logo_geo
ზურა ხაჩიძე: ბიძინა ივანიშვილისგან ხათუნას დახმარებაზე ზეპირი თანხმობა გვაქვს
- +

13 სექტემბერი. 2020. 20:35

 

 

მომღერალ ზურა ხაჩიძის ცხოვრება სამი ძირითადი მიმართულებით არის გაშლილი: სცენა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის საქმიანობა და საყვარელი ადამიანის, ხათუნა ჟორდანიას, მძიმე დაავადებასთან ბრძოლა.

 

ბედნიერია, რომ მშობლიურ კუთხეში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს და სიმღერაზეც უარის თქმა არ მოუწია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ბათუმში აქტიურად მართავდა კონცერტებს. ცოლის ავადმყოფობასთან მიმართებაში კი დარწმუნებულია, რომ დაავადების საბოლოო დამარცხების ეტაპი ძალიან ახლოს არის.

 

ხათუნას დაავადება უკვე გაყინულია. საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის მას ავსტრიაში გამგზავრება სჭირდება, მკურნალობა კი ძალიან ძვირი ჯდება. ოჯახი ახლა ფინანსური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული.

 

ზურა ხაჩიძე „სარკესთან“ თავისი ცხოვრების დღევანდელ ეტაპზე ღიად საუბრობს:

 

– აქტიური შოუბიზნესისა და კულტურის მოღვაწეებისთვის რთული წელი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უამრავ ადამიანზე, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს. როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია, ბუნებრივია, არავის ემღერება. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა.

 

ზაფხულში სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ბათუმში კონცერტები გვქონდა. ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ წელიწადში ორ ახალ სიმღერას ყოველთვის ვწერთ და კლიპებს ვიღებთ, თუ არ ჩავთვლით იმ ავბედით პერიოდს, როდესაც ხელისუფლებაში სხვა მთავრობა იყო და სცენას არ გვაკარებდნენ.

 

მოკლედ, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ ქართულ შოუბიზნესში ყველაზე მოთხოვნად მუსიკოსებს შორის ტოპ-ხუთეულშია და ეს ამ ზაფხულმაც დაამტკიცა. სამწუხაროდ, სექტემბრის დასაწყისში ბათუმში დაგეგმილი ორი კონცერტი გაუქმდა, რადგან ის კლუბი, სადაც გამოვდიოდით, დახურეს.

 

მუსიკოსისთვის მსმენელთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ზაფხულს ჩვენი კონცერტებით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. მონატრებული მსმენელი თავის ემოციებს უფრო მეტად გამოხატავდა. სხვათა შორის, სარეკლამო კამპანია არც ერთ კონცერტს არ ახლდა, კლუბს ფაქტობრივად ურეკლამოდ ვავსებდით. მადლობა ამისთვის ჩვენს მსმენელს.

 

– თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ – დილით სახელმწიფო მოხელე, საღამოს პოპულარული მომღერალი. ერთნაირ სიამოვნებას განიჭებთ ეს ორი განსხვავებული საქმიანობა?

 

– სახელმწიფო სამსახური ხელს არ მიშლის, სცენაზე ვიდგე. მთავარია ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს, ანუ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ვმუშაობ, არ შემიძლია კონცერტზე ჰონორარით გამოვიდე, ანაზღაურების გარეშე კი სიამოვნებით გამოვდივარ ჩემს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში.

 

სახელმწიფო საქმიანობასა და შემოქმედებას ძალიან კარგად ვათავსებ. სამცხე-ჯავახეთისთვის ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეგიონი შიდა ტურიზმის ფარგლებში მაქსიმალურად გააქტიურდა და დაიტვირთა. წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 200 მილიონი დაიხარჯება, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

 

ჩემი ინიციატივით და გუბერნიის მხარდაჭერით, ბორჯომის პარკში ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას იმართებოდა კონცერტები ქართველი მომღერლების მონაწილეობით და შეხვედრები ქართველ მსახიობებთან.

 

საერთოდ, ჩემი ჩანაფიქრია, რომ ბორჯომი კულტურის ცენტრი გახდეს არამარტო რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში, სადაც გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამოები, თეატრალური წარმოდგენები და ფესტივალები.

 

სამცხე-ჯავახეთში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის ნახვაა შესაძლებელი – ვარძია, ხერთვისი, ვანის ქვაბები, საფარის მონასტერი, ფარავნის და ტაბაწყურის ტბები.

 

ბევრმა არ იცის, რომ ამ რეგიონში ბევრი სამკურნალო წყალი ბუნებრივად ამოდის და მინდა ინვესტორები დავაინტერესო, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციის გაკეთება ძალიან მომგებიანი იქნება.

 

ფაქტობრივად მანქანაში ვცხოვრობ, რადგან სულ მოძრაობა მიწევს. ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც ხშირად მიწევდა თბილისში ჩამოსვლა.

 

– ასეთი რეჟიმის გამო ოჯახში ყოფნის დეფიციტი ხომ არ გაქვთ ან თქვენი ქალიშვილი, ანასტასია, ხომ არ აპროტესტებს მამის არყოფნას სახლში?

 

– ძალიან დიდი მადლობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ხელს მიწყობენ, რომ არ მოვაკლდე ხათუნას, როდესაც გვერდით დგომა სჭირდება. ვცდილობ, ყურადღება არც ანასტასიას მოვაკლო. წელს ძალიან გვასახელა და ჩააბარა ზალდასტანიშვილის ამერიკულ სკოლაში, სადაც სერიოზული კონკურსი გაიარა და მეხუთე ადგილზე გავიდა. როგორც მამა და როგორც მეგობარი, ანასტასიას ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული.

 

– რა ინტერსები აქვს ანასტასიას?

 

– ფიზიკა-მათემატიკა ძალიან უყვარს. ჩვენგან, მშობლებისგან, საუკეთესო რაღაცები აიღო. დიდი გავლენა იქონია ტატიანა ვასილევნამ, რომელიც ჩემი შვილის გვერდით დაბადებიდან არის, თუმცა ამავდროულად ანასტასია არის სრულიად ინდივიდუალური და არც ერთს გვგავს. ტელეკომპანიებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს, სწავლასა და განვითარებაზეა ორიენტი რებული, ჯერ 14 წლისაა, მაგრამ უკვე სერიოზულად ფიქრობს მომავალზე, სად და როგორ ისწავლის, რას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში.

 

– რაში დაგემსგავსათ ყველაზე მეტად ქალიშვილი?

 

– ჩემს ძალიან ბევრ თვისებას ვხედავ მასში. ჰოროსკოპით ლომია, მე კი თხის რქა ვარ. ეს ორი ნიშანი ძალიან წააგავს ერთმანეთს. ძალიან მიზანდასახული და დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, ანასტასია ცხოვრებაში არაერთხელ გაგვაოცებს.

 

– მამა-შვილის ურთიერთობაში ხომ არ იჩინა თავი გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელმა პრობლემებმა?

 

– ეს პერიოდი იყო და მადლობა ღმერთს, უმტკივნეულოდ გავიარეთ. იყო კამათიც, აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. ახლა საუკეთესო პერიოდი გვაქვს.

 

– როგორ არის ხათუნას ჯანმრთელობის მდგომაროება, როგორ მიდის ბრძოლა სიმსივნესთან?

 

– მადლობა ღმერთს, ხათუნას მდგომარეობა უკეთესად არის. მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობს და ამას შედეგიც აქვს. ეკლესია-მონასტრების მოსალოცად მუდმივად დავდივართ. სრულიად საქართველოს დამსახურებაა, რომ ხათუნა კარგადაა და ენერგიულად, პოზიტიურად არის განწყობილი.

 

არის მომენტები, როდესაც ანალიზის პასუხებში ცვლილებებია, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. დაავადებასთან მიმართებაში ექიმების მიღწევა კომპლექსურია.

 

ამ ეტაპზე დაავადებამ რეგრესი განიცადა და გაყინულია. სიტუაციის დასტაბილურებას ველოდებით და დაავადების საბოლოო დამარცხებისთვის ავსტრიაში გამგზავრებაც გვინდა. აქტიური მიმოწერა გვაქვს ავსტრიის კლინიკასთან, რომელიც ამ დაავადებას სხვა მეთოდით, ქიმიოთერაპიის გარეშეც ებრძვის. როგორც კი სისხლის ანალიზი დასტაბილურდება, მაშინვე ავსტრიაში წავიყვანთ, მანამდე კი ფინანსურ საკითხებს ვაგვარებთ.

 

– რა თანხაა საჭირო ამისთვის?

 

– ავსტრიაში მკურნალობა 75 ათასი ევრო ჯდება. დაფინანსებაზე ფონდ „ქართუში“ განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა გვაქვს. იმედია, ფონდი „ქართუ“ ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას საბოლოოდ განვკურნავთ. გვეუბნებიან, რომ ხათუნა ავსტრიაში ხუთ კვირაში განიკურნება. კარგია, რომ ქიმიოთერაპია აღარ დასჭირდება, რადგან ამ პროცედურის შემდეგ პროცესი ურთულდებოდა, ხათუნა ძლიერი გოგოა, საკუთარ თავში ძალები იპოვა და დაავადებას მთელი ძალით შეუტია.

 

– იყო პერიოდი, როდესაც ხათუნა პესიმისტურად იყო განწყობილი?

 

– კი, თავიდან როდესაც დაავადების შესახებ გაიგო, იყო დეპრესიაც, იმედგაცრუებაც. უმძიმესი პერიოდი გადავიტანეთ, თან კარანტინიც დაემთხვა. კომენდანტის საათის დროს სამჯერ მოგვიწია სასწრაფოს დახმარებით ხათუნას გადაყვანა ხეჩინაშვილის კლინიკაში.

 

საბედნიეროდ, ჩვენ გვერდით ძალიან კარგი ექიმები აღმოჩნდნენ. ალექსანდრე თავართქილაძე და რომან სრესილი ის ექიმები არიან, რომელთა პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა.

 

ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას.

 

ძალიან დიდი მადლობა ექიმებს, საზოგადოებას, სამღვდელოებას, მეგობრებს, ყველას, ვინც კი ხათუნას ჯანმრთელობისთვის ლოცულობს. საზოგადოებისგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ სიყვარულსა და გვერდში დგომას.

 

– როგორ შეცვალა თქვენი ოჯახური ცხოვრება ამ დაავადებასთან ბრძოლამ, რა ღირებულებები წამოვიდა წინ, რა აღმოჩენები გააკეთეთ ერთმანეთში?

 

– პრიორიტეტი არის ხათუნა და ყველა მის გარშემო ვტრიალებთ. აქამდე ჩვენ გარშემო ის ტრიალებდა, სულ ჩვენზე ზრუნვაში იყო, ახლა კი – პირიქით, ყველას უფრო მეტად შეგვიყვარდა და მივხვდით, რაოდენ ძვირფასია ჩვენს ცხოვრებაში.

 

როდესაც ხათუნას ეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ყველამ ვიგრძენით, რომ ოჯახს ხერხემალი გამოეცალა. ახლა ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული, რომ დაავადებას დავამარცხებთ და ჩვენი ოჯახური იდილია აღდგება.

 

 

ავთო ჩიტიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი