logo_geo
მამა შალვა კეკელია: როცა მიჭირს, ჩემი გარდაცვლილი შვილი მეხმარება იმ ქვეყნიდან
- +

14 აგვისტო. 2020. 22:00

 

 

მამა შალვა კეკელია ჟურნალ „სარკესთან“, შვილებზე საუბრობს. მამა შალვას 3 შვილი ყავს, ხოლო მეოთხე - იოანე, დაბადებიდან 5 საათში გარდაიცვალა.

 

„უფროსი, გიორგი, 14 წლის არიას, ნინო – 11-ის, ილია 8 წლის გახდა. ილიას სახელი უწმინდესმა დაარქვა. მასთან მორიგე ვიყავი და ვუთხარი, თქვენი ნათლული იბადება და რა დავარქვათ-მეთქი. თუ ჩემი ნათლულია, ილია უნდა დაარქვათ, აბა, სხვა რაო.

 

ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქცე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა“, - ამბობს მამა შალვა.

 

მამა შალვას თქმით, გარდაცვლილი შვილი, იოანე მისი ოჯახის ანგელოზია.

 

ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა.

 

რაც შეეხება იმას, თუ როგორი მამა ვარ, სამწუხაროდ, შვილებთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო მაქვს. დილით გავდივარ და საღამოს ვბრუნდები. ბავშვები ამას ძალიან განიცდიან. სულ ვცდილობ, დრო მაინც გამოვნახო. არასოდეს არაფერს ვაძალებ და ვმეგობრობთ. ბოლო თვეებში უფრო მეტი დრო მოგვეცა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

 

ყველას ვურჩევ, ბავშვს არ უყუროს ისე, როგორც პატარას. მშობელს ჰგონია, რომ,  რადგან ბავშვი პატარაა, სულ რაღაც უნდა ურჩიოს. ამით შვილებს არჩევანის საშუალებას ვართმევთ.

 

ბავშვი პიროვნებად უნდა აღიქვა. როდესაც პატარას პიროვნებად არ აღიქვამ, პრობლემა მაშინ ჩნდება. ისინი არიან პიროვნებები, რომლებსაც თავიანთი ხასიათი და თვისებები აქვთ და შენ უნდა გაუგო. გადაწყვეტილების საშუალება უნდა მისცე, თუნდაც ეშლებოდეს. შენ შეიძლება ისე დაეხმარო, რომ ვერც კი იგრძნოს.

 

ყველაზე მთავარი მათთან დიალოგია. ყველას ვურჩევ, საკუთარ შვილს მოუსმინოს. კი არ ეჩხუბო იმის გამო, რომ არასწორად ფიქრობს, უნდა გაიგო, შენი შვილი ასე რატომ ფიქრობს და რამ მიიყვანა ამ აზრამდე.

 

ჩემი შვილები განსხვავდებიან ხასიათებით. ჩემი გოგონა ჩემი პრინცესა და მალამოა. გიორგი უფრო ღრმა ხასიათისაა. გოგოს მოფრთხილება სჭირდება. რაც ბოლო დროს ჩემ გარშემო აგორდა… ბავშვები ტელევიზორს უყურებენ და ამ ყველაფერს ძალიან განიცდიან. ამას წინათ ნინიკომ მითხრა, მე ვიცი, რომ ღმერთი ძალიან გიყვარს და ადამიანს, რომელსაც ღმერთი ძალიან უყვარს, რამეც რომ შეეშალოს, მაინც მართალი იქნება და ღმერთი მას აუცილებლად აპატიებსო. ეს ისეთი ნუგეში იყო ჩემთვის…

 

იმედი და დასაყრდენი რომ ხარ შვილისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც შემშლია მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან ურთიერთობაში. ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის. ღმერთს ბევრი უნდა ელაპარაკო შენს შვილებზე, ბევრი უნდა ილოცო შვილებისთვის და საქმით უნდა ესაუბრო და არა – სიტყვებით. რა ცხოვრებასაც შენ აირჩევ, შვილებიც იმავეს აირჩევენ“, - აცხადებს მამა შალვა.

 

 

 

 

big_banner
არქივი