logo_geo
გურამ ლორთქიფანიძე ქალის გამო მტკვარში თავს იხრჩობდა - „უკვე გადახტომას ვაპირებდი, რომ მხარზე ვიღაცამ ხელი მომითათუნა“
- +

30 სექტემბერი. 2020. 22:23

 

 

გვიანი შემოდგომა იდგა, თბილი, მაგრამ წვიმიანი დღე იყო. წინა დღით მსახიობმა გურამ ლორთქიფანიძემ, ახლობლებისთვის უბრალოდ ლორთქიამ, მითხრა, რომ სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩის კუთხეში დამელოდებოდა. ვჩქარობდი, 70 წელს გადაცილებულ მსახიობთან შეხვედრაზე არ უნდა დამეგვიანა. 10 წუთით ადრე მივედი, ჩემი რესპონდენტი კი უკვე მელოდებოდა. ღია ყავისფერი, თხელი პალტო ეცვა და ხელში უზარმაზარი, შავი ქოლგა ეჭირა.

 

 

ჩვეული ღიმილით მომესალმა, თავისი ქოლგის ქვეშ შემიფარა და სოლოლაკის აღმართს, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის სახლისკენ გზას ფეხით ავუყევით. იმ დღეს ჟურნალ „სარკისთვის“ ორი ცნობილი ლორთქიფანიძე უნდა ჩამეწერა რუბრიკაში „გვარიშვილობა“.

 

 

კარი რეჟისორის მეუღლემ, მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ, გაგვიღო, ძველ მეგობარს თბილად მოეხვია, მოიკითხა. ბატონმა გურამმა ქოლგა დაკეცა და გაუწოდა – ეს შენ მოგიტანე საჩუქრადო.

 

 

რეჟისორთან და მსახიობთან ინტერვიუმ საინტერესოდ ჩაიარა, ბევრი რამ გაიხსენეს, სახალისო ამბებიც, ერთმანეთს ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს და თბილადაც დაემშვიდობნენ. სოლოლაკის დაღმართი ისევ ფეხით ჩამოვიარეთ. ღმერთმა ქრონიკული ბავშვობა მიბოძა, ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანი ვარო, მითხრა მაშინ ბატონმა გურამმა.

 

 

„ჭაბუა ამირეჯიბი რომანში „გორა მბორგალი“ ამბობს, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვსო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცხოვრე, რადგან ბევრი ლამაზი ეპიზოდი მახსოვს, თუმცა მძიმე დღეებიც მქონდა, რატომღაც ყველას ერიდება, თქვას, რომ ბედნიერია. თითქოს ეშინიათ, რომ ამის აღიარებით ბედნიერებას დაკარგავენ. როცა ბედნიერი ვარ, ამის თქმის არ მეშინია, ისე კი, არც უბედური კაცი ვარ და არც ბედნიერი, სადღაც შუაში ვარ გაჩხერილი.

იცით, ყველაზე მეტად რისი მეშინია? სიბერის! მეშინია, ამაზე მეტად არ დავბერდე. არ მინდა, ვინმემ თქვას, ნახეთ, როგორ მიდის, ეს უბედური როგორ დაჩაჩანაკებულაო. თუ სკლეროზი დაგემართა, ხომ სულ მთლად უბედურებაა!“ – მიამბობდა მსახიობი.

 

გურამ ლორთქიფანიძე 2008 წლის იანვარში გარდაიცვალა. ის 78 წლის იყო, მას ორი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა – ორი ქალიშვილი, ნინო და მაკა და ერთი ვაჟი – კოკი.

 

გვინდა „სარკის“ მკითხველებს ბედნიერებასა და უბედურებას შორის „გაჩხერილი“ მსახიობის შესახებ ვუამბოთ. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდები გურამ ლორთქიფანიძის პირადი საუბრებიდან ავკინძეთ.

 

 

ოროსანი „სკრიპაჩი“

 

გურამ ლორთქიფანიძემ ბავშვობა ვერაზე გაატარა. უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათგან 15 აკადემიკოსი გახდა. ერთი მე ვარ „ბეზდელნიკიო“, ხშირად ხუმრობდა, მშობლებს უცხო ენებზე. ვიოლინოზე დაჰყავდათ, მისი მშვიდი ცხოვრება ერთმა სიტყვამ შეცვალა, ერთ დღეს ქუჩაში ვიოლინოთი მიდიოდა, ყელზე ბაფთა ეკეთა. უცებ ვიღაცამ დაუყვირა: „სკრიპაჩ, ტრიპაჩ!“ და ყველაფერი იმ დღიდან შეიცვალა. „სკრიპკა“ მოისროლა და სწავლასაც უკლო.

– თბილისის თითქმის ყველა სკოლა მოვიარე, აღარ ვსწავლობდი და ერთ ადგილას დიდხანს არ მაჩერებდნენ. ბოლოს ერთ-ერთ სკოლაში 12 ორიანი გამომაყოლეს, ყველაფერს გეფიცებით, არ გატყუებთ! ოროსანი მოსწავლე კონსერვატორიასთან არსებულმა მუსიკალურმა ათწლედმა შემიფარა.

„სკრიპაჩ, ტრიპაჩ“ – ეს სიტყვები ბედისწერასავით მექცა. იმ დღეს ასე რომ არ მოემართათ, მუსიკოსი გამოვიდოდი და ახლა რომელიმე ორკესტრის უკანა რიგში ვიჯდებოდი, „სკრიპკას“ ავაწრუპუნებდი, – იუმორით იხსენებდა ბატონი გურამი.

 

 

ათწლედის დამთავრების შემდეგ მოსკოვში სარეჟისოროზე სურდა ჩაბარება. იმ წელს მიღება არ იყო, ამიტომ თბილისის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე ჩააბარა. როცა ვკითხეთ, ჟურნალისტობა რატომ აირჩია, მთელი სერიოზულობით გვიპასუხა, სპეციალობების ჩამონათვალში ეს სახელი ყველაზე მეტად მომეწონაო.

 

 

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, კინოსტუდიაშიც მუშაობდა. ფილმების გადაღებებში მონაწილეობდა. ფულიანი ბიჭი ვიყავი, ხელფასიც მქნოდა და სტიპენდიაც, ჩემს სამეგობროში ჰალსტუხი პირველად მე გავიკეთე, სხვები „არიფები“ იყვნენ, მოკლედ, „მოდნი“ ბიჭი ვიყავი, – ყვებოდა მსახიობი.

 

 

ქართული კინოს ვარსკვლავებთან

 

 

1949 წელს კინოსტუდიაში ფილმზე „გაზაფხული საკენში“ დაიწყეს მუშაობა. გადაღებები აფხაზეთში მიმდინარეობდა. ფილმში თეატრის ნამდვილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ – შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, ედიშერ მაღალაშვილი, მიხეილ სარაული. მათ შორის იყო 18 წლის ლორთქიაც, ამ დასთან მთელი ერთი წელი გაატარა. იმ პერიოდიდან ბევრი მოგონება დარჩა.

 

 

გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა:

 

 

– ერთხელ კბილი ამტკივდა, ნომერში ჟორა შავგულიძესთან ერთად ვიყავი, მთელი ღამე გაათენა, რაღაცებს მიყვებოდა, რომ კბილის ტკივილს ძალიან არ შევეწუხებინე. აკაკი კვანტალიანი და მიხეილ სარაული გენიალური ადამიანები იყვნენ, ერთმანეთზე ხშირად ხუმრობდნენ, სარაულს საოცარი იუმორი ჰქონდა.

 

 

მეორე მსოფლიო ომის დროს მთავრობამ მსახიობებს ნაკვეთები დაურიგა. შალვა ღამბაშიძემ ბაღჩაში პომიდვრები დარგო. ერთ ღამეს სარაული მის ბაღჩაში პომიდვრები დარგო. ერთ ღამეს სარაული მის ბაღჩაში შეიპარა და მთელი პომიდორი წითლად შეღება. მერე თეატრში თქვა, ზოგიერთების ბაღჩაში პომიდვრები დამწიფდაო. ბატონი შალვა გაიქცა და ნახა, რომ მისი ბაღჩა წითლად ღვიოდა, მკუხე პომიდორი დაკრიფა და სახლში მიიტანა. სარაულის ხუმრობას მაშინ მიხვდა, როცა გარეცხილ პომიდორს საღებავი ჩამოშორდა.

 

 

სანდრო ჟორჟოლიანს ძალიან უყვარდა რძე, სოხუმელებს ჩვენთან კვერცხები და რძე მოჰქონდათ, სარაული ჟორჟოლიანს აუდუღარ რძეში პურს უგდებდა. სანდრო რომ ადუღებდა, რძე ხაჭოდ იქცეოდა ხოლმე. გაკვირვებული ამბობდა, კაცო, ჩემი რძე ხაჭო რატომ ხდებაო.

ერთხელ სარაულმა 40 კვერცხი იყიდა. თითოეული ნემსით გახვრიტა და გამოწურა. წარმოიდგინეთ, ამას რამხელა ნებისყოფა დასჭირდებოდა. ჟორჟოლიანმა რამდენი კვერცხიც გატეხა, იმდენი ცარიელი აღმოჩნდა. გაკვირვებული ამბობდა, ვახ, კაცო, ეს რა ხდებაო.

 

 

„აგული ერისთავი შენ იქნები!“

 

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გურამ ლორთქიფანიძე მოსკოვში გაეგმზავრა და სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა. 2 წლის შემდეგ უკან დიდი გეგმებით დაბრუნდა. ფილმების გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა მისი ცხოვრება სწორედ გადასაღებ მოედანზე შეიცვალა – ელდარ შენგელაიას ფილმ „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მეორე რეჟისორად დაამტკიცეს. სინჯების გაკეთება, მსახიობების შერჩევა, მომზადება, ჩაცმა ევალებოდა.

 

 

პიპინიას როლის შემსრულებელს ელდართან ერთად ეძებდა. ერთ-ერთმა მოყვარულმა მსახიობმა მიასწავლა, გურიის სოფელ აცანაში საინტეარესო ტიპაჟი ცხოვრობსო. პიპინიას ძებნაში აცნაში მართლაც ჩავიდნენ. ბატონი გურამი იმ დღის შესახებ გვიყვებოდა:

 

 

„ნახევრადაშენებულ სახლში ვნახეთ კაცი გაბურძგნული თმით და გრძელი ხელებით. მაშინვე ვიყვირე, ელდარ, ეს პიპინიაა-მეთქი. პიპინია, ანუ ვასილ ჩხაიძე, სოფლის სკოლაში გერმანულს, ინგლისურსა და ფიზკულტურას ასწავლიდა. საოცარი ადამიანი იყო. მიწიერს არ ჰგავდა, ბავშვური ბუნება ჰქონდა, ფაქტობრივად, ფილმი მან გააკეთა. არაფერი შეგვიცვლია, არც გრიმი გაგვიკეთებია. ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთი იყო“.

 

 

პიპინიას შემსრულებელს ახალგაზრდა რეჟისორიც დაუახლოვდა. ერთ დღეს ელდარ შენგელაიამ შემთხვევით დაინახა მამა-შვილივით მოსაუბრე პიპინია და ლორთქია. ორივეს ერთ-ერთი სცენის გათამაშება მოსთხოვა, მათი თამაშით აღფრთოვანებულმა რეჟისორმა იყვირა, აგული ერისთავი შენ იქნებიო.

 

 

ოცნებებში დარჩენილი პროფესია

 

 

აგულის როლმა გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრება შეცვალა. ახალ-ახალ ფილმებში იწვევდნენ. თამაში დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, ფილმის გადაღება კი ოცნებად რჩებოდა.

 

 

– მინდოდა, ფილმში კარგი ბიჭი გადამეღო, ქუჩებში ნაღდი თბილისელი გამეტარებინა. ის ბიჭი ცოტათი მე მემგვანებოდა, ჩემი რაღაც მასში აუცილებლად იქნებოდა... ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ ის ბიჭი სულ თავში მიღიტინებს. ვიცი, ასეთ ფილმს ოდესმე ვინმე მაინც გადაიღებს...

ჩემს ცხოვრებაში აგული ერისთავი რომ არ ყოფილიყო, გადავიღებდი რამდენიმე ჩვეულებრივ ან თუნდაც კარგ ფილმს, მაგრამ ასეთი პოპულარული არ ვიქნებოდი. რეჟისორი რაღაცნაირად იჩაგრება, მსახიობი ყოველთვის უფრო წინა პლანზე დგას, – მიყვებოდა გურამ ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

„სარკესთან“ გამხელილი საიდუმლო

 

 

მსახიობის ახალგაზრდობაში იყო ერთი ფაქტი, რომელსაც მთელი ცხოვრება გულში ინახავდა და სხვათა შორის, პირველად „სარკესთან“ გაამხილა:

– სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, ქალს ფაქიზად უნდა მოეპყრო, ზოგჯერ შეიძლება მოიტყუო, უთხრა, დღესაც რა ლამაზი ხარო. ასეთი ტყუილი საჭიროა, რომ ძაფი არ გაწყდეს.

 

 

ერთი გოგონა მომწონდა. მასთან ძალიან მხიარული ვიყავი. სუფრასთან ვმღეროდი, ვმხიარულობდი. მერე გავიგე, რომ იმ გოგოსაც მოვწონდი. იცით, რა დამემართა? თითქოს შევიბორკე, მასთან ერთად ვეღარც ვმღეროდი, ვეღარც ვლაპარაკობდი. ერთხელ ჩაიში შაქრის ნატეხიც ვერ ჩავაგდე, ძირს დამივარდა. მოკლედ, იმ ქალთან საქციელი წამიხდა...

 

 

ერთ დღეს სახლამდე მივაცილე. უცებ მომიბრუნდა და მითხრა, ჩემ გვერდით აღარ დაგინახოო და დამშორდა. იცით, რა მომივიდა? სანაპიროს ფეხით გავუყევი, გრძელი პალტო მეცვა, პაპიროსს ვაბოლებდი.

 

 

ჩელუსკინელების ხიდთან გავჩერდი, მტკვარი მთვარეს ირეკლავდა. დავცქეროდი და ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა. უკვე გადახტომას ვაპირებდი, რომ მხარზე ვიღაცამ ხელი მომითათუნა. მივიხედე, ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი იდგა. მითხრა, პაპიროსი მომაწევინეო. უცებ გამოვფხიზლდი. მივხვდი, რომ სისულელეს ჩავდიოდი. არადა, ის ბიჭი რომ არ მოსულიყო, ნაღდად გადავხტებოდი! ამას პირველად თქვენთან ვყვები.

 

 

განრისხებული სესილია, გულჩვილი დოდო...

 

 

გურამ ლორთქიფანიძე:

 

 

– „ცისფერი მთების“ გადაღებისას ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ცუდად იყო, საავადმყოფოდან პირდაპირ გადაღებებზე მოჰყავდათ. ისე მოხდა, რომ გადაღებები რამდენიმე დღის მიყოლებით ჩავშალე. ნაბახუსევზე მივდიოდი და თამაში არ გამომდიოდა, ამით გაბეზრებულმა სესილიამ გვერდზე გამიყვანა და მიყვირა, ბიჭო, მაცალე სიკვდილი, შენი დედაო... ნუ მაგინებ-მეთქი, ვუთხარი. ნუ გაგინებ კი არაო და სახეში მთელი ძალით მლეწა.

ძალიან მიყვარს ფილმი, „პირველი მერცხალი“. ნანა მჭედლიძე 11 გადარეულ კაცს თავის ნებაზე დაგვარბენინებდა. თურქებთან თამაშის ეპიზოდს რომ ვიღებდით, მითხრა, აიღე ბურთი, გადაუგდე ერთს თავზე, მეორეს აუარე, მესამეს ფეხებში გაუტარე. ააგდე ბურთი, მკერდზე დაიგორე, მერე დაარტყი და გოლი შეაგდეო. ვუთხარი, ქალბატონო ნანა, მაგას პელე ვერ აკეთებს-მეთქი.

 

 

ფილმის კონსულტანტად ფეხბურთის ლეგენდა, ბორის პაიჭაძე გვყავდა. ერთ-ერთი გადაღებისას პასი მომაწოდა. მარცხენა ფლანგიდან დიმა ჯაიანმა დამიძახა, ლორთქია, პასი მომეციო. უთხარი, სულელი ხომ არა ხარ, ბორიამ პასი მომცა და შენ როგორ მოგაწოდებ-მეთქი. ბურთი ჩავფუშე და სახლში წამოვიღე. დღემდე რელიკვიად ვინახავ.

 

 

ფილმში „რაჭა ჩემი სიყვარული“ დოდო აბაშიძემ წამიყვანა. იმ პერიოდში სხვა ფილმში მთავარი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ რატომღაც აღარ ამიყვანეს. დოდო სახლში მოვარდა, წვერი გამაპარსვინა და რაჭაში წამიყვანა. რეჟისორს უთხრა, გურამი დაგვიჩაგრეს და უნდა ათამაშოო.

 

 

დოდომ მდგომარეობიდან გამომიყვანა. დიდი ადამიანი იყო. ნიღაბს ატარებდა, თორემ შინაგანად სევდიანი, ერთ ქალზე შეყვარებული კაცი გახლდათ. იმ ქალის სიყვარულს გადაჰყვა კიდეც. ოთახში ჩაიკეტებოდა, მაგრამ იქიდან რომ გამოვიდოდა, ყველას იმედს გვაძლევდა. მეგობრებმა კი ვიცოდით, რომ გოლიათი კაცი გულით დიდ სევდას დაატარებდა.

 

 

 

ირინე მჭედლიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი