logo_geo
რატომ იფერფლებდა ერლომ ახვლედიანი სიგარეტს ხელისგულზე
- +

21 ნოემბერი. 2020. 23:23

 

 

მასზე უფრო თავმდაბალ ადამიანს ძნელად თუ ნახავდით. იგი იყო დიდი მწერალი და დიდი ადამიანი. სწორედ ადამიანური თვისებებით შეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა, ეცხოვრა იმდენად შინაარსიანად, რომ შემდგომ მასზე დღიურები დაწერილიყო. ეს ერლომ ახვლედიანია, ცოტა უცნაური, დაბნეული და ყველასთვის საყვარელი მწერალი და კინოდრამატურგი, რომელიც დროსა და სივრცეს ყველაზე კარგად გრძნობდა.

 

ზოგჯერ რთულია, ზუსტად უპასუხო

 

ილია ჯიბღაშვილი: თეატრალურ ინსტიტუტში მეორე თუ მესამე კურსზე ვიქნებოდი, ბატონმა ერლომის ერთ ლექციას ცნობილი ტელეწამყვანი დაესწრო, გადაცემის გაკეთებას აპირებდა და რადგან 90-იანი წლების ბოლოს ფოკუს-ჯგუფები, საზოგადოებრივი აზრის კვლევის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებოდა, თემის შესასწავლად ჩვენი ჯგუფი აირჩია. სცადა, მცირე სოციალური გამოკვლევა ჩაეტარებინა. მომავალ კინოსცენარისტებს ერთადერთ კითხვაზე უნდა გვეპასუხა – რა არის სამშობლო? პასუხი უნდა დაგვეწერა და ერთი კვირის თავზე ჩაგვებარებინა. ერლომმა მისთვის დამახასიათებელი ხელის მოძრაობით მოიფხანა, გაგვიღიმა და კმაყოფილმა თქვა – ძალიან გამიკვირდებოდა რომელიმეს რომ გეპასუხათ, აბა, როგორ უნდა დაწერო რა არის სამშობლო? ვერც მე დავწერდი, სამყაროში არსებობს კითხვები, რომლებზეც რთულია ზუსტად უპასუხო, მაგალითად, რა არის სამშობლო? ან ვინ იყო ერლომ ახვლედიანი?

 

ფერფლი

 

ნინო დადვანი: როცა ძალიან მენატრება, მახსენდება მისი ერთი ჟესტი – საუბრისას სიგარეტის ხელისგულზე დაფერფლება იცოდა. საერთოდ, უამრავი ასეთი, სრულიად აბსურდული რამ ახასიათებდა, მაგრამ, იცით, არ მიყვარს როცა ერლომ ახვლედიანს გულუბრყვილობას აბრალებენ, როცა ყურადღებას ამახვილებენ მის უცნაურობასა და დაბნეულობაზე. თავად არ უყვარდა არაფერი უცნაური და არასდროს უჩლექდა ენას ყოფიერებას. უპირველეს ყოვლისა, რეალისტი იყო და იმდენად ყოვლისმომცველი იყო სინამდვილის მისეული აღქმა, რომ ვინ არ დაიბნევა ასეთ სისავსეში, მას მერე, რაც აღარ არის, ერლომზე როცა ვფიქრობ, ვფიქრობ მხოლოდ მის ტკივილზე, იმ ბურუსზე, სადაც აქ ყოფნიდან ნელ-ნელა გადაინაცვლა და იმ სიცხადეზე, რომელიც ყველაზე მეტად სურდა. არა, არც ვფიქრობ, უბრალოდ, მუდმივად თან დამყვება მისი უკანასკნელი დღეების განცდა, მარცვალ-მარცვალ გასარჩევი, უამრავი კითხვით სავსე ჯამი დამიტოვა, დავიბენი და გავურბი მასზე ფიქრს. მაგრამ ძალიან არ მიყვარს, როცა ერლომზე გულაჩუყებით საუბრობენ და დაბნეულობას აბრალებენ. როცა მენატრება, თვალწინ რამდენიმე წამით დამიდგება რამე ასეთი – კვამლში გახვეული სავარძელში ზის, მე მთელი ყურადღება მის თითებში მბჟუტავ სიგარეტზე მაქვს გამახვილებული – ნახევრად ჩაიწვა, მას კი ერთხელაც არ დაუფერფლებია. ის კი უცებ ხელისგულს შეუშვერს ფერფლს და ამბობს – ბავშვობისას თეთრგვარდიელს მეძახდნენ. ეს მე არ მომწონდა.

 

მწერალი და მწერები

 

ოთარ პერტახია: „მწერები, ბუნების უცნაური გაფიქრებანი, რამდენ აზრს და განცდას ბადებენ ჩემში! მათი სიმცირე განუზომელ სევდას მგვრის. ხანდახან ასეთი განცდა დამეუფლება, სხვა სიცოცხლეა ჩვენი, ამ პაწაწინა სხეულში მომწყვდეული. ჩვენც მათსავით უმწეონი, მიუსაფარნი, ზიზღის მომგვრელნი, უპატრონონი, მომაბეზრებელნი, არასაჭირონი ვართ. იქნებ ისინი უფრო მეტად გამოხატავენ ჩვენს რეალურ არსებობს“ (ერლომ ახვლედიანი: „კოღო ქალაქში“). ამ რომანს, მწერლისა და კოღოს შესახებ, დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. ამ ნაწარმოებს ახალგაზრდობაში ერლომი ჯერ ზეპირად უყვებოდა თავის მეგობრებს, მერე პირველი (როგორც თვითონ მიაჩნდა დაუმთავრებელი) ვარიანტი წააკითხა ახლობლებს; მერე ესეც გადადო და ამ ხელნაწერის ნაწილი თავის უამრავ დაწერილ თუ დაუწერელ ფურცელში დაკარგა და ისევ ზეპირად განაგრძო მისი (ისევე, როგორც თავისი ბევრი სხვა დაუწერელი ნაწარმოების) წერა. მისმა განუყრელმა მეგობარმა დათო ჯავახიშვილმა ამის გამო ერლომს მეტსახელიც მოუგონა – „მწერლომი“. 90-იანი წლების ბოლოს სახლის დალაგებისას შემთხვევით იპოვა საქაღალდე წარწერით: „კოღო ქალაქში“ და თავიდან განუახლდა წერის სურვილი. მუშაობის დაწყება უჭირდა. დამირეკა და დახმარება მთხოვა. ჩემი – ერლომის ყოფილი სტუდენტის და მუდმივი მოწაფის – როლი უკვე კარგად ვიცოდი: ის სახლში იყო და ცდილობდა, დაეწერა, მე კი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ავდიოდი მასთან, დაწერილს წამიკითხავდა, მოვუსმენდი, აზრს გამოვთქვამდი, დასაწერის გეგმას გამიზიარებდა. დანარჩენ დღეებში ტელეფონით ვურეკავდი, მის ამბავს მოვიკითხავდი, ვამხნევებდი და რომანის მომდევნო თავის დაწერას ველოდებოდი. ცდილობდა ეს მოლოდინი არ გაეწბილებინა და ისე „მაბარებდა“ ნაწერს, თითქოს მე ვყოფილიყავი მისი მასწავლებელი ან უფროსი მეგობარი. ზაფხული იდგა. ერლომის ფარღალალა სახლი საღამოობით სინათლეზე მოფრენილი მწერებით ივსებოდა. ერლომი ირწმუნებოდა: ამ რომანის წერისას, ისევე, როგორც ჩემს რომანში, მართლა დამტრიალებს თავს ერთი და იგივე კოღოო. მე ხუმრობით ვეკითხებოდი: ნეტა რითი ცნობთ-მეთქი. ერთ საღამოს აღელვებულმა დამირეკა: ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა, ის კოღო ყურში შემიფრინდა და ახლა იქ მიწუის და არ გამოდისო. „ეტყობა, არ მოეწონა თქვენი ნაწერი და ყურში შეგიფრინდათ, რომ კოღოს ნამდვილი ისტორია გიკარნახოთ“, – ვიხუმრე მე. ერლომი ძალიან გახალისდა: აი, ახლა კი გამომივა რომანიო, ორი დღე გავიდა და ერლომს ყურისა და თავის ტკივილი დაეწყო. ახლა შეწუხებულმა დამირეკა: ის კოღო ჯერაც ყურში მიწუის, იქიდან ვერაფრით გამომყავს და რაიმე მიშველეო. მე ჯერ ყურის ექიმთან წასვლა შევთავაზე, მაგრამ უარი მივიღე, მერე კი შეფიქრიანებულმა მოვძებნე სახლში რაც კი ხალხური მედიცინის შესახებ წიგნები გვქონდა და წამალსაც მივაგენი: „თუ ყურში რაიმე მწერი ჩაგიძვრათ, ჩაიწვეთეთ ოდნავ შემთბარი აბუსალათინის ზეთი და ნახევარ წუთში ყური ბამბით ამოიწმინდეთ“. რეცეპტი სასწრაფოდ ბატონ ერლომს ვუკარნახე, მეორე დილას ერლომის სატელეფონო ზარმა გამაღვიძა: „ეს რა გამაკეთებინე – აღშფოთებული იყო – ზეთი როგორ ჩამაწვეთებინე!“ „რა მოხდა, ყური დაიზიანეთ?“ – გული გამისკდა. „არა, ყური კარგად მაქვს, კოღო მოკვდა“. „აბა, რას ელოდით, ბატონო ერლომ, რომ იმ კოღოს ცოცხლად ამოიყვანდით?“ „როგორ არ გესმის, კოღო მოკვდა და ამ კოღოს მკვლელი მე კი არა, შენა ხარ“ – გამომიტანა განაჩენი, უცებ ვიგრძენი, რომ ერლომის ცხოვრებასა და ნაწერებს შორის ძალიან მკრთალი გამყოფი ხაზი იყო. ზოგჯერ ერლომი იმას წერდა, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ზოგჯერ კი რაღაცას დაწერდა და ეს მოგვიანებით გადახდებოდა თავს, ზოგჯერაც მისი არსებობა მისივე კალმის წვერს მიჰყვებოდა.

 

 

ეკა პატარაია

 

 

big_banner
არქივი