logo_geo
კახა კახიშვილი: ყოველ არჩევნებისას ვხედავთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მთავარი ამოცანაა არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პროვოკაციების მოწყობა, დაძაბულობის ესკალაცია
- +

29 ოქტომბერი. 2020. 23:20

 

 

2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ არჩევნებისას ვხედავთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მთავარი ამოცანაა არა არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება, არამედ ხმის დათვლის პროცედურის დაწყებისთანავე პროვოკაციების მოწყობა, დაძაბულობის ესკალაცია, საარჩევნო უბნებზე შევარდნა და ა.შ. ვფიქრობ, გამონაკლისი არც წლევანდელი არჩევნები იქნება და კვლავ მძიმე სურათის შექმნას შეეცდებიან, რათა შემდეგ დამდგარი შედეგი და, ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ“, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერ პროვოკაციას და დესტაბილიზაციის მცდელობას კანონით გათვალისწინებული ადეკვატური პასუხი გაეცემა.

 

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არჩევნების დღეს სამართალდამცავმა სისტემამ განსაკუთრებული დატვირთვით იმუშაოს და პოლიცია მაქსიმალურად ოპერატიულად გამოცხადდეს ყველგან, სადაც კონკრეტული ინციდენტის გამო გამოიძახებენ, არავის უნდა მიეცეს საშუალება, დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს და მერე ეს კიდევ უარეს უბედურებაში გადაზარდოს. ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და სამშობლოს მომავალი პოლიტიკურ კინკლაობას არ გადააყოლოს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას უნდა გავუფრთხილდეთ, მითუმეტეს ახლა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა სანატრელი გახდა.

 

ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციის მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული ადეკვატური პასუხი გაეცემა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას კარგად ფლობს და სახელმწიფო სტრუქტურები საკმარისად კარგად არის გამართული იმისთვის, რომ ნებისმიერი დანაშაული დროულად აღკვეთოს. ამდენად, ნურავის გაუჩნდება განცდა, რომ იმას, რისი გაკეთებაც 15-20 წლის წინათ იყო შესაძლებელი, დღესაც გააკეთებს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სახელმწიფოს ჩამოშლას არ დაუშვებს!“ - განაცხადა კახიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი