logo_geo
გელა ნიკოლაიშვილი: ნიკა ლომინაძის მამას 11 წელი არწმუნებდნენ, რომ ციხეში მისი შვილის მკვლელები სხედან…
- +

25 ნოემბერი. 2016. 13:43




პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტმა ახლახან დაასრულა და სააპელაციო სასამართლოს გადასცა გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმე, რომლებსაც „AES თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით სააკაშვილის რეჟიმმა უვადო პატიმრობა შეუფარდა. საქმეში გამოიკვეთა ახალი დეტალები, რომლის მიხედვით ბრალდებულები, რომლებმაც 11-11 წელი ციხეში გაატარეს, უდანაშაულონი არიან. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 29 ნოემბერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართება სასამართლოს სხდომა და პროკურატურა გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას გათავისუფლებას მოითხოვს. გარდაცვლილი ნიკა ლომინაძის მამა კატეგორიული წინააღმდეგია გია გვიჩიანის გათავისუფლების, რაზეც ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მას 11 წლის განმავლობაში ეგონა, რომ ციხეში მისი შვილის მკვლელები სხედან.


 

„ჩემთვის მისი პოზიცია სრულიად გასაგებია, მესმის, მისი, როგორც დაზარალებულის ფსიქოლოგია. 11 წლის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ ციხეში მისი შვილის მკვლელები სხედან, ახლა მისთვის მძიმეა გაცნობიერება, რომ ვისაც მკვლელად მიიჩნევდა, მკვლელი სულაც არ არის, მეორე მხრივ კი, იმის აღქმა, რომ მისი შვილის მკვლელი არ დასჯილა! ბუნებრივია, რომ მამა თავისი სამაგალითო და მართლაც ყველა ღირსებით შემკული შვილის სიკვდილის შემდეგ ობიექტური ვერ იქნება, მაგრამ მოკვლეული მტკიცებულებები ღაღადებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას სახით ციხეში უდანაშაულო ადამიანები მსხდარან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნიკა ლომინაძის მამას სრული უფლება აქვს, საზოგადოების წინაშე დასვას კითხვა, თუ ვინ მოკლა მისი შვილი!" - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი