logo_geo
„ვერიკომ პატრიარქს უთხრა – თქვენმა ღმერთმა შვილი წამართვაო„ - ვერიკო ანჯაფარიძის და პატრიარქის უკანასკნელი შეხვედრის უცნობი დეტალები
- +

14 ოქტომბერი. 2020. 20:13

 

 

ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის დის შვილის, გია დანელიას მოგონება, რომელიც საქართველოს პატრიარქს ილია მეორესა და ვერიკო ანჯაფარიძის უკანასკნელ შეხვედრას უკავშირდება:

 

„გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, 7 იანვარს – შობას დამირეკა. თეატრში ვიყავი, პატრიარქმა საშობაო წირვაზე დამპატიჟა, მაგრამ ვერ მივედი, ახლავე ჩემთან ტაქსით გამოემართე, სიონში უნდა წავიდეთო... ყველაფერი მივატოვე და წავედი ვერიკო გამზადებული დამხვდა. საღამოს 9 საათისთვის ტაძართან მივედით, ეკლესიაც დაკეტილი იყო და პატრიარქის რეზიდენციის კარიც, სინათლეც ყველგან ჩაექროთ. რეზიდენციის ბაღში შევიპარე, კიბეებზე ავედი და კარზე მორიდებულად დავაკაკუნე ახალგაზრდა ბერი გამოვიდა – დღეს, საშობაოდ, პატრიარქს ვერიკო ანჯაფარიძე ჰყავდა დაპატიჟებული, მაგრამ დღისით მოსვლა ვერ შეძლო და თუ შეიძლება, პატრიარქს გადაეცით, ქალბატონი ვერიკო გეწვიათ-თქო. ერთი წუთითო, – მითხრა. დავბრუნდი თუ არა ვერიკოსთან, ჯერ ნათქვამიც კი არ მქონდა მისთვის – ბერს მოვახსენე თქვენი მოსვლის შესახებ-მეთქი, რომ უცებ პირველი სართული გაჩახჩახდა, მეორე სართულზეც აბდღვრიალდა ჭაღები, გაიღო დიდი კარის ორივე ფრთა და ქალბატონი ვერიკოს პატივსაცემად ჩამწკრივებული ბერმონაზვნები დავინახეთ – ერთ მხარეს – ქალები, მეორე მხარეს – მამაკაცები! ერთი მორჩილი მოგვიახლოვდა: პატრიარქი გელოდებათო. ხელი მოვკიდე ვერიკოს და ბაღში შევედით, გრძელი განათებული დერეფანი გავიარეთ, კიბემდე მივედით. ვერიკოს ასვლა გაუჭირდა. ორმა ბერმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა და როგორც ტახტრევანზე, ვერიკო ხელებზე ისე დაისვეს და მეორე სართულზე აიყვანეს. კიბის თავთან პატრიარქი იდგა, ფირუზისფერი ხალათი ეცვა. ეს ყველაფერი იყო დაუვიწყარი სანახაობა.

 

პატრიარქი ვერიკოს გადაეხვია და დარბაზში შეგვიძღვა. ვერიკომ ჩემი თავი წარუდგინა. სასადილო ოთახში სუფრასთან მიგვიწვია. მარხვა გადასული იყო, სუფრა ათასი ნუგბარითა და სხვადასხვა კერძით იყო გაწყობილი. პატრიარქი სუფრის თავში დაბრძანდა, თავისი ხელით გადმოგვიღო ხაჭაპურის ნაჭრები, წითელი ღვინო დაგვსხა. ვერიკომ საჩუქრად მიართვა სხვადასხვა ფერის მინით შეკრული, მაღალ ფეხზე მდგარი ბოკალი. პატრიარქმა იმ ბოკალში დაისხა ღვინო და ჩვენი სადღეგრძელო შესვა. შემდეგ თავისი ხელით დაწერილი ხატები გვაჩვენა – წმინდა გიორგისა და იესო ქრისტესი. ახსენა ჩინგიზ აითმატოვის ერთი ნაწარმოები, რომლის დასაწყისშიც ქრისტიანებზეა საუბარი. თურმე, პატრიარქს აითმატოვისთვის ნათქვამი ჰქონია, რადგან ქრისტიანებზე ასეთი სიყვარულით წერთ, თქვენს წინაპართაგან ვინმე აუცილებლად ქრისტიანი იქნებოდაო. ვინ იცის...

 

პატრიარქმა ვერიკოს მაცხოვრის ხატი უსახსოვრა, მე – ჯვარი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ღვთისმშობელი, მეორეზე – ჯვარზე გაკრული მაცხოვარი.

 

იმ საღამოს ვერიკო ეზიარა კიდეც, ერთ-ერთ მღვდელს აღსარებაც ჩააბარა. იმ მღვდელმა შემდეგ თქვა – მსგავსი აღსარება არ მომისმენიაო... მე და ვერიკო გამთენიისას წამოვედით პატრიარქისგან, თავისი მანქანით გამოგვაცილა. ამ შეხვედრიდან 21 დღის მერე ვერიკო გარდაიცვალა“, - იგონებდა გია დანელია.

 

პატრიარქთან შეხვედრისას ვერიკოს თავისი გარდაცვლილი ვაჟიც უხსედენბია.

 

„პატრიარქს უთხრა – თქვენმა ღმერთმა შვილი წამართვაო. პატრიარქმა უპასუხა – წაგართვა, მაგრამ უკეთეს ადგილას წაიყვანა, ღმერთი კი სანამ ჩემი გახდებოდა, ის თქვენი ღმერთი იყოო... მოგეხსენებათ, ვერიკო გაცილებით უფროსი იყო პატრიარქზე, სიტყვებში „თქვენი ღმერთი იყოო„, პატრიარქმა ეს იგულისხმა!“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი