„საქართველოში რეინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ამ დაავადების შესახებ ბევრი რამ უცნობია და იმაზე საუბარი, რომ ამ ვირუსს ყველა გადავიტანთ ან გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი დაგვრჩება, ჯერჯერობით ნაადრევია“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
გოგინავამ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და გავაკეთოთ ის, რაც გვევალება.
„პანდემიის მართვაში გარდა სამედიცინო სისტემისა, დიდი როლი ენიჭება მოსახლეობას. თუ ჩვენ რეკომენდაციებს და იმ წესებს, რასაც სპეციალისტები გვეუბნებიან, დავიცავთ, ამით ჩვენ ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს ხელს შევუწყობთ, რომ პანდემიის სტაბილიზაცია მოხდეს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.