logo_geo
მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილი იმავე პირებმა გადააგდეს არაგვში, ვინც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა
- +

13 სექტემბერი. 2020. 21:41

 

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან საქმეზე პროკურატურამ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოიწვია ქალა-ტვინის ტრავმამ, ტვინის შერყევამ, რასაც თან სდევს გონების დაკარგვა, ეს კი მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

 

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია გიორგი შაქარაშვილის წყალში ყოფნის პერიოდზე და ნათქვამია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილისწინა, ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის 10-20 წუთიან ინტერვალს. ცხედრის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა კი შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

 

ექსპერტების ჯგუფმა პასუხი გასცა პროკურატურის 6 კითხვას, რომელსაც საგამოძიებო უწყება შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ელოდებოდა.  ამ დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს ისეთი და იმ ხარისხის დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რომ დიდი ალბათობით, ეს დაზიანებები გამოიწვევდა გონების დაკარგვას, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობის და გადაადგილების საშუალებას. დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ყველა კითხვაზე არის გაცემული ამომწურავი და კონკრეტული პასუხი. ის ამბობს, რომ ვერავინ დაადგენს, წყალში მოხვედრის დროს შაქარაშვილს გონება ჰქონდა დაკარგული თუ არა, რადგან ამის დადგენის მეთოდიკა არ არსებობს.

 

– ბატონო ალექსანდრე, როგორ გაამართლა თქვენი მოლოდინი ექსპერტიზის დასკვნამ?

 

– მაღალი ალბათობით გამართლდა ჩემი პოზიციები, რასაც მე ვამბობდი, რომ იყო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა თავის ტვინის შერყევის სახით. ამას ადასტურებენ ჩვენთან ერთად მოწვეული ნეიროქირურგები, ნევროლოგები და ა.შ. გამართლდა ის პოზიციაც, რომ თავის ტვინის შერყევას ხშირად ახასიათებს გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, არაუმეტეს 5 წუთისა, შესაბამისად, ამ პერიოდისთვის შაქარაშვილს შეზღუდული ექნებოდა გადაადგილების და მოძრაობის უნარი.

 

ამავდროულად, ცალსახად და კატეგორიულად დადგინდა და მოიხსნა კითხვის ნიშნები, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით განვითარებული უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში. ჩვენ ვამბობთ, რომ შაქარაშვილს მაღალი ალბათობით ტვინის შერყევა უნდა ჰქონოდა, რეალურად უნდა ჰქონოდა გონების დაკარგვის ეპიზოდიც. რაც შეეხება სითხეში მოხვედრის დროს, გონება დაკარგულიც რომ არ ჰქონოდა, მას ექნებოდა ტკივილის სინდრომი შინაგანი სისხლჩაქცევებიდან გამომდინარე და ესეც შეუზღუდავდა გადაადგილების და მოძრაობის უნარს, რომ წყლიდან გამოსულიყო.

 

– საზოგადოებას და ოჯახს ალბათ ყველაზე მეტად ის აინტერესებს, გადააგდეს თუ თავად აღმოჩნდა წყალში ახალგაზრდა ფეხბურთელი. ამაზე რას ამბობს ეს დასკვნა?

 

– გადააგდეს თუ თავად აღმოჩნდა წყალში, ამის დადგენა არ შედის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში, მე ვერ ვიმსჯელებ ჩემი მანდატის ფარგლების გარეთ და ვერ შევიჭრები თეორიულ მსჯელობაში, ეს ყველაფერი გამოძიების პრეროგატივაა.

 

– ექსპერტიზის მიხედვით, რამდენი დღე იმყოფებოდა წყალში გარდაცვლილი სპორტსმენის ცხედარი?

 

– შაქარაშვილის ცხედარი წყალში იმყოფებოდა 3-4 დღის ინტერვალში და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია იმის თქმა, რომ მას ჰქონდა ქალა-ტვინის ტრავმა, უგონოდ იყო დღენახევრის განმავლობაში და შემდეგ მოახვედრეს წყალში. გვამური ლაქების განსხვავებული ფერი განპირობებულია ლპობითი პროცესების არსებობით. გვამური ლაქები შაქარაშვილის ცხედარს ცალსახად აღენიშნებოდა სხეულის წინა ზედაპირზე, რაც შეეხება სხეულის უკანა ზედაპირს, არანაირი გვამური ლაქა არ იყო, შესაბამისად, ინფორმაცია, რომ გვამი გადააადგილეს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

* * *

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძის და ოჯახის ადვოკატის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზას სრულიად ენდობა, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს იმავე პირებმა, რომლებმაც მას დაზიანებები მიაყენეს. მირიან ნიკოლაძის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომმა პირებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა.

 

გარდაცვლილი სპორტსმენის ბიძას ასევე შევაფასებინეთ პროკურატურის მიერ დაკავებული 19 წლის ვერონიკა არონიას ქმედება, რომელმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მიაწოდა. ის ამტკიცებდა, რომ თითქოს მოისმინა, გაურკვეველი პირები როგორ საუბრობდნენ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე.

 

– ბატონო მირიან, ოჯახი ენდობა ექსპერტიზის დასკვნას?

 

– ბუნებრივია, ოჯახი ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან მასში ჩართული არიან ჩვენი ნდობით აღჭურვილი ექსპერტები. იმავდროულად, ეს დასკვნა არის ამომწურავი, საერთო ჯამში 14 კითხვა იყო, ნაწილზე მოსული იყო პასუხი, მეორე ნაწილზე ახლა მოვიდა. ბოლო ვერსიით, უკვე ცალსახად დადასტურდა, რომ ზოგიერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებული არასერიოზული ვერსია, მაპატიეთ და აბდაუბდა (ბავშვის დაზიანება, სამი დღე მისი ტარება, ისევ წყალში გადაგდება და ა.შ.) არის სისულელე. 3-4- დღე განისაზღვრა ბავშვის წყალში მყოფობა. ამასთან, დადასტურდა, რომ იმავე პირებმა გადააგდეს ბავშვი არაგვში, ვინც მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, ვინაიდან 10-20 წუთი განისაზღვრა (ბიოლოგიური სიკვდილის დროდ. ხაზგასმით დადგენილია, რომ ბავშვი გადააგდეს არაგვში.

 

ამავე ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მიყენებული დაზიანების შედეგად გიორგის ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა, გადაადგილებულიყო. ბუნებრივია, ეს განხორციელდებოდა თავდამსხმელების მიერ. შესაბამისად, საერთო ჯამში, ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება რომ „ქამრიში“ მსხდომმა პირებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა.

 

– უახლეს ამბავზეც მინდა გკითხოთ. პროკურატურამ ცრუ ჩვენების ბრალდებით 9 წლის გოგონა დააკავა. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესები ამოძრავებდა ამ ახალგაზრდას?

 

–  არ შეიძლება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა, ამით სარგებლობა, მნიშვნელობა არ აქვს, დაკვეთა მიიღო და ის შეასრულა თუ არა. რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე მისი დატოვება შეუძლებელი იყო. ახალგაზრდაა, ბავშვი ჰყავს და სიმკაცრე ალბათ არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ფაქტის გამოვლენა, რომელიც სამომავლოდ პრევენცია უნდა გახდეს სხვებისთვის, რომ არ შემოგვიგდონ ასეთი მოწმეები, ტყუილად არ ხარჯონ დრო, ენერგია და რესურსი სასამართლოშიც და გამოძიებაშიც.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი