logo_geo
ლევან დოლიძე: სერგო ბერია და მარფა პეშკოვა დაქორწინდნენ, რაც სტალინის ქალიშვილისთვის საშინელი შოკი იყო...
- +

21 ნოემბერი. 2020. 02:59

 

 

საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე, მწერალი და პუბლიცისტი ლევან დოლიძე საბჭოთა კავშირის მარშლის ლავრენტი ბერიას შვილის, სერგო ბერიას პირად ცხოვრებაზე „ასავალ-დასავალს“ ესაუბრა:

 

 

„14 წლის სერგო ბერია ულამაზესი ჭაბუკი იყო, გოგონებშიც ძალიან პოპულარული გახლდათ და გამოირჩეოდა როგორც ზრდილობით, ისე აკადემიური მოსწრებითა და საუცხოო ევროპული მანერებით. გერმანელი გუვერნანტის წყალობით, რომელიც ბერიების ოჯახმა თბილისიდან მოსკოვში გადმოიყვანა, სერგომ ბრწყინვალედ იცოდა გერმანული და მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა... ამ სკოლაში სწავლობდნენ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა, რომელიც სერგოზე ორი წლით უმცროსი იყო, მაქსიმ გორკის შვილიშვილი, ულამაზესი მარფა და ანასტას მიქოიანის შვილები. სვეტლანამ – სტალინის ქალიშვილმა, რომელიც თავიდანვე ძალიან ცხელსისხლიანი გოგონა იყო, სერგო ბერიას თვალი თავიდანვე დაადგა და მოსვენებას არ აძლევდა. სვეტლანამ სერგო ჯერ კიდევ გაგრაში ყოფნის დროს გაიცნო, სადაც სერგო და ნინა გეგეჭკორი ერთად ისვენებდნენ. მაშინ სვეტლანა აფხაზეთში მამასთან ერთად ჩამოვიდა. მოკლედ, 1938 წელს სერგო რომ მოსკოვში გადავიდა, სვეტლანას ის უკვე იცნობდა. ერთი სიტყვით, სტალინის ქალიშვილს ბერიას ვაჟი უყვარდა! სვეტლანა კი არა, ულამაზეს და უჭკვიანეს სერგო ბერიაზე მთელი სკოლის ულამაზესი გოგონები იყვნენ შეყვარებული. რაც ყველაზე მთავარია, სერგო ბერია იყო საოცრად გულადი და პატრიოტი ახალგაზრდა.

 

სკოლაში სწავლის დროს სერგო ბერიას მაქსიმ გორკის შვილიშვილი მარფა პეშკოვა შეუყვარდა, რომელიც უდედმამოდ იზრდებოდა. მოგეხსენებათ, მაქსიმ გორკი, რომელსაც ტუბერკულოზი ჭირდა, 1921 წელს იტალიაში წავიდა სამკურნალოდ... მაგრამ, ფაქტობრივად, ეს იყო გაქცევა საბჭოთა კავშირიდან. გორკი ლენინის ხელისუფლებითა და ოქტომბრის რევოლუციით საშინლად იმედგაცრუებული იყო. ამის გამო მოკლეს კიდეც, ხოლო მისი ვაჟი მაქსიმ პეშკოვი – მარფას მამა, ჯერ გაალოთეს და შემდეგ, მოწამლეს. მარფა პეშკოვა გახლდათ ულამაზესი გოგონა, რომელსაც სერგოს მიმართ საკუთი გრძნობა ჰქონდა. მარფა და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა თანაკლასელები იყვნენ და ერთ მერხზე ისხდნენ. ახალგაზრდები – სერგო ბერია და მარფა პეშკოვა 1947 წელს დაქორწინდნენ, რაც სტალინის ქალიშვილისთვის საშინელი შოკი იყო...

 

– სვეტლანა – სტალინის ქალიშვილი ვერ ისვენებდა და სერგო ბერიას ცოლს, მარფა პეშკოვას ურეკავდა – შენ ჩემი მეგობარი არ ხარ! – რატომ? – ეკითხებოდა მარფა. – არ იცოდი, რომ სერგო მე მიყვარდა?! ცოლად არ უნდა გაჰყოლოდი! – კი მაგრამ, შენ ხომ გათხოვდი გრიშა მოროზოვზე? – მერე რა, გავიდოდა ერთი ხუთი წელი და სერგო ცოლად მე მომიყვანდა!

 

საქმეც ის არის, რომ სვეტლანა უკვე გათხოვილი გახლდათ ებრაელ გრიშა მოროზოვზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ასეთ სიბინძურეს მაინც სჩადიოდა. ცხადია, სერგომ ამ ყველაფრის შესახებ იცოდა და სვეტლანას დანახვა არ უნდოდა. ლავრენტი ბერიას რძალი ისე მოსწონდა, რომ აღმერთებდა. ლავრენტიმ და ნინამ ახალგაზრდებს თავიანთი ორსართულიანი „ოსობნიაკის“ ნახევარი დაუთმეს იზოლირებული შესასვლელით – სად უნდა წახვიდეთ ან ბინა სად უნდა იქირაოთ, ჩვენთან ერთად იცხოვრეთო! მარფა პეშკოვა მართლაც დიდებული გოგონა აღმოჩნდა – წესიერი, კარგი ხასიათის, ულამაზესი... ცნობილ ქართველ მსახიობს ლია ელიავას ჰგავდა. წყვილს ბავშვი – პატარა გოგონა რომ შეეძინა, ნინა გეგეჭკორმა, რომელიც მეცნიერებათა კანდიდატი იყო და ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში მუშაობდა, სამსახური დატოვა და შვილიშვილის გაზრდა თავის თავზე აიღო. მარფა პეშკოვა იგონებს: ისეთი მოსიყვარულე ბაბუა, როგორიც ლავრენტი ბერია იყო, არ მინახავს... სულ მეხვეწებოდა, შენ დაისვენე, ბავშვს მე გავასეირნებო! ლავრენტი და ნინა ბავშვს შუაში ჩაიწვენდნენ და სულ მის ფერებაში იყვნენ... მარფასა და სერგოს მეორე შვილიც გოგონა შეეძინათ, ხოლო 1953 წლის 26 ივნისს, როცა ლავრენტი ბერია საკუთარ სახლში დახვრიტეს და მერე სერგოს, ნინას და მარფას აგარაკზე მიადგნენ, ოჯახი მესამე შვილს ელოდებოდა და მარფა პეშკოვა რვა თვის ორსული იყო. ასე დაიბადა 1953 წლის აგვისტოში სერგო ბერიას ვაჟი – სერგო ბერია“, - ამბობს დოლიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი