logo_geo
ოთარ ჩოკოშვილი: წლის ამ პერიოდისათვის, რამდენიმე ტიპის ინფექციაა დამახასიათებელი...
- +

10 ივნისი. 2020. 11:20

 

 

 

ზაფხული დაიწყო და წელიწადის ამ დროს მოსახლეობაში ბევრი სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა გავრცელებული. კორონავირუსმა მთელი ჩვენი ყურადღება მიიპყრო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა, სეზონური ინფექციები, რომელთაგან ზოგიერთის სიმპტომი შესაძლოა კორონავირუსის სიმპტომებთან თანაკვეთაშიც იყოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" თავმჯდომარე ოთარ ჩოკოშვილი გვესაუბრება, რა ტიპის ინფექციებია ახლა გავრცელებული, როგორ უნდა დავიცვათ თავი და რა უნდა გავითვალისწინოთ აგარაკებსა და კურორტებზე დასასვენებლად წასვლისას. ის

 

ასევე გვიყვება იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ჟურნალისტებისა და ექიმების სრული ჩართულობით შეიქმნა და მთავარი ამოცანა, საზოგადოების ინფორმირებაა:

 

- წლის ამ პერიოდისათვის, რამდენიმე ტიპის ინფექციაა დამახასიათებელი. საინტერესოა, როგორც კონტაქტური ინფექციები, ასევე მწერებით გადატანილი ინფექციები. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დაავადება ბორელიოზია, რომელიც მწერებით, კერძოდ კი ტკიპებით გადადის. ეს და კიდევ ერთი თვე ყველაზე აქტუალური პერიოდია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი სწორედ ამ დროს მრავლდებიან, სჭირდებათ სისხლით კვება და თავს ესხმიან თბილსისხლიან ორგანიზმებს, მათ შორის - ადამიანებს. კბენის დროს, თუ ტკიპები ბორელიოზით არიან ინფიცირებულები, შეიძლება ადამიანიც დაავადდეს. ხშირად ადამიანები შეცდომას უშვებენ ხოლმე. როდესაც ტკიპა ღრმად ჩადის

 

კანში და არღვევს მის შრეს, ბუნებრივი რეაქციაა, რომ ის თვითნებურად მოიშორონ კანიდან, რა დროსაც შესაძლოა მისი გარკვეული ნაწილი კვლავ დარჩეს მასში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა. თუ დროულად შევნიშნავთ და პირდაპირ ხელით არ მოვიშორებთ.

 

ჯობია ტკიპა მთლიანად დაიფაროს ზეთით, რომლის წასმის შედეგადაც მას ჰაერის უკმარისობა აქვს და უმეტესად თავისით ამოდის უკან. თუ ასეთმა მეთოდმა არ უშველა, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ პინცეტი, ფრთხილად დავიჭიროთ ტკიპის სხეული და ნელნელა დავატრიალოთ წრიულად. ტკიპის მოცილების სხვა მეთოდებიდან შესაძლებელია ბამბით დაფარული ჩხირის გამოყენება, რომელიც წყლით ან სპირტით არის დასველებული. მისი დახმარებით ასევე შეიძლება ტკიპის სხეული დავატრიალოთ და ვაიძულოთ მოშორება. ასევე, შესაძლებელია წყლით დავიფაროთ კანის ის ადგილი, სადაც ტკიპაა და იძულებული გავხადოთ, რომ მოშორდეს.

 

ხოლო, თუ მისი ნაწილი კვლავ დარჩა კანის შრეში, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომ დროული და შესაბამისი მკურნალობა ჩაგვიტარდეს. ტკიპის კბენის დროს შეიძლება რამდენიმე მძიმე დაავადება გავრცელდეს, ისეთები როგორიცაა ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც საქართველოში ძირითადად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გვხვდება და ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ბორელიოზი საშიში დაავადებაა, რომლის მატარებლებიც გარეული ცხოველები, მღრნელები და ფრინველები არიან. როდესაც ცხოველისაგან დაავადებული ტკიპა ადამიანს კბენს, ნაკბენში დაავადების გამომწვევებს ტოვებს.

 

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

 

- მას შემდეგ, რაც ტკიპა ადამიანს უკბენს, იწყება ინკუბაციური პერიოდი. მაქსიმუმ, 30 დღე, საშუალოდ, 2-3 კვირა და შეიძლება მინიმალური პერიოდი სამი დღეც იყოს. პაციენტს ამ დროს აღენიშნება ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შეიძლება გადიდდეს შინაგანი ორგანოები, აქვს სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება და რაც მთავარია, ამ ადგილზე შემთხვევათა უმრავლესობაში აღინიშნება სპეციფიური ნიშანი. ნაკბენის ადგილი წითლდება და გარშემო, რაღაც მანძილზე, წრის ან ბეჭდისებური შეწითლება(ერითემა) წარმოიქმნება. შეიძლება მალამო წაისვან და შემცირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი განიკურნა. გამომწვევი ორგანიზმშია და ისევ აგრძელებს თავის დამაზიანებელ მოქმედებას. თუ პაციენტებს დროულად არ ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა, შემდეგ ქრონიკულ პროცესში გადადის და რთულდება. ამიტომ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როცა ბევრი ტკიპაა მდელოზე, პარკსა თუ ბალახებში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობელმა დაიმახსოვროს, ტკიპის შენიშვნისა და კბენის შემთხვევაში სწორად როგორ მოიქცნენ. ასევე აუცილებელია, რომ პარკში ან მდელოზე ყოფნის მერე დავათვალიეროთ ბავშვის სხეული, რათა დროულად აღმოვაჩინოთ ტკიპები. ბორელიოზი სწორი მკურნალობის დროს, საკმაოდ მალე განკურნებადი დაავადებაა და შეიძლება გართულებები არც გამოიწვიოს.

 

- ამ ეტაპისთვის, თუ არის გავრცელებული რაიმე ისეთი ინფექციები, რომელთა სიმპტომებიც კორონავირუსის სიმპტომებს ჰგავს?

 

- შემთხვევების უეცარი მატება არ გვაქვს, მაგრამ გარდამავალი პერიოდია. კარგი ისაა, რომ ამ პერიოდში, რასაც ვუყურებ, თითქოს სხვა ინფექციური დაავადებები მაქსიმალურად შემცირდა. ზოგ შემთხვევაში ალბათ იმიტომ, რომ ხალხი მაქსიმალურად ერიდება ექიმთან მიმართვას, ეშინიათ, იქ სხვა პაციენტისგან არაფერი გადაედოთ, მაგრამ ახლა ძალიან მალე დაიწყება სხვადასხვა ტიპის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, ძირითადად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რომლებსაც, გარკვეულწილად, კოვიდ-19-ის გადამფარავი სიმპტომები ახასიათებთ. მაგალითად, ტემპერატურის მომატება, ფაღარათი, შეიძლება სურდოს მსგავსი მოვლენები განვითარდეს. გააჩნია გამომწვევ ვირუსს ან ბაქტერიას. განსაკუთრებით, ასეთი ვირუსებისთვის მოწყვლადები ბავშვები არიან იმიტომ, რომ ახლა იწყება ხილის პერიოდი, აქტიურდება ხალხი.

 

ცუდი პერიოდია იმ თვალსაზრისითაც, რომ ადამიანები გამოდიან ხანგრძლივი თვითიზოლაციიდან გარეთ, მათი იმუნიტეტი გარკვეულწილად დასუსტებულია, რადგან ადამიანები სახლში, დახურულ სივრცეში დიდხანს ისხდნენ, ვითარდება D ვიტამინის ნაკლებობა, შესაძლოა მშობლებს ხილი და ბოსტნეული საჭირო რაოდენობით ვერ მიჰქონდათ ბავშვებისთვის იმიტომ, რომ აგრარული ბაზრებიც დაკეტილი იყო.

 

გარდა ამისა, ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა ცოტა რთულია, კოვიდის გამო ნედლად მისართმევ ხილს ხალხი ერიდება, იმიტომ, რომ არ არის დამუშავებული და თეორიულად არსებობს იმის ალბათობა, რომ ვირუსი გადავიდეს ადამიანზე. რა თქმა უნდა, თუ კარგად და დიდხანს გამდინარე წყლით გაირეცხება, საშიში არ არის. გარდა ამისა, ამ ყველაფერს თან ახლდა ეკონომიკური სიდუხჭირეც. სწორედ ამან გამოიწვია იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან მათი ორგანიზმი მალე რეაგირებს ყველაფერზე. საბოლოო ჯამში, ვიღებთ დასუსტებულ ადამიანს, რომელიც პირდაპირ ეჯახება გარემოში ამ გამოწვევებს.

 

თუ ბავშვები შეეხებიან დაბინძურებულ ზედაპირებს, არ მოხდება ჰიგიენის ნორმების სათანადოდ დაცვა, მაშინ ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება. სამწუხაროდ, 23 მაისის შემდეგ შევნიშნე, რომ თითქოს ადამიანთა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კორონავირუსი დამთავრდა. საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა აღმოჩნდა ამ დაავადებასთან ბრძოლველაში; ამაში ბევრი ფაქტორი დაგვეხმარა, მათ შორის, ჩვენი პროფესიონალების ჩართულობა,

 

მაგრამ ხალხმა თითქოს დაივიწყა სიფრთხილე, მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვმართებს იმიტომ, რომ ეს არის წარმატება, რომელიც შეიძლება უცებ შეიცვალოს, თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. უამრავი ადამიანი იკრიბება ერთად, არც პირბადე აქვთ, არც დისტანციის დაცვა ხდება, პარკებში სათამაშოებს ბევრი ბავშვი ჰკიდებს ხელს.

 

საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში ბევრგან რიგია, შიგნით გარკვეულწილად იცავენ რეკომენდაციებს, მაგრამ გარეთ განსაკუთრებით დიდი პრობლემაა, რადგან არსადაა მოწყობილი რიგების მართვის სისტემა. სიფრთხილე აუცილებლად უნდა დავიცვათ ნებისმიერ შემთხვევაში.

 

- რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს ნაწლავური ინფექციები?

 

- ნაწლავური ინფექციების უმრავლესობა მოზრდილებსა და ზრდასრულებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში იქაც შეიძლება გართულდეს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს იმ სიმპტომების შესახებ, რა დროსაც განგაში უნდა ატეხონ და ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ. ნაწლავური ინფექციების დროს, დიდი რაოდენობით სითხე იკარგება. მისი დაკარგვა ორგანიზმის სწრაფ გამოფიტვასა და მდგომარეობის დამძიმებას იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ, ღებინებისა და კუჭის მოქმედების სიხშირეს უნდა დავაკვირდეთ. ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი სითხე მივაწოდოთ, უმჯობესია ყლუპ-ყლუპად მიიღოს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ თავიდანვე ექიმს მივმართავთ და მივიღებთ რეკომენდაციებს, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, მივცეთ ბევრი სითხე, თუნდაც გაზგასული მინერალური წყალი. ასევე, უნდა დავაკვირდეთ ორგანიზმიდან წყლის დაკარგვის ნიშნებს. პირველი გამოიხატება ხოლმე ხასიათის ცვლილებასა და შესახედაობაში. ბავშვი უხალისო ხდება, მოძრაობის უნარი შეეზღუდება, დასუსტებულია. როდესაც ის ჭამასა და სითხის მიღებაზე უარს ამბობს, ეს უკვე არ არის კარგი ნიშანი.

 

გაუწყლოების ერთ-ერთი ნიშანია თვალების ჩაცვენა ან, მაგალითად, როდესაც პატარა ბავშვი ტირის და ცრემლები არ ჩამოსდის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კანის ზედაპირზე დაკვირვება. კანის ოდნავ მოჭმუხვნისას, ნაოჭი თუ 1-დან 5 წამამდე არ გასწორდა, ან დუნედ სწორდება, ბავშვი არ რეაგირებს დაძახებაზე, არ შემოდის კონტაქტში, ეს ყველა ნიშანი არის იმის, რომ დაუყოვნებლივ მივიყვანოთ კლინიკაში, სადაც მას გადასხმას გაუკეთებენ და სითხეებით შეავსებენ მის ორგანიზმს.

 

გარდა ამისა, უნდა დავაკვირდეთ ღებინებისა და დეფეკაციის დროს ბავშვის მიერ გამოყოფილ მასებს. ის არ უნდა შეიცავდეს სისხლს ან ჩირქოვან და ლორწოვან მინარევებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე საგანგაშო ნიშანი. კიდევ ერთი ნიშანია, როდესაც ბავშვი ვერ შარდავს, ანუ ვერ გამოეყოფა შარდი. ამიტომ, პროფილაქტიკაა ბევრი სითხის მიწოდება და ექიმთან მიმართვიანობა, რომ შემდეგ დროულად ჩაუტარდეს მკურნალობა.

 

- რა შეგიძლიათ გვითხრათ კავასაკის სინდრომზე, რამდენად სერიოზული დაავადებაა და თუ დაფიქსირებულა საქართველოში?

 

- მისი ზუსტი მიზეზი უცნობია, ფიქრობენ, რომ შესაძლოა კავშირი იყოს კოვიდსა და ამ დაავადებას შორის, თუმცა ეს ჯერ დადგენილი არ არის. მთავარი ამბავი არის ის, რომ უცხოეთში ბევრ ბავშვს განუვითარდა მას შემდეგ, რაც კოვიდზე დადებითი იყვნენ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უნდა ჩატარდეს მთელი რიგი კვლევები, რათა საბოლოო დასკვნამდე მივიდეთ. ზოგადად, ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული. ცნობილია, რომ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თვალების შეწითლება, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია წითელი ფერის გამონაყარი და სხვადასხვა ადგილას ლიმფური კვანძების გადიდება. ასევე, კანის მოწითალო ფერი, შეიძლება რაღაც ეტაპზე კანის აქერცლა დაიწყოს. ბავშვებს თითქოს ქატოსებურად ექერცლებათ სხეულზე კანი, განსაკუთრებით, კიდურებსა და თითებზე. კავასაკის სინდრომი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს სერიოზულ გავლენას. საქართველოში მსგავსი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ ფიქსირდება ხოლმე. ექიმი დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში დროულად უნდა ჩაერთოს. დროულად დაწყებული მკურნალობა ძალიან კარგი გამოსავლით ხასიათდება და მსუბუქად მიდის ხოლმე.

 

-ახლა აგარაკისა და ზღვის სეზონია და მშობლებს ბავშვები დასასვენებლად მიჰყავთ. რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს?

 

- ყველაზე მთავარია, დავიცვათ ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები, რაც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხრიდან. რა თქმა უნდა, მესმის, რომ შეუძლებელია ყველა ბავშვს პირბადე გავუკეთოთ, დიდს უჭირს ამ პერიოდში მისი ტარება. თუმცა, ეს არავის ახირება არ არის, ეს არის რეალობა, რომელიც საჭიროა, რომ თავი დავიცვათ. ხელების ჰიგიენაზე მაქსიმალური ყურადღება გადავიტანოთ და ბავშვს დეტალურად ავუხსნათ, ეს რისთვისაა საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი ფართო თავშეყრის ადგილებში იყო. უმნიშვნელოვანესია საკვების მიღების წინ და საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. ბავშვი მივაჩვიოთ იმასაც, რომ დაიცვას დისტანცია. უცხო ადამიანებთან კონტაქტს მოვარიდოთ. როდესაც მშობლებს კურორტზე ან აგარაკზე მიჰყავს ბავშვი, მთავარია, რომ მისი ჯანმრთელობა გაკაჟდეს. ამიტომ, შეძლებისდაგვარად უნდა მოაწესრიგონ მისი ძილისა და კვების რეჟიმი. ისეირნონ გარეთ, სუფთა ჰაერზე, თუმცა არა მზის ქვეშ. მზეზე გასვლისას ბავშვებს ყოველთვის უნდა ეფაროთ ქუდი და აუცილებლად მოვარიდოთ მზის სხივებს პირველიდან 4 საათამდე იმიტომ, რომ აქტიურმა მზის სხივებმა შეიძლება კანის დაწვა და სხვადასხვა პათოლოგიის განვითარება გამოიწვიოს. მშობელი შეძლებისდაგვარად ახლოს უნდა იყოს მათთან და მუდმივად მეთვალყურეობდეს.

 

-"საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, რომ მოგვიყვეთ, რატომ შეიქმნა, რა იქნება მისი მთავარი მიზანი და რა მიმართულებით იმუშავებს?

 

- ადამიანებმა უკვე კიდევ უფრო კარგად დავინახეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძებებს. როგორ შეიძლება დაავადება ადრეულ ეტაპზევე ავიცილოთ თავიდან. სამწუხაროდ, პრევენციული ღონისძიებების დანახვა ასე მარტივი არ არის. თუნდაც კორონავირუსის შემთხვევაში, საქართველოში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გავატარეთ და ადამიანები გადარჩნენ. არ გვჭირს იგივე, რაც ჩვენს მეზობელ სომხებს, რუსებს, აზერბაიჯანელებს სჭირთ. რახან ასე არ გართულდა ჩვენთანაც სიტუაცია, ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ტყუილად ჩავსვით კარანტინში, ტყუილად შევაწუხეთ და საერთოდაც კორონავირუსი არ არსებობს. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანს მანამ არ აქვს შიში, ვიდრე თავად ან მის ახლობელს არ დაემართება. დღეს უკვე შემცირდა მათი სიფრთხილის ხარისხი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაავადებები და, მათ შორის კორონავირუსი, არსად წასულა. დავდექით საფრთხის წინაშე, რომ შესაძლოა შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს. სწორედ ამიტომ, ექიმებმა და ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით. გვინდა, რომ მედიის ჩართულობით ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე პროფესიონალების რჩევები და რეკომენდაციები მივაწოდოთ საზოგადოებას. გვინდა, რომ გაიზარდოს ცოდნის დონე და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა. თუნდაც ის, რომ ვიყენებთ პირბადეს, ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს, ეს არამხოლოდ კოვიდის პროფილაქტიკაა, ამ გზით ბევრ სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას ავიცილებთ თავიდან. წინა წლებს რომ შევადაროთ, სხვა დაავადებების სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა, დიდხანს კარანტინში ვერ ვიქნებით და მთელი ცხოვრება ვირუსს ვერ დავემალებით. სწორედ ამიტომ, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანებს ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ უსაფრთხო გარემო შევქმნათ. ესეთი დევიზი გვაქვს - "უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავალი". შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნაკლებად იქნება შანსი რომ ვინმე დაავადდეს, განსაკუთრებით ბავშვები. ჩვენი მთავარი მიზანია, ინფორმაცია მივაწოდოთ კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებსაც მჭიდრო შეხება აქვს ადამიანებთან, ეს იქნება რესტორნები, კერძო ბიზნესები, გასართობი ცენტრები თუ სხვა. უხილავ მტერზე, რომელიც რეალურად არსებობს და რომლის შესახებაც ჩვენ ყველამ ვიცით, აუცილებელია ავამაღლოთ ცნობიერება. ერთია ის, რომ კონკრეტულ დაწესებულებებს მივაწოდებთ ინფორმაციას, როგორ უნდა დაასუფთაონ და გაატარონ ღონისძიებები, რომ ადამიანებისათვის იქ მისვლა უსაფრთხო იყოს და მეორე მხრივ, თავად საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რა სტანდარტები უნდა დახვდეს თუნდაც გასართობ ცენტრში, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. შესაბამისად, თავადაც უნდა მოითხოვონ უსაფრთხო სერვისი და ამით ანგარიშვალდებულება გაუზარდონ მფლობელებს. მაგალითად, ბავშვთა გასართობ ცენტრში გამოკრული უნდა იყოს სპეციალური ტაბლო, სადაც უნდა დაფიქსირდეს დალაგება-დასუფთავების დრო. ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. მთავარია ჯანმრთელობა, მის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. ადამიანურად, ყველასი ძალიან კარგად მესმის, ვისაც კორონავირუსის გამო ეკონომიკური ზიანი მიადგა და ამბობენ, რომ რა დროს სახლში ჩაკეტვა და ღონისძებების გატარებაა, როცა ასე უჭირს ხალხსო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მათ შვილს რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას, ეკონომიკურ საკითხებსა და ჯანმრთელობას შორის, უპირობოდ ჯანმრთელობას აირჩევენ. ინფექციური დაავადებების პრევენცია და თავიდან აცილება შედარებით მარტივია, როდესაც არსებობს ცოდნა. სწორედ ცნობიერების ამაღლების მიზნით გავერთიანდით.

 

თამარ იაკობაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი