logo_geo
მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული
- +

22 ოქტომბერი. 2020. 11:23

 

 

„ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის“, - ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ამაში დიდი წვლილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, ავთანდილ გალდავას მიუძღვის, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა.

 

„დავინახეთ ამ ადამიანის გმირობა, რაც მან ჩაიდინა გუშინ დღის ბოლოს. მან აწარმოა ეს მოლაპარაკებები აბსოლუტურად კვალიფიციურად, მაღალპროფესიულად და სწორედ ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი და ყოველგვარი მსხვერპლის, მძიმე შედეგის გარეშე დასრულდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ქვარაიამ.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი