logo_geo
გუჯა ლორთქიფანიძე: ქველმოქმედებას ვერ გააკეთებ ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს!
- +

31 მარტი. 2017. 21:27



„მეტი პოზიტივი, ეროს"  შექმნის მიზანი პირველ რიგში იმ ადამიანების დახმარება იყო, რომელთაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. იუმორისტული ვიდეოებით შევძელით, შემოგვეკრიბა ასიათასობით ადამიანი და ამის შემდეგ მაყურებლისთვის შეგვეთავაზებინა ქველმოქმედება და გაგვეხარებინა სოციალურად დაუცველი ადამიანები. მიზანს მივაღწიეთ და ყოველ შაბათს უამრავ ბედნიერ თვალს ვხედავთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებით (მიზეზს ვერ ვხვდებით), სამაგიეროდ თქვენს სიყვარულს პირადად მე ყოველდღიურად ვგრძნობ და უდიდეს სტიმულს მაძლევთ'', - Facebook-ზე არსებობს გვერდი სახელად „მეტი პოზიტივი ერო!" და ეს სიტყვები სწორედ ამ გვერდის შემქმნელს, გუჯა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. გვერდს ასსამოცი ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს, გუჯა ლორთქიფანიძის მიერ გადაღებულ იუმორისტულ ვიდეოებს კი - ათასობით მოწონება, კომენტარები, გაზიარება და ასიათასობით მაყურებელი. იუმორისტული სკეტჩების გარდა, გვერდზე ხშირად იდება საქველმოქმედო შინაარსის ვიდეოებიც, რომლებშიც გუჯა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სხვადასხვა კომპანია გაჭირვებულ ადამიანებს პროდუქციით ეხმარება.


„ამდენ ადამიანში ყოველთვის იარსებებს ის კატეგორია, რომელსაც რაღაც არ მოეწონება. ქველმოქმედებასაც კი ვერ გააკეთებ ისე, ყველა კმაყოფილი დარჩეს.

 

ზოგს პრობლემა აქვს, რომ ვარეკლამებთ კომპანიებს, რომლებიც ქველმოქმედებაში მონაწილეობენ. ვერ ხვდებიან, რომ საკვებისა თუ სხვა ნივთებისათვის აუცილებელ თანხას ჩვენით ვერ ვიშოვით. ეს აუდიტორია სწორედ იმისთვის შემოვიკრიბე, დამეინტერესებინა სპონსორები, ცალკეული კომპანიები, რომლებიც პიარის სანაცვლოდ დაეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველ ვიდეოს არც ისე ხშირად ვდებ. ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როცა მიმაჩნია, რომ ის შეიძლება იქცეს უამრავი ადამიანის მოტივატორად. გაჭირვებულებს კი ყოველ შაბათს ვეხმარებით.

 

როცა ანგარიშის ნომერი გვქონდა, მახსოვს, კომენტარებში ვიღაცამ იკითხა, სად მიდის ეს ფულიო. დავუკავშირდი, შევხვდი და პირადად ვაჩვენე, როგორ ხდებოდა ფულის ტრანზაქცია და რაშიც იხარჯებოდა. როცა კრიტიკა 12 წლის ბავშვიდან მოდის, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ როცა ის ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, თავს მოვალედ მივიჩნევ, საქმის კურსში ჩავაყენო.

 

თავიდან ჩვენი გეგმა იყო ის, რომ ვიდეოების გადაღებით მოზიდული აუდიტორია გაიღებდა თანხას გაჭირვებულებისთვის. მალე მივხვდით, რომ მათი თანხა არ გვჭირდება, რადგან იმდენი ნახვა გვაქვს ვიდეოებზე, ნებისმიერ სპონსორს დავაინტერესებთ. კომპანიები ეხმარებიან გაჭირვებულებს იმ პიარის სანაცვლოდ, რომელსაც ვუკეთებთ. თანხასთან შეხება არ გვაქვს და ანგარიშის ნომერიც ამიტომ გავაუქმეთ - დამატებითი თავის ტკივილი არ გვინდა", - აღნიშნავს გუჯა ლორთქიფანიძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი