logo_geo
ნიკოლოზ მეტრეველი: ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და მას არაფერი ემუქრება, ამ რთულ პერიოდშიც კი
- +

15 ოქტომბერი. 2020. 18:45

 

 

„ამ კუთხით, როგორღაც აჟიოტაჟის ატეხვა, რასაც ოპონენტები ცდილობენ, რომ თითქოს ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული ურთიერთობები ზიანდება, ეს ცალსახად ტყუილი და მორიგი მათი ფეიკია. ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და მას არაფერი ემუქრება, ამ რთულ პერიოდშიც კი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, დავითგარეჯას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

მას კითხვით მიმართეს, თუ როგორ ხედავს ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

 

ნიკოლოზ მეტრეველმა მის აზერბაიჯანულ კონტაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემაზე ესაუბრა აზერბაიჯანელ დეპუტატებსაც.

 

„ისინი ძალიან გაგებით ეკიდებიან და პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებებიც ამის დასტური იყო. ჩვეენი პარტნიორი ქვეყანა ცალსახად აცხადებს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმე და სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი. ამდენად, ამ კუთხით, როგორღაც აჟიოტაჟის ატეხვა, რასაც ოპონენტები ცდილობენ, რომ თითქოს ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული ურთიერთობები ზიანდება, ეს ცალსახად ტყუილი და მორიგი მათი ფეიკია. ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და მას არაფერი ემუქრება, ამ რთულ პერიოდშიც კი“, - განაცხადა მეტრეველმა.

 

მისივე თქმით, ამ თემასთან კავშირში ასევე სპეკულაციის საგანია მოახლოებული არჩევნებიც.

 

„ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველ წელსაა არჩევნები და მისი ბედი ისედაც გადაწყვეტილია. „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს. ასე, რომ არავითარი საჭიროება იმისა, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“, ეს ნამდვილად არ სჭირდება და ჩვენ თუ მშრალ ფაქტებსა და არსებულ რეალობას შევხედავთ, რას ვხედავთ? - პირდაპირ იყო წამოცდენები, თუმდაც სააკაშვილის მხრიდან, როდესაც მან მილიონებსა და საეჭვო კავშირებზე ისაუბრა აზერბაიჯანელ ბიზნესმენებთან. ამ დღეებში ერთ-ერთ არხზე ვიხილეთ დაკავებულის ადვოკატის თითქმის აღიარება და წარმოუდგენელი განცხადებები. ამდენად, ერთ მხარესაა ფაქტი და რეალობა, ხოლო მეორე მხარეს ტყუილების კასკადი, რათა მათი მორიგი დანაშაული როგორმე იყო გადაფარული“, - განაცხადა მეტრეველმა.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი