logo_geo
ნანი ბრეგვაძე: გია წუხდა ხოლმე, როგორ დავტანჯე ჩემი მეუღლე და შვილებიო
- +

20 ოქტომბერი. 2020. 02:51

 

 

ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორი გვყავდა, მსოფლიო დონის”, - ამის შესახებ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ჟურნალ “გზას“ კომპოზიტორ გია ყანჩელზე საუბრისას განუცხადა. 

 

„ვამაყობ, რომ მის ბევრ სიმღერას მე ვახმოვანებდი, მათ შორის, თეატრში, კინოში.

 

– გია ყანჩელი ჯერ კიდევ ადრეული ახალგაზრდობიდან მახსოვს.

 

ერთხელ, ქუჩაში გამაჩერა... მაშინ ოფიციალურად ჯერ არსად ვმღეროდი, გეპეიში თვითშემოქმედების ორკესტრში დავდიოდი, მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი და კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი.

 

გრიბოედოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი და გია ჭავჭავაძეზე შემხვდა, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, თუმცა, ცნობილი კომპოზიტორი ჯერ არ იყო.

 

მითხრა, ერთი კარგი სიმღერა მაქვს და მინდა, შენ იმღეროო.

 

ეს იყო „ყვითელი ფოთლები“!

 

სხვათა შორის, დოკუმენტური კადრები მაჩვენეს, სადაც სამუშაო პროცესი, რეპეტიციაა გადაღებული და ჩემთვის ამის ნახვა სასიამოვნო იყო.

 

მე და გია ახლო მეგობრები ვიყავით, ჭკვიანი და ნიჭიერი კომპოზიტორი გახლდათ, კეთილი გული ჰქონდა, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა ჩუმად, თავისთვის ისე, რომ ამას არ ახმაურებდა.

 

ერთხელ თქვა, ჩემს სიმღერებს 50 წლის მერეც თუ იმღერებენ, მაშინ ჩავთვლი, რომ კარგიაო.

 

50 წელი კი არა, მიმაჩნია, რომ გია ყანჩელს საუკუნეების განმავლობაში მოუსმენენ და შეასრულებენ.

 

ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორი გვყავდა, მსოფლიო დონის.

 

ვამაყობ, რომ მის ბევრ სიმღერას მე ვახმოვანებდი, მათ შორის, თეატრში, კინოში.

 

 „ის აქ არის“, ყველაზე მეტად „შემომრჩა“.

 

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ჩემთვის დაწერილი სიმღერა უპოვია, ჩავწერეთ, თუმცა, ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა, რადგან მგონია, რომ ძალიან სევდიანია, თუმცა, ვინც მოისმინა, მოეწონა.

 

როცა უკვე ავადმყოფობდა, მასთან რეგულარული კონტაქტი მქონდა, საავადმყოფოში სულ მივდიოდი.

 

ერთხელ, ერთი კაცი მოვიდა საავადმყოფოში, გერმანიიდან იყო ჩამოსული შვილთან ერთად, რომელიც მუსიკალური განხრით სწავლობდა და თურმე, ნატვრა ჰქონდა, გია ყანჩელი ენახა.

 

იმ დროს, გია უკვე ძალიან ცუდად იყო, ბოლო დღეებს ითვლიდა, იწვა, მაგრამ ის ბავშვი მაინც მიიღო და ძალიან ესიამოვნა ეს ფაქტი.

 

სხვათა შორის, ჩვილი ბავშვების სათამაშოები გამოვიდა, რომელიც გია ყანჩელის მუსიკას უკრავს, საწოლზე ჩამოსაკიდებელია, ტრიალებს და თან გიას მელოდები ისმის.

 

წარმოგიდგენიათ, სადამდე მივიდა ხალხის სიყვარული? ძალიან კარგი სასაჩუქრე რამაა, ულამაზესია, არაერთხელ შევიძინეთ და ახლობლებს ვუგზავნით ხოლმე.

 

გიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მას კარგი მეგობრები ჰყავდა და ისინი უზომოდ უყვარდა, მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, ამიტომ, ხშირად ჩამოდიოდა და სად ცხოვრობდა? – თავის მეგობართან, ბოლო ხანებში მაინც, სულ იქ იჯდა, იმიტომ, რომ ივსებოდა.

 

მარტოხელა კაცი არ იყო, შესანიშნავი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, ქალ-ვაჟი, ჭკვიანი და კეთილშობილი ადამიანები.

 

გია წუხდა ხოლმე, როგორ დავტანჯე ჩემი მეუღლე და შვილებიო.

 

ეს ტანჯვა არ იყო, ღმერთს არ უნდოდა, მიეღო ის ჯერ... ორჯერ–სამჯერ წავიდა იმ ქვეყნად და უკან დააბრუნა... ასეთი უცნაური ბედი ჰქონდა...

 

ჩვენ კი გავგიჟდებოდით ხოლმე, ავნერვიულდებოდით, ავღელდებოდით, ცუდადააო, რომ გავიგებდით, მაგრამ გავიდოდა სულ ცოტა დრო, მიხვიდოდი და ისევ ამაყად იჯდა მაგიდასთან, კარგად მყოფი.

 

მისი ეს სიცოცხლისუნარიანობა და გარშემო მყოფების მიმართ დიდი სიყვარული აკავებდა ალბათ ამ ცხოვრებაში...

 

საოცარ პატივს სცემდა მთელი რუსი საზოგადოება, მაგრამ არანაკლები იყო უცხოეთში, უნდა გენახათ, რა ხდებოდა!

 

სიმფონიურ ნაწარმოებს ყველა კი ვერ წერს, სიმღერებს კი წერენ, მაგრამ გიამ უფრო დიდი რამ გააკეთა.

 

იცით, რატომ გაგიჟდა მთელი მსოფლიო მის სიმფონიურ ნაწარმოებებზე?

 

ერთი სტილით რომ დაიწყებდა მუსიკას, უცებ ისეთი ქართული მელოდია წამოვიდოდა, ისეთი სითბო, რომ ის შლიდა ყველას.

 

პიანოები უყვარდა, პაუზები – ეს მისია, სხვას არავის აქვს.

 

ეს იყო მელოდია, რომელიც შეგეძლო გემღერა.

 

ეს იყო გია!“, - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

 

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის  გარდაცვალებიდან 2 ოქტომებერს ერთი წელი გავიდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი