logo_geo
შალვა ამონაშვილის: რაც უფრო მეტად დედა ხარ, მით უფრო ჩაგრავ შვილს!
- +

31 ივლისი. 2020. 22:49

 

 

„სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში! მიდით და უთხარით მათ, გაგიხსნან სკოლის კარი! დაწერეთ ინტერნეტში, გაზეთებში. მშობლებო! ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?” – აცხადებს აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი.

 

ბავშვთა ფსიქოლოგ და პედაგოგ შალვა ამონაშვილს, „პრაიმტაიმი“, თელავში, კერძოდ სოფელ ბუშეტში, „ამონაშვილების სამოთხეში“ ბავშვთა ბანაკ „მზიანეთს“ ეწვია, სადაც ოჯახთან ერთად, პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინოვაციურ პროგრამაშია ჩართული. 89 წლის აკადემიკოსი, სკოლაში განვითარებულ რამდენიმე საინტერესო საკითხზე და ბავშვთა პრობლემებზე, ექსკლუზიურად საუბრობს:

 

- სკოლის დასრულების შემდეგ, ბავშვები ფიქრობენ, რომ ცოდნის ნახევარი დრო გავლილი აქვთ და ჰგონიათ, რომ ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებთ. ვიცით, რომ ცოდნის ორი მესამედი გაქრება, ვიდრე ბავშვი სკოლას დაამთავრებს?

 

ის ცოდნა, უკვე აღარ ექნება. ასე მგონია, რომ ბავშვები ფაქტიურად, „სასაფლაოზე“ გაგვყავს და ვეუბნებით – ჩემო ძვირფასებო, მე ვარ თქვენი მასწავლებელი და გიხსნით გაკვეთილს: – აქ ნიუტონია დასაფლავებული, თან ვახსენებ ნიუტონის კანონს. აქ მენდელეევია, გაიხსენეთ მენდელეევის კანონი. ფაქტიურად, ბავშვი „ცოდნის სასაფლაოებზე“ მიგვყავს.

 

მაგრამ მეცნიერებას, თავისი ჰორიზონტები აქვს. ჰორიზონტები – იპოთეზებში, თეორიებში, ახლანდელ ექსპერიმენტებშია, რომელიც ჯერ ვერ შესრულდა. ეს თუ არ ასწავლე ბავშვს, მაშინ რა ცხოვრებისთვის ამზადებ?

 

როგორც კი დამამთავრებელ გამოცდებს ჩააბარებს, ამ ცოდნას დაივიწყებს. უკვე არც ლექსი უნდა, არც არითმეტიკა და აღარც რომანი. ბედნიერია, რომ მოცილდა, დაამთავრა სკოლა. მახსოვს, სკოლას რომ ვამთავრებდით, კედლებზე სამელნეებს ვახეთქებდით.

 

 

– პროტესტის ნიშნად?

 

- დიახ, მაგრამ სკოლა არაფერ შუაში იყო. მიხაროდა, რომ მოვცილდი მასწავლებელს, რომელიც თავზე „მაჯლაჯუნასავით“ მაჯდა. ხშირად მიწერდნენ ორიანებს და როგორ უნდა მყვარებოდა ჩემი მასწავლებელი.

 

– რამდენად შეიცვალა მიდგომები?

 

- შევცვალეთ პირობებიც და სახელმძღვანელოებიც. მივიღეთ, სრულიად განსხვავებული ბავშვი, თავისი განვითარებით და რაც მთავარია, ზნეობით. ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ, ბავშვის ზნეობრიობას.

 

რუსეთის ექსპერიმენტის მიხედვით, მთავარი იყო, სწვალების და არა აღზრდის დაწინაურება. ჩვენ კი, უზნაძის თეორიით ვისარგებლეთ, განათლების თეორია განვახორციელეთ და მივიღეთ, განსხვავებული სახე. ამიტომ ჩვენი ექსპერიმენტი, უფრო ცნობილია, ვიდრე საბჭოთა კავშირის.

 

– რამდენ ხანს ისწავლებოდა სკოლებში, თქვენი ექსპერიმენტით და შედეგები მიიღეთ?

 

- 1964 წელს 7 კლასი, 1965 წელს კი, თელავის რაიონში, ყველა კლასი გაიხსნა, რასაც საქართველოს რაიონების სკოლების ორი მესამედი დაემატა. ძირითადად, მთელი რაიონების სკოლები, ექსპერიმენტული გახდა. დასავლეთ საქართველო, მათ შორის აჭარა, კახეთის ყველა რეგიონი, მხოლოდ გურჯაანის და ქართლის რაიონების სკოლები დავტოვეთ, შედარების შესაძლებლობა რომ გვქონოდა.

 

გავიდა 16 წელი, ამ თაობის ბავშვებმა დაამთავრეს საშუალო სკოლა, უმაღლესი. რა შედეგი მივიღეთ, რა ხალხი ჩამოყალიბდა? თუ მაგალითად მედალოსნების რაოდენობით გაიზომება, თელავში, 2 -ჯერ მეტი მედალოსანი იყო, ვიდრე გურჯაანის რაიონში. თელავის რ-ნის თითქმის ყველა კლასში, შეფასების საერთო მაჩვენებელი – 4,2 იყო, ხოლო გურჯაანში – 3,1, მეტს ვერ აღწევდა. ეს სწავლის დონის მაჩვენებელი იყო, ამავე დროს, ჩვენი ბავშვები ისე მიგვყავდა ბოლო კლასამდე, რომ თამბაქოს არ ეწეოდნენ და მილიციაში, არ იყვნენ აღრიცხვაზე.

 

– სავარაუდოდ, უდიდესი შრომის ხარჯზე მიაღწიეთ შედეგს…

 

- ძალიან დიდი შრომის და ალბათ, ესეც ერთ-ერთი საგანია. ვასწავლიდით, არა მარტო ლექსებს, რომელიც ბავშვის განათლებას ბევრს არაფერს აძლევს, არამედ ვაკეთებინებდით ისეთ საქმეებს, სადაც სამშობლოს სიყვარული, თავისთავად ისახებოდა მათში. სიტყვა – სამშობლო, მათთვის არ ნიშნავდა „ქუჩას“.

 

 

ვცდილობდი, მათთან ერთად ვყოფილიყავი. ამ თაობის ბავშვებიდან, ბევრი ცნობილი სახე ჩამოყალიბდა, რომლებიც სხვადასხვა საქმეში, გამოჩენილები გახდნენ. რაც მთავარია, ისინი კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, კარგი ოჯეხები აქვთ და შვილებსაც სამაგალითოდ ზრდიან.

 

ყველა ჩემი მოწაფე, ერთად რომ შევკრიბო, ალბათ, ძალიან მცირე ნაწილი იქნება, ვისაც ოჯახი დაენგრა. მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ამავე დროს, ბევრს მოწონდა ჩემი მეთოდიკა. ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდა და მეც ყველს მტრად ვღებულობდი, იმ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.

 

– დაამარცხეთ მტერი?

 

- ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მტერი არ არსებობს, ჩათვალე, რომ ის, შენი მასწავლებელია. გაუძელი მტერს, ის ისედაც, თავის თავის უბედურია. გამოსავალი იპოვე და გაძლიერდები. როცა ამას მივხვდი, ძალიან შევიცვალე. იყავით კეთილი, მიმტევებელი და მეტად ამაღლდებით. თუ მას გაუტოლდები, დამდაბლდები, უფრო ცუდი გახდები, თორემ, თავმდაბლობა კარგი ნიშანია.

 

ვინც ეს დაძლია, ის გამარჯვებულია ცხოვრებაში. ვინც წყენა, სიამაყე ჩაირჩინა, ჩათვალეთ, რომ უკვე დამარცხებულია. ყველაფერი უნდა გიხაროდეს, თუნდაც ეს წვიმა, რომელიც ახლა მოდის. ეცადე, რომ ყველა და ყველაფერი შეიყვარო. ვინც მტრად მიმაჩნდა, ყველა შევიყვარე და ყველას შევურიგდი. ზოგს დავურეკე, ზოგი თავად მოვიდა ჩემთან.

 

– როდის მოხდა თქვენში ასეთი გარდატეხა? თქვენი თაობა ნაკლებად იყო რწმენაში და ტაძარშიც იშვიათად დადიოდა…

 

- ჩემი ასეთი გარდატეხა, დაახლოებით 90 -იანი წლებიდან დაიწყო. იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს დეპუტატად ამირჩიეს და ორი წელი, მოსკოვში გავატარე. გავეცანი, სულ სხვა ცხოვრებას, შევხვდი, განსხვავებულ ადამიანებს, სხვა მოძრაობა დავინახე. სახელმწიფოში, შეიძლება ბოროტებაა, მაგრამ ხალხში ბევრი კეთილშობილებაა.

 

ბევრი გაჭირვებული ადამიანიც არის. ისინი ძალიან ბუნებრივი და ქართველების მიმართ, ძალიან მოსიყვარულეები არიან. რუსეთის ბევრ მხარეში ვარ ნამყოფი, მათ შორის ტაიგაში, სახალინზე. ტაიგაში, წელიწადში ერთი კვირა იხსნება გზა, უნდა შეასწრო და გამოასწრო. მგონი რუსებმა არ იციან თავიანთი ქვეყანა ისე, როგორც მე. სადაც ჩავიდოდი, ხალხი ხან „სულიკოს“ მიმღეროდა, ხან „ჩემო ციცინათელას“.ზოგჯერ  ჩემი სიამოვნებისთვის, ქართულ ცეკვებსაც კი ცეკვავდნენ – ქართველების მიმართ, ძალიან ფაქიზი სიყვარული გაჩნიათ.

 

იმ პერიოდში ეკლესიაში ნაკლებად დავდიოდი, ძირითადად, როგორც ისტორიულ ძეგლში, ისე დავდიოდი, მაგრამ გული, ყოველთვის მიმიწევდა. კომკავშირელი ვიყავი და რელიგიიდან შორს. როცა ი. გოგებაშვილის კლასიკური პედაგოგიკა შევისწავლე დავინახე, რომ ყველა კლასიკა, ქრისტიანულ მოძღვრებაზეა აგებული. ისიც დავინახე, რომ მთელი კლასიკური ლიტერატურა, ამავე მოძღვრებაზეა შექმნილი.

 

მივხვდი, რომ თუ რწმენა არ მექნება, კლასიკას, ღრმად ვერ გავეცნობი, რადგან ის მეცნიერებიდან არ მოდის. არსებობს ღმერთი, რომლისთვისაც ვემზადებით, რომ შევხვდეთ. ადრე არ ვიღებდი ამ თეზისებს, მაგრამ როცა ჩავწვდი, რომ ეს არის ფესვი, რითაც კლასიკა, კლასიკოსი ხდება, ამის შემდეგ დავიწყე შესწავლა.

 

– ყველაფერი მაინც სიყვარულთან მიდის…

 

- სიყვარული – ყველაფრის ძალაა. ქართული სიმღერას მოვიშველიებ -„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. ეს არის ჩვენი ცხოვრების გზა. რა გვაქვს გასაყოფი, პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი სიმდიდრე გვაქვს და შეძლებისდაგვარად გამოვიყენოთ. სტუმარი გავახაროთ ჩვენი დახვედრით, თუ მივალთ მასთან, ჩვენი ხურჯინით მივიდეთ.

 

– რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი ოჯახში, თქვენმა მეუღლემ, რა გავლენა მოახდინა თქვენ პიროვნებაზე?

 

- ხელი რომ მოვაწერეთ, მეუღლესთან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მამა ახალი დაღუპული ჰყავდა და დედა მარტო ცხოვრობდა. დედაჩემა ჩემ მეუღლეს უთხრა, მარტოხელა ქალმა, ორი შვილი გავზარდე, მაგრამ ბევრი დარჩენილი მაქვს და დანარჩენი შენ გაზარდეო. ეს სიტყვები, ჩემმა მეუღლემ სერიოზულად მიიღო და მართლაც დაიწყო ჩემი აღზრდა.

 

მინდა გითხრათ, რომ ქმარი, ცოლის უფროსი შვილია. მერე მოჰყვება მეორე და მესამე შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ქმარს, პირველი სიტყვა ეკუთვნის ოჯახში, სამაგიეროდ პირველი შვილია. თუ ქალი ამას გაიგებს და ისეთივე ალერსით მოექცევა, როგორც პირველ შვილს, მეტად შეინარჩუნებს ოჯახს. სწორედ, ეს გააკეთა ჩემმა მეუღლემ.

 

– გამოდის, რომ ცოლი, მეტად ზრუნავს ქმარზე…

 

- ქმარი, ცოლს არ უვლის. შეიძლება მატერიალურად უზრუნველყოს, პროდუქტი მიიტანოს, მაგრამ ფაქტია, რომ ცოლს, მეტი მზუნველობა აქვს – ურეცხავს, უუთოებს, ასადილებს და ა. შ. – ცოლი ემსახურება ქმარს და ქმარი უფრო მეტად თავისუფალია. ქმარს, პირველი „სკრიპკა“ უნდა ეჭიროს ოჯახში, უნდა კითხოთ მაინც, რა და როგორ გადაწყვიტოთ.

 

თუ ეს პირველი სიტყვა, თუნდაც ნომინალურად, ქმარს არ ექნება, „დინასტია“ ირღვევა. ცოლმა უნდა მისცეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი, საკმაოდ რთულია, მას აუცილებლად, გარკვეული „გადახრები“ ექნება.

 

– ბევრისგან მსმენია, ჩემ ქმარს დედა ხომ არ ვგონივარო …

 

- ვინც ურჩი ქმარია და ცოლს არ მიენდობა, ბევრს დაკარგავს. ქალი დედაა, როგორც პირველი შვილის, ასევე ქმრის. დედური მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს, რომ არა მარტო ცოლი, არამედ ქალია თავისი ქმრისთვის. პროფესიულად ცოლი არ უნდა გახდეს. არის საწოლი, ურთიერთობა, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ამ თვისებით, ის ქალია.

 

მამაკაცმაც უნდა იცოდეს, მაგრამ ქალის საზრუნავიც ასეთია. ჩემი მეუღლე ვალერია, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე, ბევრი რამე მომცა – ძლიერი ნებისყოფა, თავშეკავება განმივითარა. ძალიან თავშეკავებული ქალი იყო და ხშირად მირჩევდა – მოეშვი, დაანებე თავიო. ვფეთქდებოდი, როგორ დავანებო მეთქი, მაგრამ მისი სიმშვიდე, როგორც ცივი წყალი, ისე გადამესხმებოდა და ვმშვიდდებოდი.

 

– არ გყვებოდათ კამათში…

 

არასდროს. ეძებდა, რომ ვითარება გაენეიტრალებია, რა თქმა უნდა, იქ სადაც საჭირო იყო. სადაც არა, პირდაპირ „რქებით“ მიშვებდა – მიდი, ნუ გეშინია, მიაწექიო. ასე ვცხოვრობდით და ამიტომ, ჩემი პედაგოგიკა, როგორც „ჰუმანური პედაგოგიკა“ ისე ჩამოყალიბდა.

 

– აგვიხსენით, რას ნიშნავს „ჰუმანური პედაგოგიკა“?

 

- ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს „ჰუმანური პედაგოგიკა“. ამ სიტყვას, მარტივი გასაღები აქვს. ავიღოთ სიტყვა – „ჰუმანური“ და შევხედოთ, რაც ჩვენ ვიცით. თვითონ სიტყვამ უნდა გვითხრას, რა მოგვიტანა. ერთმა თქვა, სიტყვა, როგორც პატარა გემი, აზრის მატარებელიაო. ეს გემი, ჩემკენ მოცურდა და შორეული წარსულიდან, რაღაც მომიტანა.

 

რა დევს ამ სიტყვაში? „გიყვარდეს მოყვასი შენი“ და ამით, თითქოს ამოიწურა მთელი ჰუმანურობა. მაგრამ ეს არ არის ჰუმანურობის გასაღები. სიტყვა „ჰუმენ“- ნიშნავს სასტიკს, თარგმანში კი – მოკვდავი ადამიანი, რომელიც თავის თავში უკვდავებას, ღმერთს ეძებს. რომელიც საკუთარი თავის, სულის გამოცნობაშია.

 

– რა სახელმძღვანელოებს იყენებდით თქვენ სასწავლო პროგრამაში?

 

- ნებართვის აღება რომ მომინდომებია, „ცეკა“ არასდროს მომცემდა უფლებას, რომ ჩემ პროგრამაში შემეტანა, ის სახელმძღვანელოები, რასაც ვიყენებდი. არალეგალურად ვბეჭდავდი სახელმძღვანელოებს – მივდიოდი სტამბაში, სადაც მამაჩემის მეგობრები მხვდებოდნენ და ცენზურის გარეშე მიბეჭდავდნენ. ეს რომ გაეგოთ, მაგადანს უფრო ადრე ვნახავდი.

 

ვერ წარმოედგინათ, რომ საბჭოთა ქვეყანაში, ცენზურის გარეშე რამე შეიძლება დაბეჭდილიყო. როცა ბ-ნი ედუარდ შევარდნაძე „ცეკას“ მდივანი გახდა, ეს ამბავი, მხოლოდ მას გავანდე. ჯერ ინსტიტუტში და შემდეგ სკოლაში გვესტუმრა. სკოლის დირექტორის კაბინეტში შევიკრიბეთ და ჩემი წიგნები გადმოვუწყე. მითხრა, მაქვს ეს წიგნები, კაბინეტში ჩემ მაგიდაზე დევსო.

 

როგორ მოგწონთ-მეთი. ძალიან კარგიაო, მიპასუხა. რატომ მეკითხებიო. მე ვუთხარი, რასაც ეხლა გეტყვით, ძალიან გთხოვთ, ვინც ამ საქმეში დამეხმარა, არ დასაჯოთ მეთქი. ეს წიგნები, ცენზურის გარეშე გამოვეცი-მეთქი. გადაშალა და მართლაც არ იყო ცენზურა. მოვუყევი სიმართლე – კოსტავას ქუჩაზე „კომუნისტის“ რედაქციაში, მამაჩემის მეგობრების მიერ დაბეჭდილი, უცენზურო წიგნების ისტორია. ვთხოვე, თუ მოგწონთ, არ დასაჯოთ ეს ადამიანები მეთქი.

 

– და რა რეაქცია ჰქონდა?

 

- ვინმე სეხნიაშვილი იყო იმ დროს განყოფილების გამგე და ბ-მა ედუარდმა უთხრა, დაურეკე იმ სულელებს და უთხარი, ამ ბიჭს, ხელი არ შეუშალოთო. ამის მერე, ჩემთვის არავის ხმა აღარ გაუცია. ამის შემდეგ, რა ვუსურვო მასწავლებელს? იატაკქვეშა მუშაობა, კომუნისტებმა გვასწავლეს – ავლაბრის სტამბა, არალეგალური გამოცემა. არ ჯობია, თუ ლეგალურად არ გამოგდის, არალეგალურად, საუკეთესო ბავშვები გაზარდო.

 

განათლების სისტემას, არ ვაკრიტიკებ, არც ვიცი ვინ არიან. ადრე დავდიოდი მათთან და ჩემ პროექტს ვთავაზობდი. კარგად მიღებდნენ, ყველაფერზე მეთანხმებოდნენ, მაგრამ მათგან, არავითარი გამოხმაურება არ მიმიღია – იქვე ივიწყებდნენ ყველაფერს. ბევრჯერ ვიყავი და მივხვდი, რომ ჩემი პროგრამით სწავლა, აქ არავის ჭირდება. 89 წლის კაცი ვარ, რატომ უნდა ვეხვეწო, ფაქტია, არ უნდათ. დაწყებითი კლასებისთვის, ძალიან კარგი სახელმძღვანელოები მაქვს შექმნილი. თუ დავჭირდები, დამიძახონ და მივალ.

 

– რომელიმე ქვეყანა სარგებლობს თქვენი პროგრამით?

 

როგორ არა, რუსეთი, სადაც სახელმწიფო პრემია გადმომცეს – რუსეთის განათლების სივრცეში „ჰუმანური პედაგოგიკის“ დანერგვისათვის, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. მანამდე კი დიმიტრი მედვედევმა, მისი პრეზიდენტობის დროს. ხშირად გუბერნატორები მიწვევენ, ფულაც მიხდიან, რომ სემინარი ჩავატარო. დღემდე ასე გრძელდება. ახლანდელი სკოლა, უფუჭებს ბავშვს ფსიქიკას. საბჭოთა სკოლა, დღემდე ეტალონია დონით და ხარისხით. თუმცა სწავლების წესი, ცუდი იყო.

 

– სუიციზმი გაახალგაზრდავდა… მიზეზი რა არის?

 

უამრავი მიზეზია – მშობლიდან დაწყებული, სკოლამდე დამთავრებული, ასევე, ცხოვრების საერთო წესი. სკოლა ანგრევს ბავშვს, თუ მასწავლებელმა შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვი წავა და პედაგოგს დასჯის – მაგალითად თავს ჩამოიხრჩობს. თუ მამამ ქალიშვილს შენიშვნა მისცა, ის მამას სჯის. ბავშვები იკლავენ თავს, არა იმოტომ, რომ თავის მოკვლა უნდათ, არამედ სჯიან დიდებს. ჩვენ დავტირით, მაგრამ ეს „ნიანგის“ ცრემლებს ჰგავს, რადგან ჩვენ მიგვყავს ამ ზომამდე და არ დავეხმარეთ, რომ ეს არ ჩაედინა. სუიციზმი კიდევ მეტად გამრავლდება, სანამ ბევრი არ შეიცვლბა.

 

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

 

- რჩევები უამრავია, შეიძლება გითხრას – სად მაქვს ამის ნერვები, მოთმინება. თითქოს, ეს ყველაფერი, თელავის ბაზარში იყიდებოდეს. გამოსავალი, შენში უნდა ეძებო. თუ შენი თავი არ დაძარი, არაფერი გეშველება. რა არის რჩევა? ნათქვამია, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვართ, ცულის ტარზეც მოთავსდებიანო. ახალმა კორონავირუსმა რა ქნა? – ჩაგვკეტა სახლებში, სადაც ზოგს პატარა ბინები ჰქონდა. შეიძლება ვიღაცას დიდიც, მაგრამ კორონას დროს, მაინც პატარა აღმოჩნდა.

 

ასეთი ადამიანებისთვის, ჩემი უზარმაზარი ტერიტორიაც კი, პატარა იქნებოდა. ვფიქრობ, რომ გამოგვცადეს, კორონაც ვიღაცამ მოგვიწყო და არა ბუნებამ. ეს არის ხელოვნური, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კარგი აქედან გაკვეთილები გამოვიტანოთ:

 

ჩვენ შევიკეტეთ ჩვენ ოთახებში და მე და ვალერია, ერთად რომ ვყოფილიყავით, ჩვენ უფრო მეტად დავინახავდით, თუ როგორ გვყვარებია ერთმანეთი. სიტყვას გავუფრთხილდებოდით, ერთმანეთის ხასიათს უფრო ღრმად ჩავწვდებოდით. ჩავუძვრებოდით სულში ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ სიყვარული გვქონდა. იმ ოჯახებში, სადაც სიყვარული სუსტი იყო, ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეეჯახა.

 

ბავშვების ხმაურზე, ბევრ მშობელს ნერვები ეშლება. ადრე სკოლაში უშვებდნენ და ახლა სახლში ჩაკეტილებს მოუწიათ ყოფნა. ბევრს გაუფუჭდა ხასიათი, ერთმანეთს უღნენენ. დაუფიქრდი ვინ ხარ, საიდან მოსულხარ, საით მიდიხარ? ჩაუფიქრდით, რატომ უნდა იჩხუბონ ცოლ-ქმარმა, რატომ უნდა დაძაბონ ურთიერთობა? ოჯახების დანგრევის ფაქტები, კორონავირუსის შემდეგ, ბევრ ქვეყანაში გახშირდა. ზოგგან აღმოჩნდა, რომ ერთმანეთი გადაიყვარეს. ზოგმა დაინახა, რომ არც არასდროს ჰყვარებიათ. კარგად დაინახეს, რა ყოფილან ერთმანეთისთვის, ვერ ისწავლეს შეთავსება.

 

– გამოდის, რომ ბევრმა ჩამიხსნა „ნიღაბი“…

 

- ბევრმა გამოაჩინა თავის ნამდვილი სახე. ზოგ ოჯახში, აღმოჩნდა, რომ მართლაც ღირსეული მეუღლე ჰყავს. კორონავირუსი, ჯერ არსად არ წასულა და ოჯახებს ვურჩევ, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ. ჩემი რძალი, ყვავილებს, ყოველდღე წყალს უსხამს, თუ არ მორწყავ, რა მოუვა? – დაჭკნება. თან როცა მცენარე ყვავის, საოცარ სურნელებას გამოცემს.

 

სიყვარული, ქოთანში ჩარგული ლამაზი ყვავილია. თუ წყალს დაუსხამ, მოეფერები, აყვავდება. სიყვარულს სიყვარული, მოფერება უნდა. თუ გიყვარს, სიყვარულით უნდა გიყვარდეს.

 

– როგორ ახნიდით, „სიყვარულით სიყვარულს“?

 

- მაგალითად, თუ სუსტ წერტილზე, ფეხი დაგაბიჯე, შენ სულში შემოვიჭერი, შევეცდები უფრო მოსიყვარულე გავხდე, მოგეფერო. შენც ასევე უნდა მოიქცე და დავინახავთ, რომ თურმე, ერთმანეთისთვის ძვირფასები ვყოფილვართ.

 

60 წლამდე, სულ სხვა ადამიანი ვიყავი, ასევე ვალერიაც. გარკვეული წლების შემდეგ, სულ სხვა ადამიანები გავხდით, ერთმანეთი შევქმენით, მოვუარეთ. ვინც სიყვარულს მოუვლის, სულ ეყვარება. საინტერესოა, რომ ამბობენ, აღარ მიყვარსო, რატომ აღარ უყვარს, გუშინ უყვარდა და დღეს აღარ? არ დაუსხა წყალი, არ მოუარა – წყალს რომ დაუსხამ, სუნს შეიგრძნობ, ფერს შეხედავ.

 

– იქნებ ეს ყველაფერი შიშის ფაქტორია და ამას ვერ აცნობიერებს ადამიანი?

 

ეს მომავლის შიშია, წინათგრძნობაც აქვს ადამიანს, ზოგჯერ ხვდება, რომ ის არ უნდა გახდეს მისი მეორე ნახევარი. ადამინს ხომ გული კარნახობს, ის გეტყვის ზოგჯერ სათქმელს. თითქოს ქალებმა უფრო იციან გულის გაგება, მაგრამ დედის გული სხვა არის და კაცის სხვა. ბევრჯერ ურჩევია ქალს ქმრისთვის, ეს არ გააკეთოო, მაგრამ რომ ეკითხები რატომ, პასუხი არ აქვს. თუ დაუჯერებ, აღმოჩნდება, რომ მართალია, თუ არადა რამეს წამოკრავ ფეხს. საიდან მოუვიდა აზრად, არ წახვიდე და ან ეს არ გააკეთო, ეს მე დიდხანს არ ვიცოდი. ქალებს მეტად აქვთ განვითარებული წინათგრძნობა.

 

– შვილს ურჩევ, მაგრამ არ გეთანხმება… როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში?

 

- შეგიძლია ურჩიო შვილს, მაგრამ „სეტყვა“ მოუწყო თავზე, ამის უფლება არ გაქვს. თავად უნდა გადაწყვიტოს – ის თავისუფალი სულია. როგორც შვილი, ბიოლოგიურად გეკუთვნის, მაგრამ გაითვალისწინე, რომ სულით შენი არ არის, სამყაროსია. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამოცდილება დააგროვოს.

 

თავისი გამოუცდელობის გამო, შეიძლება სადმე ფეხიც კი წამოკრას, მაგრამ უთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება – გააკეთე რაც გინდა. შენ კი, გააყოლე დაცვა, ვიდრე დაუცველობა. რაკი სივრცეში გაჩნდა აზრი, ესეიგი, რაღაც უნდა რომ შექმნას. დედა აჩენს აზრებს, თავის შვილის თავზე. ხოლო როცა ვითარება იძაბება, ან რამე შეთხვევა ხდება, მშობელი ამბობს, ხომ გეუბნებოდი, ვგრძნობდი. თითქოს თავს იმართლებს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მან თავად მიუტანა, საკუთარი მცდელობით.

 

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, შვილთან დამოკიდებულებაში?

 

- ამიტომ დედებმა უნდა ისწავლონ, რომ შვილს გაუფრთხილდნენ ცუდი აზრებისგან. მეგობრული ურთიერთობა მართებთ, მეგობრობაში უნდა გაზარდონ. და ან ძმა იყავნენ მისთვის – გეყოფა დედობა. დედობა ღლის ბავშვს, რაც უფრო მეტად დედა ხარ, მით უფრო ჩაგრავ ბავშვს. გახდი მისი მეგობარი, თვითონაც გაგიხდება და გაგიხსნის გულს. მეგობრობაში, თუ რამეს სთხოვ, უფრო დაგიჯერებს.

 

– მაგალითად, ურჩევ სკუტერზე არ დაჯდეს…

 

- არ უნდა მოთხოვო, მეგობრულად უნდა ურჩიო. გააჩნია, ვისგან რას იღებს. შეიძლება კაცისგან დიდი სიბრძნე არ მიიღო, მაგრამ მეგობრისგან, სიბრიყვე მიიღო. ამიტომ დაუმეგობრდი შვილს, დაასრულე შენი დედობა. ის უკვე დიდია, მან ცხოვრება უნდა გაიაროს. შენ კი, მის მაგივრად, პატარა მილიმეტრსაც ვერ გაივლი.

 

იცი, როგორ დავქრივარ ამხელა კაცი ჩემი სკუტერით. თუ ბავშვი უზრდელი და უხეში არ არის და ვინმეს მიმართ კეთილშობილებას ავლენს, დაანებეთ თავი, მიეცით თავისუფლება, მართოს თავად საკუთარი ცხოვრება! თქვენ არ ააცდინოთ გზას. ვინც მამის გარეშე ზრდის შვილს, მეტად „გადაფოფრილია“ მასზე და შეიძლება, კიდეც იჩაგრებოდეს. ასეთ სიყვარულს, კომენსკი „მაიმუნურ“, ან „ვირულ“ სიყვარულს უწოდებს. ვირსაც ხომ უყვარს მისი ჩოჩორი, წიხლებს მოგაყრის, რამე რომ უქნა.

 

– ბებიების და ბაბუების დამოკიდებულება შვილიშვილებთან…

 

შვილიშვილთანაც მეგობრულად უნდა იყვნენ, არ უნდა „იბებიონ“. მეტისმეტი დარიგებები, არ არის საჭირო. წიგნნები უკითხონ, ასეირნონ, ერთად იმსჯელონ. თუ რამეს კითხავს, პასუხი გასცენ. ესაუბრნ სულიერებაზე, ღმერთზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, პატივისცემაზე, მოთბინებაზე.

 

თქვენი ცხოვრება უნდა მუყვეთ, განსაკუთრებით გაიხსენოთ ის პერიოდი, როცა მის ასაკში იყავით რას განიცდით, რა გეშლებოდათ, რაში გიმართლებდათ. ახლა რაზე გწყდებათ გული, რა გახარებთ. ბავშვი ამას მოდელად აიღებს. ამიტომ ის ხშირად მოვა თქვნთან. თუ თქვენი ისტორია არ დარჩა მის ცხოვრებაში, შეიძლება გითხრათ, დამანებე თავი.

 

რაც მთავარია, ბავშვს კულტურა ვასწავლოთ, რომ ყველაზე კარგი გზა აირჩიოს – ოჯახის კულტურა, ბებიის ტკბილი საუბრები, სათნოება. შეგიძლიათ კომპიუტერშიც კი ეთამაშოთ და თქვენი აზრებიც მიაწოდოთ. სხვა თამაშები შეთავაზეთ, უფრო საინტერესო. თითქოს მასზე ცოტა უფრო დიდი ბავშვი ხართ. თუ ძალიან დიდი ხართ, ვერ გაგიგებთ. ბავშვს უყვარს დიდი, რომელშიც თავის თავს ხედავს. მას სურს, თავის თავი დაინახოს თქვენში, ისე როგორც სარკეში.

 

ბებიობა – ხელოვნებაა, მეცნიერება რომ იყოს, კანონს გასწავლიდით და აუცილებლად შესასწავლი გექნებოდათ. პედაგოგიკას აქვს ხელოვნება, ამიტომ ზოგჯერ უნდა გავითამაშოთ. ბებია ხართ, მაგრამ ბავშვობას იხსენებთ და თამაშობთ, როგორც ადრე. ბავშვს, მოწაფედ დაუჯექი და მასწავლებელი გახადე.

 

– როგორ ერთობით შვილთაშვილთან?

 

- ხშირად ვთამაშობ, შვილთაშვილთან ერთად – ის მასწავლებელია და მე მოსწავლე. ზოგჯერ დავალებებსაც მაძლევს, ხან რაღაცას მიხსნის, რაც ძალიან მოწონს. როგორც ნამდვილი მოწაფე – ვზივარ, ვუსმენ, ვცელქობ, მაგრამ ამასობაში, ის იზრდება, დიდდება. მე „სალესად“ გამოვადექი.

 

თუ ბავშვს, როგორც დანას აიღებთ და თქვენ თავზე, ძალით დაუწყებ ლესვას, გაგიგიჟდება. თამაშს დრო უნდა, მოთბინება. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ნუღარ მკითხავთ აღზრდას.

 

– რას ურჩევდით მშობელს, რომელიც დედობისთვის ემზადება?

 

- ქალებს, რომლებსაც შვილის გაჩენა სურთ, ასეთ რჩევას მივცემ: ცას შეხედოს, მავედრებელი თვალებით და უთხრას – უფალო, ნათელო ცაო, ოღონდ ბავშვი მომეცი და ეს სამი რამ, სულ მექნება ბავშვისთვის: – იმდენი დრო მექნება, რამდენიც ბავშვს ჭირდება, იმდენი მოთბინება მექნება, რამდენიც ჩემ ბავშვს დაჭირდება, იმდენი სიყვარული მექნება, რომ ბავშვი სიყვარულში ჩაეფლობა.

 

ეს სთხოვონ უფალს და ყველა უშვილოს, ბავშვი ეყოლება. მაგრამ ბევრს არ უნდა, რომ ეს შეწირონ. თუ დრო არ გაქვთ და ამას არ შეასრულებთ, დაანებე ბავშვის გაჩენას თავი და საკუთარი თავისთვის იცხოვრეთ.

 

თუ ქვეყნისთვის გინდათ ბავშვი, მაშინ ღმერთს უნდა ემსახუროთ, რადგან ბავშვი, ღმერთის გზავნილია. მინდა, რომ ქართველმა ქალებმა, ვისაც შვილის გაჩენა სურთ, ეს რჩევა გაითავისონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი