logo_geo
ვაჟა აზარაშვილი გია ყანჩელზე: ბოლო კონცერტზე რომ გამოვიდა, თქვა, მე დიდხანს არ ვიცოცხლებო
- +

20 ოქტომბერი. 2020. 02:59

 

 

„დიდი კაცი იყო და დიდი სახელი დატოვა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე“, - ამის შესახებ კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა ჟურნალ „გზას“ გია ყანჩელზე საუბრისას განუცხადა.

 

 

„უნიჭიერესი კაცი იყო, მაღალი რანგის პროფესიონალი.

 

იგი დიდი წარმატებით მუშაობდა სიმფონიურ თუ საორკესტრო ჟანრში, მისი ვოკალური, კინო თუ სათეატრო მუსიკა – ყველაფერი შესანიშნავია, თავისი სტილი აქვს, თავისი მე, ორიგინალური ენა, რომლითაც ის გამორჩეულია და მსმენელზე დიდ ეფექტს ახდენს.

 

ყანჩელი ბევრ ქვეყანაში სრულდებოდა და სრულდება, თანაც დიდი წარმატებით!

 

ძალიან მომწონს: „როცა აყვავდა ნუში“, „მიმინო“, „კავკასიური ცარცის წრე“ და რომელი ერთი ჩამოვთვალო!

 

გია ჩემი სკოლელი იყო, ოღონდ ერთი კლასით უფროსი.

 

სერიოზული, ჭკვიანი ბიჭი იყო, შესანიშნავი იუმორი ჰქონდა...

 

პლეხანოვზე ვსწავლობდით, მეშვიდე რკინიგზის სკოლაში, მერე გია გადავიდა, თუმცა, საქმიანი, მუსიკალური კუთხით შეხება მასთან მერე, რა თქმა უნდა, მქონდა მოგეხსენებათ.

 

ის კომპოზიტორთა კავშირში მუშაობდა, გასტროლებზეც ვყოფილვართ ერთად, მოსკოვში საკავშირო მუსიკალური ყრილობები, რომ ტარდებოდა, გიას ნაწარმოებები ყოველთვის სრულდებოდა, თანაც, დიდი წარმატებით.

 

სადაც კი ყანჩელს უკრავდნენ, ყველგან დიდი აღიარება ჰქონდა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ის მსოფლიოს სამ საუკეთესო კომპოზიტორთა შორის დაასახელეს.

 

ერთი შეხედვით, გულჩათხრობილი კაცი გეგონებოდათ, მაგრამ ასე არ იყო.

 

უკეთილშობილესი პიროვნება გახლდათ, მეგობრებსა და კოლეგებს ყოველთვის პატივს სცემდა.

 

სხვათა შორის, ჩვენ ერთ პედაგოგთან ვსწავლობდით – იონა ტუსკიასთან და ერთდროულად მეცადინეობაც ხშირად გვიწევდა, სხვადასხვა კურსის სტუდენტებს ერთად შეგვკრებდა და მიდიოდა ნაწარმოებების გარჩევა.

 

დიდი კაცი იყო და დიდი სახელი დატოვა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე.

 

ბოლო კონცერტზე „პაკლონზე“ რომ გამოვიდა, თქვა, მე დიდხანს არ ვიცოცხლებო.

 

რომ დაბრუნდა, გზაში გავაჩერე და ვუთხარი, რაებს ამბობ?! შენ ჯერ კიდევ ბევრი მუსიკა გაქვს-მეთქი დასაწერი...

 

ბოლოს უკვე ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, მეუღლეც ვნახე, ავად რომ იყო...“, - იხსენებს აზარაშვილი.

 

2 ოტომბერს, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა.

 

 

 

big_banner
არქივი