, დედისთვის რამხელა ბედნიერებაა, როცა ხედავ, შენი შვილები ერთმანეთს როგორ ესიყვარულებიან.

 

 

ანდრია ნამდვილი ხულიგანია. ისე მოჭუტავს ხოლმე თვალებს, გოგოებს რომ დაინახავს და ისე ეპრანჭება, ნამდვილად დიდი მექალთანე გაიზრდება. ჩემი მეგობრები ძალად მაცხონეს ეძახიან. ამბობენ, ბავშვები სულ რომ არ გიყვარდეს, ისე იქცევა, თავს შეგაყვარებსო.

 

 

ნიკუშა უთბილესი ბავშვია. მასთან ვმეგობრობ, ძალიან შეგნებულია. ყველანაირად ცდილობს, გამახაროს. სიყვარულით სავსე წერილებს მწერს. ძალიან მოსწონს, რომ სულ ფორმაში ვარ. მეუბნება, როცა გავიზრდები და ჩემი ფული მექნება, სულ კაბებს გიყიდიო. ემჩნევა, ისეთი ბიჭი იქნება, ქალთან მოქცევა რომ არ შეეშლება.

 

 

დედის მთავარი მოვალეობაა, ბიჭი კაცად გაზარდოს. მამაკაცისთვის ხომ ქალთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ნიკას ეს არაჩვეულებრივად გამოუვა. ნიკა ნამდვილი ჯენტლმენია. რჩევებსაც მაძლევს, მეუბნება, შავი არ ჩაიცვა, ფერადი ტანსაცმელი გიხდებაო.

 

 

– ისედაც ფერადოვნებით გამოირჩევა თქვენი სამოსი და ეს ალბათ თქვენი განწყობის, ხასიათის გამოხატულებაა.

 

 

– შინაგანად უფრო კლასიკური ვარ, ვიდრე სპორტული. ღამით შინ დაბრუნებული არ დავდივარ მაკიაჟით და “შპილკებით”, მაგრამ გარეთ გასვლისას ყოველთვის ვცდილობ, ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვას, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. საკუთარი თავი ასე უფრო მომწონს. რამდენად მიხდება, ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტია.

 

 

ზოგადად ძალიან ფერადი ვარ. ზაფხულში შავს საერთოდ არ ვიცვამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, რადგან ფერები შვილებთან ასოცირდება. ბავშვებს უხარიათ, როცა ასეთ ტანსაცმელში მხედავენ.

 

 

– მიშა მესხზე, მგონი, ამბობენ, ეჭვიანი ქმარიაო. შვილის დაბადებამ ამ მხრივ ხომ არ შეცვალა?

 

 

– შვილების დაფიცება შემიძლია, რომ სხვა ობიექტზე არასოდეს უეჭვიანია. უბრალოდ ჩვენ გვიყვარს ერთად ყოფნა და ყველგან ერთად სიარული. ხომ შეიძლება, მამაკაცი რესტორანში მეგობრებთან ერთად წავიდეს და მოილხინოს, მით უმეტეს, ეს არასოდეს დამიშლია, მაგრამ უჩემოდ კარგი დროის გატარება არ შეუძლია. ვინც გვიცნობს, ყველამ იცის, როგორი გიჟი წყვილი ვართ.

 

 

საზღვარგარეთ ხშირად დავდივარ და ერთი წამით არ გაუვლია ეჭვად, რომ იქ რაღაც შემეშლება. მის მიმართ მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს, არა იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ვარ, უბრალოდ ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს.

 

 

მართლა ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი და ყველას ვუსურვებ, ისეთი ბედნიერი იყოს, როგორიც მე ვარ. ყველა ოჯახშია კონფლიქტი, დაძაბული სიტუაცია. იტყუება ის, ვინც ამბობს, რომ მის გარშემო ყველაფერი იდეალურადაა.

 

 

ამქვეყნად იდეალური არაფერი არსებობს, ყველას ჩვენ-ჩვენი ხასიათი გვაქვს და ვცდილობთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ. მეც ვიკავებ თავს იმაზე, რაც მას არ მოსწონს და ისიც რაღაცებს ისე აკეთებს, რომ გული არ მეტკინოს. ვფიქრობ, შემდგარი წყვილი ასეთი უნდა იყოს.

 

 

– მალე თქვენი პირველი სოლო კლიპი გამოვა. როგორი იყო სამუშაო პროცესი და როდის იგეგმება პრემიერა?

 

 

– ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორის, კაკი ბოლქვაძის, სიმღერაზე ჩემი პირველი სოლო კლიპი გადავიღე. არანჟირება ეკუთვნის ცირა ბზიშვილს, ლექსის ავტორი გახლავთ ნანა ცინცაძე, რეჟისორები არიან კაკი ბოლქვაძე და რეზო კვარაცხელია. რა თქმა უნდა, როგორც მეგრელმა, ლოკაციები სამეგრელოში შევარჩიე. ადგილებს არ დავაზუსტებ, მინდა, მაყურებლისთვის სიურპრიზი იყოს.

 

 

ძალიან ლამაზი სიმღერაა სიყვარულზე და ესთეტიკურადაც სასიამოვნო სანახავი იქნება. 10 მარტამდე შედგება პრემიერა. მონტაჟის პროცესში ვართ და ვემზადები, რომ გრანდიოზული პრეზენტაცია გავაკეთო, სადაც იქნებიან ჩემი კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ ხნის განმავლობაში სოლო კლიპი არ გადამიღია.

 

 

ვმუშაობ ალბომზეც, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავამთავრებ და მსმენელს შევთავაზებ. მაისში სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი გერმანიაში. ზაფხულისთვისაც რაღაც ტურისმაგვარი უნდა მოვიფიქრო. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ.

 

 

– ორი შვილის, ოჯახის მოვლა, გადაღებები, მუდმივად ფორმაში ყოფნა – ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ალბათ ძალიან დამღლელია.

 

 

– რა თქმა უნდა, დამღლელია. პატარა შვილი როცა გყავს, ეს თავისთავად დიდ ენერგიას მოითხოვს. საბავშვო სტუდიაც ჩამოვაყალიბე, რომელსაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს. მოდუნებული მარტო მაშინ ვარ, როცა ვწვები და ვიძინებ. სიმართლე რომ ითქვას, ჩაძინებამდეც ათასი აზრი და იდეა მიტრიალებს თავში და ამ ფიქრში მეძინება.

 

 

ანდრიას გაზრდაში დედამთილი მეხმარება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ოჯახის წევრი მიზრდის შვილს და მშვიდად ვარ, რადგან არაფერი მოაკლდება. მეორეც, ვიცი, კარგი ადამიანი გაიზრდება, რადგან კარგი პიროვნება ზრდის.

 

 

ნიკუშაც დედაჩემის და ბებიაჩემის გაზრდილია. ისინი მეხმარებოდნენ, როცა პროექტ “ჯეოსტარში” გამოვჩნდი. მაშინ ნიკუშა 8 თვის იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში სულ მხარდამხარ მომყვებიან, მათ გარეშე ალბათ გავგიჟდებოდი.

 

 

– უარყოფით ემოციებს როგორ გამოხატავთ, გადაღლის დროს ხომ არ გიჭირთ საკუთარ თავზე კონტროლი?

 

 

– ვაღიარებ, ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავი შევიკავო, რომ ეს უცხო საზოგადოებაში არ დამემართოს. ვერ ვიტან უსამართლობას, ტყუილს და ზურგს უკან ადამიანებზე ჭორაობას. რასაც მე არ ვაკეთებ, სხვისგანაც მიუღებელია ჩემთვის.

 

 

ცხოვრებაა ასეთი, ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული ვერ იქნება. უბრალოდ ვცდილობ, რაღაც-რაღაცებში საკუთარ თავს არ გადავაბიჯო. ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველ ნაბიჯსა და სიტყვას ვუფრთხილდები. მგონია, რომ თბილი და მოსიყვარულე ვარ. როცა ჩემი მხრიდან ასეთი ემოციები მიდის და საპასუხოდ უარყოფითს ვიღებ, ვბრაზდები.

 

 

ყველანაირად ვცდილობ, მიმტევებელი ვიყო. იმ ადამიანებს, რომლებმაც გული მატკინეს, არ ვკარგავ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც აღარ ვაბრუნებ იმ ადგილზე, სადაც იყო. დისტანციას ვიჭერ იმ ხალხთან, ვინც ერთხელ უკვე მიღალატა. ის ადამიანი ჩემთვის აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო და არ აქვს მნიშვნელობა, ის მეგობარია, ახლობელი თუ კოლეგა. ვიცი, რაზეა წამსვლელი და ისე ვაკონტროლებ სიტუაციას, რომ არც მან გადაკვეთოს წითელი ზოლი და არც – მე.

 

 

– როგორც ჩანს, ამ მხრივ ბევრი წყენა შეგხვდათ. დიდწილად ვის გულისხმობთ, მეგობრებს თუ კოლეგებს?

 

 

– კოლეგებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და, ზოგადად, ყველასთან მაქვს მშვიდი, დისტანციური დამოკიდებულება. მათ პატივს ვცემ და გამორიცხულია, ზურგს უკან გავლანძღო. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ადამიანი, რომელიც გეპირფერება, ზურგსუკან კი შენზე ჭორაობს.

 

 

რაც შეეხება სამეგობროს, უკვე ისეთი გაფილტრული მყავს, რომ საკუთარი თავივით ვენდობი ყველას. ვიცი, რომ, რასაც მე გავაკეთებ მათთვის, ისინიც იმავეს გააკეთებენ ჩემთვის. ბოლო დროს ადამიანების ცნობა ვისწავლე.

 

 

– ინტერვიუს დასასრულს ძმაზე, მომღერალ ბორის ბედიაზე გკითხავთ. რამდენიმე ხნის წინ “სარკესთან” თქვა, რომ შეყვარებული ჰყავს და ცოლის მოყვანასაც აპირებდა. რა ხდება მის პირადში?

 

 

– ბორიკოს იმდენი გეგმა აქვს, სიმართლე გითხრათ, ვეღარ გავერკვიე, კონკრეტულად რას აპირებს. მასზე უკეთესი არავინ მყავს. ჩემი ოჯახია დედა, ჩემი ძმა და ჩემი ქმარ-შვილი.

 

 

ცოლის მოყვანის დრო ნამდვილად აქვს და გამიხარდება, ასე თუ მოხდება, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ უახლოეს პერიოდში ქორწილი ექნება. ბორიკო ჩემთან გულწრფელია და ვიცი, რომ ამჟამად არავინ ჰყავს, თუმცა მონდომებულია, ვინმე ისეთი გამოჩნდეს, ვისაც მთელ თავის ცხოვრებას მიუძღვნის. თუ უკვე იპოვა ის, ვისაც ეძებდა და სიურპრიზს ამზადებს ოჯახისთვის, დაე, იყოს სიურპრიზი და ამ ამბით მეც გამახაროს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი