logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვირუსები მუდმივ განახლებას და მუტაციას განიცდიან
- +

13 ივნისი. 2020. 18:48

 

 

„ვირუსები განიცდიან მუდმივ განახლებას, ტრანსფორმაციას, მუტაციას” - ამის შესახებ პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „შემდეგი გაჩერების“ ეთერში ისაუბრა. კითხვაზე, რა ტიპის ვირუსია კოვიდ19 და რამდენად შეესაბამება სიმართლეს კონსპირაციის თეორიები მის სავარაუდო ხელოვნურ გავრცელებაზე, ცერცვაძე პასუხობს, რომ მსგავსი მოსაზრებები თითქმის ყველა ახალი პანდემიის დროს იჩენს თავს.

 

„არიან მომხრეები იმ პოზიციისა, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება და ყველანაირი ინსინუაციები ვირუსის ხელოვნურად გავრცელებაზე ჭორია. არსებობს მეორე კატეგორია, ასევე წონიანი ექსპერტების, რომლებიც თვლიან, რომ ის არის ხელოვნურად შექმნილი და გავრცელებული ლაბორატორიაში. არის კიდევ მოსაზრება, რომ ხელოვნურად შექმნილი და გავრცელებული არაა, მაგრამ არის ხელოვნურად შექმნილი და გაჟონა ლაბორატორიიდან. ასეთი ვერსიაც არსებობს. ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება. ყველა შემთხვევაში, როცა ჩნდებოდა რაღაც უცნობი ვირუსი და გლობალურ საფრთხეს ქმნიდა, ასეთი თეორიები მაშინვე ამოტივტივდებოდა ხოლმე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, შიდსზეც არსებობდა მსგავსი ვერსიები, თითქოს ის იყო შექმნილი სადაზვერვო ინსტიტუციებში და გავრცელებული იყო ხელოვნურად, მაგრამ კატეგორიულად გამოირიცხა ასეთი მოსაზრება. ახალი კორონავირუსის პანდემიისას კი მსგავსი თეორია კვლავ გამოჩნდა.

 

„ვირუსები განიცდიან მუდმივ განახლებას, ტრანსფორმაციას, მუტაციას, ისინი განიცდიან სერიოზულ მუტაციებსაც, როდესაც ხდება პრინციპულად ახალი ბუნების შტამის წარმოქმნა, ასევე განიცდიან მცირე, ე.წ. წერტილოვან მუტაციებს, შემდეგ ეს მცირე ცვლილებები გროვდება და საბოლოო ჯამში შეიძლება ტრანსფორმირდეს დიდ ცვლილებად, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია შექმნილიყო ბუნებრივი გზით, ისევე როგორც არაა გამორიცხული შექმნილიყო ხელოვნურად. მე კატეგორიულად არ მგონია, რომ ის შექმნეს და გაავრცელეს ხელოვნურად, და თუ შექმნეს სამეცნიერო, სამხედრო ან სხვა მიზნებისთვის, მან გაჟონა უხანის ლაბორატორიიდან. მაინც მგონია, რომ ეს ბუნებრივად შექმნილი და გავრცელებული ვირუსია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი