logo_geo
თიკა ანდღულაძე: ადამიანები, როგორც არასდროს, ისე დავფიქრდით სხვების სიცოცხლეზე
- +

3 ნოემბერი. 2020. 12:15

 

 

ბლოგი კარანტინიდან კოვიდ 19-ზე      

 

ეს ფოტოკოლაჟი კოვიდ 19-ის ტესტის ჩაბარების დღეს  „გავსთორე“. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ინფიცირებული ვარ. სხვადასხვა განწყობა და გეგმები მაქვს ამ ორ ფოტოში. დიახ ყველაფერი წუთებში იცვლება, მაგრამ არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში. მაშინაც კი, თუ ჩემსავით, ოჯახის ყველა წევრს კოვიდ-დადებითს დაგიდგენენ.

 

 

მე ვარ გოგო, რომელმაც ჯერ კიდევ ზამთარში, როცა სახლში დამწყვდეულები ტელევიზიებიდან წამოსულ პანიკურ ინფორმაციას შეშინებული თვალებით ვუყურებდით, ციფრებად  გადაქცეულ ადამიანებზე სტატისტიკას ვისმენდით, მე ამ ადამიანების ადამიანური ამბებს მათგანვე ვისმენდი. რეჟისორმა ბექა მიქაძემ პანდემიაზე დოკუმენტური ფილმის დისტანციური გადაღება კარანტინში გადაწყვიტა. ჩვენ ვიდეოზარებით მსოფლიოს 25 ქვეყნაში ვესაუბრეთ რიგით მოქალაქეებს, ექიმებს, ახალგაზრდებს , მოხუცებს. იცით რა აღმოვაჩინე? რომ ამ ვირუსმა დედამიწელებს საერთო მარტო სიმპტომები კი არ გამოგვივლინა, არამედ საერთო შიშები, ემოციები, იმედები, ოცნებები და ფიქრებიც კი. თქვენ წარმოიდგინეთ და ერთნაირ ფრაზებსაც ვიძახით თურმე აქ თბილისში და სადღაც იქ ავსტრალიაში, ამერიკაში, ესპანეთში. ჩვენი ესპანელი საყვარელი გოგო გვეუბნება აქ თავიდან ყველა თავს ვინუგეშებდით „უხ მე ეგ დეკემბერში მაქვს გადატანილი, მარა მაშინ ხო არ ვიცოდით კორონას არსებობა“, ამერიკელი ბიჭი „ჩემს თავს არ დავეძებ დედ-მამა მყავს რისკ ჯგუფში“, ბრიტსნრლი ქალი :“ ბავშვებს არ ემართებათ მგონი და მშვიდად ვარ“. ძირითადად ყველას ფრაზა იყო - „ჩემს თავზე არ ვდარდობ, სხვებზე“ . ადამიანები, როგორც არასდროს ისე დავფიქრდით სხვების სიცოცხლეზე. როგორც არასდროს ისე ვიგრძენით რომ მეორე დამოკიდედებულია შენზე და სამყაროში ყველა საერთო ჯაჭვის თითო რგოლი ვართ!

 

ჰოდა, მეც არ ვდარდობდი  ჩემს თავზე და არც ახლა ვდარდობ. როცა გავიგე, რომ კოვიდ-დადებითი ვარ, პირველი  ჩემს კონტაქტებს დავურეკე და მერე ექიმს. 

 

მე ვინც მიცნობს, იცის, როგორ მიყვარს ცეკვა, ის ადგილები, სადაც თავისუფალი ადამიანები ცეკვავენ და საკუთარ თავს გამოხატავენ. ერთგვარი ანტიდეპრესანტია ჩემთვის „ივენთები“. პარასკევს, როცა ჩემთვის ძალიან საყვარელმა და ასეთ საღამოებში მეწყვილემ დამირეკა, წამო რა, მგონი, თბილისში ბოლო ივენთია, ბასიანია ჩათვალე, ისეთი კარგია, ყველა აქაა, მაგარი მუსიკაა, ძალიან გაგისწორდებაო, ფეხები  ამითამაშდა. ეს დიდი ცდუნებაა ჩემნაირებისთვის, დამიჯერეთ. მე რომ იმ დროს არ მეფიქრა სხვებზე, საკუთარი თავის გარისკვაც კი მიღირდა. რეალობა კი, იცით, რა იყო - მე იმ მომენტში არ ვიცოდი, რომ თვითონ ვიყავი მთელი იმ ივენთის კოვიდ-საშიშროება.

 

„მე არასდროს დამემართება“ ან „ბოლოს ყველას დაგვემართება“ ეს ორი ფრაზა დაივიწყეთ. პირველი საკუთარ თავთან უპასუხისმგებლობაა, მეორე - სხვებთან. რადგან: ვინ თქვა, რომ თქვენ განსაკუთრებული იმუნიტეტი გაქვთ? და მეორე შემთხვევაში, დაუშვათ, თქვენ მართლა მარტივად დაამარცხებთ, რატომ არ ერიდებით ვირუსს, რომელიც შეიძლება გადადოთ სხვას, ვისთვისაც სასიკვდილო აღმოჩნდება? არ არის სავალდებულო, ყველამ მოვიხადოთ ბატონებივით, არც მოხდება ასე. ყველას არ მოივლის კორონა, ისე როგორც არ გადასდებია სხვა არანაკლებ საშიში ვირუსი საზოგადოების ყველა წევრს.

და თუ თქვენ მაინც დაინფიცირდით, ნუ დაისტრესებით, რადგან ეს არ არის განაჩენი და ამ ვირუსს უმრავლესს შემთხვევაში მსუბუქი და კეთილი დასასრული აქვს. პანდენიაზე მომზადებული ფილმის რესპონდენტმა - ჩინეთში მცხოვრებმა ექიმმა ჯერ კიდევ მარტში გვითხრა, რომ ჩატარებულ კვლევებში კორონას ზოგიერთ შტამს ერთ-ერთი კომპონენტი დაკარგული ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანის ორგანიმში დამარცხებული ვირუსი სუსტდება (ეს რესპონდენტის ინტერვიუდანაა). ასევე, რომ იცოდეთ ეს ბაქტერიები თქვენს სასუნთ გზებში, როგორც მკვდარი უჯრედები, რამდენიმე თვე რჩება, უბრალოდ ის გადამდები აღარაა. ამიტომაც იყო ჩინეთში განკურნებულებს რამდენიმე თვეში კიდე რომ ტესტავდნენ, ეგონათ, გაუმეორდა და სტატისტიკაც არ იკლებდა.

 

ნერვებს გაუფრთხილდით, მაშინაც კი, თუ ჩემსავით აღმოაჩენთ, რომ მთელი ოჯახი ინფიცირებული ხართ.

 

ახლგა მოგიყვებით საკუთარი გამოცდილების შესახებ, რა ხარვეზები აქვს ჩვენს ჯანდაცვას და როგორ უნდა უშველოთ თავს, რა მეთოდებით უნდა ებროლოთ კორონას!

 

პირველი პანიკა: დედას დაურეკეს და გააფრთხილეს რომ ის დადასტურებულის კონტაქტია. ვიზომავთ სიცხეს და ყველას ტემპერატურა გვაქვს. მე 39, სხვებს 37.2   20 წუთში მეც მივარდება სიცხე თავისით. გადავწყვიტეთ, რომ ეს ნერვიული შეტევა იყო, თუმცა, დედას, როგორც რისკ-ჯგუფის წევრს, ვარეკვინებ 112 ში. დანარჩენები გავრბივართ იზოლაციაში.

 

მეგობრებო, არ ჩათვალოთ, რომ რამდენიმე წუთით აწეული და დავარდნილი ტემპერატურა ნერვული შეტევაა, დაუშვით ეჭვი, რომ ეს კორონას სიმპტომია. სიმტომიდან რაც უფრო მალე ჩაიტარებთ ტესტს, თქვენ არ დაკარგავთ ჩემსავით კარანტინის  დღეებს, რადგან ათვლა ოფიციალურად იწყება მხოლოდ ტესტის პასუხის შემდეგ. ერთიც არის - ინფიცირებულთან კონტაქტი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თქვენც დაავადდით და თუ იზოლირების პერიოდში შესამჩნევი სიმპტომი არ გამოგვლენიათ, აზრი არ აქვს ტესტირებას, ბაქტერიები ცხვირ-ხახაში არ არის ასეთ დროს იმ რაოდენობის, რომ სწორი პასუხი გიჩვენოთ. ამიტომ ისეც ხდება რომ დადებითს უარყოფითი აჩვენოს, რამდენიმე დღეში კი აღმოჩნდეს რომ დადებითი ხართ. ნუ ჩამოივლით ამ დროს უშიშრად ნაცნობ-მეგობრებს. უსიმპტომო მდგომარეობაში, ჯობია, უბრლოდ დააკვირდეთ თავს და დათვალოთ 10 + 3 და თავისუფალი ხართ, თუმცა, არ გეცოდინებათ, გადაიტანეთ თუ არა ამასობაში დაავადება.

 

სიმპტომი მხოლოდ სიცხე არაა და ნუ დაელოდებით სიცხეს. პირადად მე ტესტის გაკეთება მეოთხე დღეს გადავწყვიტე, როცა თავის ტკივილები დამეწყო და კიდურების შეშუპება-დაბუჟება. აი მაშინ კი შემეშინდა, გაგუდვით არა, მაგრამ მგონი თრომბით მომიღებს ბოლოს კორონა-თქო. სიმპტომად ჩათვალეთ თავის, ყელის, სახსრების, წელის ტკივილიც. ყნოსვა და გემო ისედაც თვალშისაცემია. ჰოდა, აქ იწყება პრობლემა. მოკლედ, დავრეკე 112 ში ისევ, მოვითხოვე, ექიმს გადმოარეკვინეთ, იზოლაციაში გამიშვით, იზოლაციის პერიოდში არც მოვუკითხივარ და მგონი ინფიცირებული ვარ-თქო. არ დაელოდოთ ექიმს, ის ძალიან გვიან დაგირეკავთო. წავედი კლინიკაში, გადავიხადე ვიზიტის თანხა და ამის მერე შემიყვანეს ცხელების ოთახში გასატესტად. თუ მეორე დღეს ტესტის პასუხზე არ დაგირეკეს, ნუ გადაწყვეტთ, რომ უარყოფითი ხართ, ნერვების ომი აქ იწყება. დარეკეთ იმ  ლაბორატორიაში, სადაც წაიღეს ნიმუში (წინასწარ იკითხეთ, რომელ ლაბორატორიაში წაიღებენ სინჯს და გამოართვით ნომერი). სანამ  ჩემი კლინიკიდან, ანუ სადაც სინჯი ამიღეს, დამირეკეს, მე საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებას ვათანხმებდი ეპიდემიოლოგებთან. ამიტომ მხოლოდ გამეცინა, როცა დამირეკეს -თქვენ კოვიდ-დადებითი ხართ, იცი? კლინიკაში მოხვედრა, თუ არ იგუდებით, შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ კორონა მხოლოდ სასუნთქ არხებს არ ურტყამს, ის თრომბების განვითარების კუთხითაც არანაკლებ საშიშია. დანარჩენ სიმპტომებს, დამიჯერეთ, სახლშიც უფრო მშვიდად გაუმკლავდებით და ჯობია, საწოლი მძიმე პაციენტებს დაუთმოთ. დიდ ხანს კლინიკაში წამოწოლას არც ვაპირებდი. სისხლის ანალიზი მჭირდებოდა. ვისაც დაბუჟება-შეშუპებები გექნებათ, ეს აუცილებელია. ისე გამოვიდა, რომ შენი ფეხით ვერ მიდიხარ, არ მიგიღებენ, გზაშიც შეიძლება დაჯარიმდე, გამოკველვაზე წასაყვანად კი 3 დღე ამაოდ ველოდე სასწრაფოს, ვპასუხობდი ერთსა და იმავე კითხვებს, მირეკავდნენ, მამზადებდნენ, ბარგი შეკრული, ბოლოს სასწრაფო ჩემს ეზომდეც მოვიდა, მაგრამ მითხრეს, რომ ადგილები არაა. ცხადია, ეს მოლოდინის რეჟიმი არ უნდა გაატაროთ უმოქმედოდ.  ექიმს მე თვითონ შევთავაზე, რომ დამეწყო კარდიომაგნილის დალევა. თქვენითაც ნუ დალევთ. ლიმონი და სითხეები, ბევრი სიარული, ფეხით ველოსიპედის ვარჯიშები და ბუქნები, მასაჟები - ეს ყველაფერი არ მოაკლოთ თქვენს თავს. იბრძოლეთ, რომ საავადმყოფოში ანალიზებზე გადაგიყვანონ, თუ არა და, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ბოლოს ჩემსავით უნდა მოიქცეთ - გამოიძახეთ მოძრავი ლაბორატორია. ზოგიერთი არ მოვიდა, ზოგმა ისეთი თანხა მითხრა, ოპერაციას ეყოფოდა.  ერთ-ერთმა ლაბორატორიამ კი სისხლის ნიმუში წაიღო, დამირეკეს, რომ გაუფუჭდათ აპარატი, მეორე დღეს კიდევ დამჩხვლიტეს, ამაში 160 ლარი გადავიხადე და პასუხი არც ამ დღეს გადმომიგზავნეს. არ მოდუნდეთ. შეუტიეთ, დარეკეთ ჯანდაცვის ცხელ ხაზე, დარეკეთ ეპიდემიოლოგებთან. ისინი ბოლოს აიძულებენ ლაბორატორიას, რომ გადმოგიგზავნონ ანალიზების პასუხები. ვიცი, რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩათვალეთ, ომში ხართ! ამ ომში სახელმწიფო დახმარება სუსტი დაგხვდათ, მაგრამ მთელი საზოგადოება სოლიდარული ხდება, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით - დაინფიცირებულები, მეგობრები, კოლეგები, მეზობლები. თუ ექიმს ვერ დაუკავშირდებით, ჩამოგითვლით, რა კვლევაც მე დამჭირდა: კოაგულოგრამა, D-დიმერი, სისხლის საერთო და  C-რეაქტიული.

 

სხეულის იმუნიტეტისთვის ჯანსაღი კვება და ბევრი სითხე, ქარიშხალივით მოვარდნილ სიცხეს შეებრძოლება, მაგრამ სიმშვიდე და განწყობა, ჩათვალეთ, თქვენი ტანკია. ჰოდა, მე ხშირად ვჯდები ამ ტანკში მედიტაციისა და მუსიკის წყალობით. გაიხსენეთ ყველა ის ბედნიერი წუთი, რომელიც გაგაცინებთ! იცინეთ, ბევრი იცინეთ, თქვენ კორონა ანუ გვირგვინის ტარება გხვდათ წილად, რაც მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა გამოწვევადაც მიიღო. დაფიქრდეთ, რატომ გაჩერდა დრო ჯერ დედამიწაზე, როცა საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდა, ახლა კი თქვენს ცხოვრებაში? უფრო მეტად აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება წვრილმანებში და ყოველდღიურობაშია, რომ არ ღირს დარდი, ვინც ან რაც უკვე გუშინდელი დღეა, რომ სამყარო თავისი ლამაზი ბუნებით გარეთ გელოდებათ. იბრძოლეთ, რომ მალე გახვიდეთ გარეთ და სულ სხვა თვალით შეხედოთ ტყეებს, მდინარეებს, მთებს, ჩიტებს, ქუჩებს, ქუჩებში უცხო ადამიანებს და თქვენს თავს  თუნდაც მაღაზიის ვიტრინებში. გიხაროდეთ, რომ სამყარო ისევ გაძლევთ შანსს გამოასწოროთ და შეცვალოთ, რაც არ მოგწონდათ. გადააფასეთ, გადააფასეთ ...

 

ჯანმრთელობას გისურვებთ! ვიცი, ჩემს შემდეგ ბლოგს ძალიან მალე ღია ცის ქვეშ დავწერ. წავალ ორბეთში, მოვიხვევ პლედს, ჩავრთავ მუსიკას, ავაკაკუნებ ლეპტოპის კლავიატურას და მოგიყვებით სულ სხვა ამბავს. არ შემეშინდება კოვიდ-19-ის, მე ხომ უკვე ანტისხეულებით სავსე ვიქნები.

 

  1. P. S. შემდეგი ბლოგის წაკითხვა თქვენი მხრიდან ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებას მილოცავთ.

 

ჟურნალისტი თიკა ანდღულაძე

 

 

 

big_banner
არქივი