logo_geo
ეკა ჭყონია: გადამეტებული სისასტიკე და აგრესია, რომელიც ბავშვში დროულად არ არის შემჩნეული, შესაძლოა, ტრაგიკულ ქმედებაში გადაიზარდოს!
- +

15 ივლისი. 2020. 12:29

 

 

ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ  შეძრა ჩვენი საზოგადოება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ტრაგედია არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება!

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი გახდა იმ ვითარების მსხვერპლი, რომელიც არ შეიცვალა, თუნდაც „ხორავას ქუჩის“ ტრაგედიის შემდეგ: „ჩვენ ჩვენი შვილების ტრაგედიით ცხოვრებას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ იქნება ხალხის დაკვეთა, რომ მოხდეს დანაშაულის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. 30 წელია, ვუყურებ, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აინტერესებს განათლების სისტემა. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია ამქვეყანაზე. ვინ უნდა აუხსნას მას ეს ყველაფერი? გიორგი არის ვითარების მსხვერპლი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში!“

 

რატომ გახშირდა მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევები და სად უნდა ვეძებოთ იმ უსაზღვრო აგრესიის მიზეზები? აღნიშნული საკითხის შესახებ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყონია გვესაუბრება:

 

- პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ყველა მის ახლობელს. როდესაც ქვეყანაში ხდება ასეთი ძალადობრივი აქტი, საზოგადოების ფსიქიკაზე უკიდურესად ნეგატიურ ზეგავლენას იწვევს.

 

სამწუხაროდ, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არავინ ზრუნავს. მშობლები ფიქრობენ შვილების ფიზიკურ განვითარებაზე, აქცენტს აკეთებენ მათ წონასა და სიმაღლეზე, მაგრამ ფსიქიკურ პრობლემაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას. ამავდროულად, სახეზეა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სპეციალისტთა ნაკლებობა - ვერც მშობელი და ვერც მასწავლებელი ვერ ხვდებიან, როდის ეწყება პრობლემა ბავშვს.

 

საქართველოში გვყავს მხოლოდ 12 სერტიფიცირებული ბავშვთა ფსიქიატრი. არადა, ფსიქიკურ აშლილობათა 75 პროცენტი სწორედ ადრეულ ასაკში იწყება.

 

- არის თუ არა პირდაპირ კავშირში სუიციდისა და მკვლელობის ფაქტები ფსიქიკურ დარღვევებთან?

 

- ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, ცხადია, პირდაპირ კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. როდესაც ფსიქიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას რატომღაც ჰგონია, რომ განგაში მხოლოდ ფსიქოზების შემთხვევაშია ასატეხი. არადა, გადამეტებული სისასტიკე ან აგრესია, რომელიც ბავშვში დროულად არ არის შემჩნეული და ნამართი, შესაძლოა, გადაიზარდოს რადიკალურ, ტრაგიკულ ქმედებაში! ბოლო პერიოდში მოზარდებში მკვლელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა, არავინ დაფიქრებულა, რატომ გახშირდა ძალადობრივი ქმედებები?

 

- არის შემთხვევებიც, როდესაც მოზარდს მკვეთრად გამოხატული პრობლემები არ აწუხებს და როგორ ამოიცნოს მშობელმა  საფრთხე?

 

- იმისათვის, რომ ბავშვის ფსიქიკას გარკვეული პრობლემები შეექმნას, არსებობს მთელი რიგი რისკ-ფაქტორები. როგორც პედიატრთან დაჰყავს პატარა, ისევე უნდა მიიყვანოს მშობელმა ბავშვი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. ძირითადად პრობლემები ექმნებათ იმ ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან დისფუნქციურ ოჯახში. ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახში მუდმივად ჩხუბი და აყალმაყალია. შესაძლოა, მშობლებს, უბრალოდ, არ ჰქონდეთ დრო შვილებისთვის. შესაბამისად, იმ ემოციურ კავშირსა და სითბოს, რომელიც ფსიქიკის სრულყოფილი განვითარებისთვის არის საჭირო, ბავშვი  დედ-მამისგან ვერ იღებს. ამ შემთხვევაში შესაძლოა, მისი ფსიქიკა სათანადოდ ვერ განვითარდეს და არ ჩამოუყალიბდეს სიყვარულის, თანაგრძნობისა და სხვისი ტკივილის გათავისების უნარი.

 

ბავშვის მხრიდან ნებისმიერი ფორმით სისასტიკის გამოვლენა უკვე ფსიქიკური პრობლემის მანიშნებელია. მე შეიძლება, ვინმეზე გავბრაზდე, ხელითაც შევეხო, მაგრამ დავინახო, რომ მას ვატკინე და გავჩერდე. ადამიანი ბოლომდე მიდის სისასტიკესა და მკვლელობაზე, როდესაც თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია. ამ კუთხით საჭიროა, შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და სახელმწიფოს მიდგომა. პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ მოზარდის სწორი ფსიქიკური განვითარება. ხშირად სწორედ ძლიერი ფსიქიკის ადამიანები (მიუხედავად მათი ფიზიკური ნაკლისა) დიდ შედეგებს აღწევენ კარიერაში. მაშინ, როდესაც უზადო გარეგნობისა და ბრწყინვალე გონების ხალხი (თუკი მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ) როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს უქმნიან საფრთხეს.

 

- ძირითადად რა კატეგორიის ბავშვები შედიან რისკ-ჯგუფში?

 

- ვის ოჯახშიც ემოციური სიცივეა გაბატონებული. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი, ფიზიკურად ეხებოდე და სცემდე შვილს. როდესაც მშობელი არ გასცემს სითბოსა და სიყვარულს, ბავშვი იწყებს ჩაკეტვასა და ძალადობას მასზე სუსტზე. ასეთი ბავშვი დადის სკოლაში და უჭირს ურთიერთობა თანატოლებთან, პედაგოგებთან. საზოგადოება ასეთ ბავშვს უწოდებს მძიმეს და იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს, რიყავს. ვთვლი, რომ აუცილებელია, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს ჰყავდეს შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ამ ე.წ. მძიმე ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. საშინელ სტრესს განიცდიან ის პატარები, რომელთაც მშობელი არ ჰყავთ გვერდით. ჩვენი ერის ტრაგედიაა ე.წ. სკაიპის დედები, რომელთაც ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ მოუხდათ გადახვეწა!

 

- რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე აგრესიული შინაარსის ვიდეოები, ფილმები და კომპიუტერული თამაშები?

 

- როდესაც ბავშვი უყურებს აგრესიულ ვიდეოს ან ყოველდღიურად თამაშობს ისეთ კომპიუტერულ თამაშს, სადაც მისი მისია ადამიანების ხოცვაა, მკვლელობა ქვეცნობიერში ნორმად აღიქმება და უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, ტელევიზიებიდან საშინელი ძალადობა და აგრესია იღვრება. მე თუ მკითხავთ, ასეთი ღია დაპირისპირება და ლანძღვა-გინება კატეგორიულად უნდა აიკრძალოს, რათა მომავალ თაობას საბედისწერო დაღი არ დაესვას.

 

სამწუხაროდ, დღეს არსებობს მიკროსოციუმები, სადაც, რაც უფრო, ცივი, უკარება, სასტიკი და ცინიკოსი ხარ, მით მეტ პატივს გცემენ. უფრო მეტიც, ახალგაზრდების მიერ ხდება ასეთი ადამიანების გაიდეალება. ოჯახში, სადაც მუდმივად დასცინიან და განიკითხავენ ხალხს, კეთილი და სხვაზე უანგაროდ მზრუნველი ადამიანის აღზრდის შანსები მიზერულია. აგრესია შობს აგრესიას. როდესაც შენ სჯი ადამიანს, ვისი დასჯაც შეგიძლია, ისიც, თავის მხრივ, ცდილობს, უფრო სუსტი დასაჯოს. როგორც სიკეთეა გადამდები, ასევეა ბოროტება და აგრესიაც. კეთილშობილება არის ყველაზე დიდი ძალა და იარაღი, რომლითაც არამარტო საკუთარ ჯანმრთელობას დაიცავთ, არამედ გარშემომყოფთა ფსიქიკასაც იხსნით!

 

- დაბოლოს, რა გზით უნდა მოხდეს ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების პრევენცია?

 

- ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ბავშვთა და მოზარდთა ქცევითი აშლილობებისა და აგრესიის პრევენციული პროგრამები. რიგმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მოხუცებულთა თავშესაფრებისა და საბავშვო ბაღების ერთ სივრცეში მოქცევა, რათა მათ დადებითი ენერგია გაცვალონ და იზრუნონ ერთმანეთზე. დეპრესიათა რიცხვმაც საგრძნობლად იკლო, რაც მოხუცთა თავშესაფრის ტერიტორიაზე უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლები მოეწყო და სტუდენტები ხანდაზმულებთან ურთიერთობენ. გახსოვდეთ, მოზარდის სასიცოცხლო ენერგია უნდა დაიხარჯოს ფიზიკურ აქტივობაში, სწავლაში, ხელოვნებასა თუ სხვა ადამიანების დახმარებაში! ეს გახლავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე დიდი ხელშეწყობა. თუკი საქართველოს მოსახლეობას უნდა ბედნიერი მომავალი, რომელიც პირდაპირ გადის ჩვენი შვილების ჯანსაღ ფსიქიკაზე, საზოგადოებაში უნდა გახდნენ ავტორიტეტები დიდსულოვანი, კეთილი და ღირსეული ადამიანები და არა მოძალადეები!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი