logo_geo
გიორგი წერეთელი: მესამე ოჯახს შევქმნი და შვილი კიდევ მეყოლება
- +

12 მაისი. 2020. 12:35

 

 

 

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელმა, გიორგი წერეთელმა, მეუღლესთან, ლოლა წერეთელთან გაშორების შემდეგ დუმილი პირველად ,,სარკესთან” დაარღვია და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ოჯახის დანგრევის შემდეგ.

 

 

წყვილის პოპულარობა მათი დუეტის შედეგიც იყო. ისინი ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი რესპონდენტები იყვნენ, მაგრამ გაშორების მიზეზებზე ხმამაღლა არც ერთი საუბრობს. რა მოხდა რეალურად პოპულარულ ცოლ-ქმარს შორის, დღემდე გამოცანად რჩება. ფაქტი კი ერთია – ისინი სცენაზე დუეტში აღარასოდეს იმღერებენ.

 

 

გიორგის ცხოვრებაში ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია. 4 მარტს 44 წელი შეუსრულდა. ის ყოველთვის გრანდიოზულ დაბადების დღეებს იხდის, 44-ე წლის აღნიშვნა კი განსაკუთრებულად დაგეგმა – თავის რესტორან “სამ საუკუნეში” მთელი ქართული შოუბიზნესი მიიწვია. მანამდე კი “სარკეს” ესაუბრა ახლანდელ ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე.

 

 

– გიორგი, 4 მარტს 44 წლის ხდებით. რაღაცით სიმბოლურია თქვენთვის ეს სამი ოთხიანი? როგორ აპირებთ ამ თარიღის აღნიშვნას?

 

 

– ვინც ამ დღეს ჩემთან სტუმრად მოვა, თამამად შეუძლია, ჩაიფიქროს 4 მილიონი დოლარი და აუცილებლად აუხდება. ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მირჩია, რომ ამ რიცხვების კომბინაცია ძალიან კარგია და ამიტომაც გადავწყვიტე, ეს დაბადების დღე იმაზე გრანდიოზულად გადავიხადო, ვიდრე წინა წლების.

 

 

ყოველთვის ვცდილობ, ჩემი დაბადების დღე არამხოლოდ სუფრა და ქეიფი იყოს. უკვე რამდენიმე წელია, ეს დღე არის ერთი დიდი კონცერტი. ამჯერად კონცერტის მასშტაბებიც გაიზრდება, მთელი შოუბიზნესი ჩემ გვერდით იქნება.

 

 

– რეალურად რა არის თქვენთვის ასაკი და რიცხვი – 44?

 

 

– მხოლოდ ციფრების შეკრებაა და მეტი არაფერი. პირადად ჩემთვის წლებთან ერთად არაფერი იცვლება, გული არასოდეს ბერდება. განვლილმა 44-მა წელმა ის მომცა, რომ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვაფასებ. მით უმეტეს, როდესაც სცენაზე დგახარ, შენს მაყურებელს პატივი უნდა სცე და ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდე.

 

 

განვლილი ცხოვრებიდან ყველა ეტაპის მადლობელი ვარ. არაფერი მაქვს საწუწუნო, რადგან ჩემი სიმღერების 70% ჰიტები გახდა. ქალაქური სიმღერების ჟანრში საკუთარი ადგილი ვიპოვე და ახლა უკვე თავს უფლებას ვაძლევ, კლასიკური ქართული სიმღერების შესრულებაც დავიწყო. დადგა ის ეტაპი, როდესაც ძალები სხვა ჟანრშიც შემიძლია მოვსინჯო. ორი სიმღერა ჩავწერე და, სხვათა შორის, მსმენელმა ეს სიახლეც ძალიან აიტაცა.

 

 

– წარსულისკენ რომ იხედებით, უფრო მეტი ტკივილი გახსენდებათ თუ დადებითი ემოციები?

 

 

– არ არსებობს წარმატებული ადამიანი, რომლის უკანაც არ იყოს დიდი შრომა და გამართლებაც. 16 წლის ასაკში უკვე ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ იღბალი რომ არა, შეიძლება ჩემი საქმე დიდხანს მეკეთებინა ისე, რომ ფართო ასპარეზზე ვერ გამოვსულიყავი.

 

 

პირველი ჰიტი იყო სიმღერა “პაჩები და პუჩები”. კარგად მახსოვს ის დილა, როდესაც ეს სიმღერა დავწერე, ჩავწერე და რადიოში მივიტანე. მეორე დღიდან ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა.

 

 

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო – ფინანსური პრობლემებიც, სხვა პრობლემებიც, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მარკის მანქანით დადიხარ, რომელი ბრენდის სამოსი გაცვია. მთავარია, შეძლო, რომ ბედნიერი იყო და მეგობრები გყავდეს. ყველაზე მეტად ადამიანებით ვარ მდიდარი.

 

 

– შოუბიზნესმა ადვილად მიგიღოთ, თუ იყო ადამიანებისგან გულისტკენაც?

 

 

– ისეთი ტიპაჟი ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი პრობლემის დროს საკუთარ თავს ჩავუღრმავდე. თუ გინდა, რომ შენზე იზრუნონ, შენც იზრუნე სხვაზე; თუ გინდა, რომ კარგად მოგექცნენ, შენც მოექეცი მათ კარგად – ეს ჩემთვის ურთიერთობაში ყოველთვის მთავარი ღერძია.

 

 

შოუბიზნესთან ჩემი შეხება ლეგენდარულ უჩა კორძაიასთან ერთად მოხდა. როცა მოსკოვიდან დავბრუნდი, ამ ადამიანთან მოვხვდი. ის დამეხმარა, სცენაზე გამოვსულიყავი. ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ რესტორაში, რომელიც იმ დროს საუკეთესოდ ითვლებოდა. ბუნებრივია, ვინც მაშინ შოუბიზნესიდან ჩვენთან სტუმრად მოდიოდა, მინდოდა, საკუთარი თავი მათთვის უკეთ გამეცნო, მათთვის მემღერა. ისეთი ადამიანებიც შემხვდნენ, რომლებსაც შევუქივარ და ისეთებიც, რომლებსაც არაფერი შეუმჩნევიათ.

 

 

დღეს ხშირად მიწევს ახალგაზრდების მოსმენა. ყოველთვის მახსოვს ჩემი გამოცდილება და აუცილებლად ვცდილობ, მათი შეფასებისას სიტყვები არ დავიშურო. ადამიანს არასოდეს უნდა დაუკარგო ის, რაც გააჩნია. შეიძლება ვიღაცის ნამღერი ბოლომდე არ მომეწონოს, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი, რომ ძალიან კარგი იყო. ყველა ხელოვანი თვითონ ხვდება, რეალურად რა და როგორ შეასრულა, მაგრამ სტიმულისათვის მეტი შექება ყოველთვის საჭიროა.

 

 

უნდა ვაღიარო, რომ იყო მომენტები, როდესაც მუსიკალურ სფეროში მყოფი ადამიანები არ მამჩნევდნენ, მაგრამ ეს წყენად გულში არ ჩამიდია.

 

 

– ბევრი მომღერალი, რომლებსაც შოუბიზნესში პირველობის ამბიცია აქვთ, აცხადებს, რომ არ შეიძლება რესტორნის მუსიკოსი ფილარმონიაში გამოდიოდეს ან მისი სიმღერები ეკრანიდან ჟღერდეს. როგორ იღებთ ასეთ დამოკიდებულებას?

 

 

– რა თქმა უნდა, გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. რესტორანში ქალაქური და საცეკვაო სიმღერები აუცილებელია და, ბუნებრივია, ის ფილარმონიაში არ უნდა ჟღერდეს. საკონცერტო დარბაზისთვის განკუთვნილი სიმღერა რესტორანში ვერავის ააცეკვებს.

 

 

მთელი ჩემი ცხოვრება ჯაზს ვუსმენ. თავიდან ჯაზური ნაწარმოებების შესრულება დავიწყე, მაგრამ, როცა სუფრასთან ვზივარ და საქართველოს სადღეგრძელოს ვამბობ, ბუნებრივია, ჯაზი არ მჭირდება. იქ ჩემთვის საჭიროა ქალაქური, სუფრული, მთიულური სიმღერები.

 

 

ერთხელ ერთდროულად დავწერე ორი სიმღერა. ერთი – ძალიან კარგი, კლასიკური, ოთხ ხმაში გაშლილი და მეორე – იუმორის სტილში, რომელსაც “ლარისა” ერქვა. როგორ ფიქრობთ, რომელი აიტაცა ხალხმა? რა თქმა უნდა, “ლარისა”. ხალხი თვითონ განსაზღვრავს, სად რას მოუსმინოს და სიტუაციას თვითონ ალაგებს.

 

 

– დაახლოებით ერთი წლის წინ გაშორდით ცოლს. თქვენ და ლოლა ძალიან პოპულარული წყვილი იყავით ცხოვრებაშიც და სცენაზეც. რაც ერთმანეთს გაშორდით, ამ თემაზე არსად გისაუბრიათ, ინტერვიუებსაც ყოველთვის თავს არიდებდით. რატომ არჩიეთ დუმილი ამ თემაზე?

 

 

– ეს პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ეს მოვლენები განვითარდა. ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი საჭირო არ არის. ჩვენი ურთიერთობა რომ მარტო დუეტი ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად ვისაუბრებდი ჩვენს დაშლაზე, რადგან ეს დუეტი თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილი იყო.

 

 

,,გიორგის და ლოლიტას დუეტი” ჩემი პროექტი იყო, მაგრამ ამასთან ერთად იყო ოჯახური ურთიერთობები, რომლებზე საუბარსაც არასოდეს ვაპირებ. ჩვენმა დუეტმა ორივეს ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა. ჩვენ ისე დავიშალეთ, რომ მისთვის არც ამიკრძალავს იმ სიმღერების შესრულება, რომლებსაც დუეტში ვმღეროდით და მე მეკუთვნის. ერთი კი ვიცი, რომ მომავალში მსგავს დუეტს აღარ გავაკეთებ.

 

 

– ძალიან ოსტატურად აარიდეთ თავი კითხვას.

 

 

– ვთვლი, რომ პირად თემებზე არ არის საჭირო ლაპარაკი. რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, ტკივილი თუ სიხარული, ჩემთან დარჩება.

 

 

– როგორი სიყვარული გჭირდებათ ახლა და ამ ეტაპზე?

 

 

– ოჯახის მოყვარული ადამიანი ვარ, ამიტომ ჩემთვის ქალის იდეალი ყოველთვის ოჯახშია. მარტოობას არავის ვურჩევ, მამაკაცს ოჯახი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. მთელი ჩემი ცხოვრება თავდადებული ვიყავი ოჯახის წინაშე, ის არასოდეს შემირცხვენია და არასოდეს მიღალატია ოჯახური ფასეულობებისთვის.

 

 

იმდენად მიყვარს ოჯახური ურთიერთობები, რომ სამსახურს, სადაც 50 კაცი მუშაობს, ერთ ოჯახად აღვიქვამ და სულ იმას ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტად ვასიამოვნო ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ.

 

 

– ანუ აუცილებლად შექმნით მესამე ოჯახს?

 

 

– აუცილებლად. ოჯახსაც შევქმნი და, მე მგონი, შვილიც არ არის გვიან. ჩემი უფროსი ბიჭი 16 წლის არის.

 

 

– რა შედის თქვენს გეგმებში, რომლებიც 50 წლამდე გინდათ, რომ განახორციელოთ?

 

 

– მინდა, მეტი სიკეთე ვაკეთო. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება შენს თავს გაუკეთო, არის ის, რომ გაუფრთხილდე საკუთარ თავს და ბევრ ადამიანს გამოადგე. ნამდვილად არ ვოცნებობ, რომ 50 წლამდე იმდენი ფული ვიშოვო, საკუთარი ვილა ავიშენო. მატერიალური ოცნებები ნაკლებად მაქვს. როცა 44 წლის ხდები და ცხოვრების გამოცდილებაც გაქვს, მერე ხვდები და ალაგებ პრიორიტეტებს.

 

 

ახლა შეიძლება სიხარული მომანიჭოს ფინჯანი ყავის დალევამ კარგ ადამიანთან და მასთან საუბარმა, ადრე კი სიხარულს უფრო ფინანსურ საკითხებში ვხედავდი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი