logo_geo
ალექსანდრე გოგინავა: თუ ეპიდსიტუაცია არ დავასტაბილურეთ, გრძელვადიანად ჯანდაცვის სექტორი ამას ვერ გაუძლებს
- +

27 ნოემბერი. 2020. 02:35

 

 

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჰოსპიტალურმა სექტორმა ამას გაუძლოს და ამისთვის დამატებითი რესურსების მოძიება ხდება, მაგრამ გრძელვადიანად, თუ ეპიდსიტუაცია არ დავასტაბილურეთ, სექტორი ამას ვერ გაუძლებს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

როგორც გოგინავამ აღნიშნა, პაციენტის სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა მაშინ დგას, როცა არის სუნთქვის მზარდი უკმარისობა, ადამიანს ქრონიკული, ან ფონური დაავადება აქვს და მისი ბინაზე მართვა შეუძლებელია.

 

„ასეთი პაციენტები არიან ვთქვათ, ასაკოვნები. ისინი, ვისაც აქვს მაღალი ჰექტიური ცხელება და ამ ცხელების ფონზე განვითარებული ძლიერი სისუსტე. ისეთი, რომ უჭირთ კოორდინაციის დაცვა და გადაადგილება. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ასეთი სიმპტომები, ხშირ შემთხვევაში, უფრო ასაკოვან და იმ ადამიანებში ვითარდება, ვისთანაც რამე ფონური დაავადებაა, მაგრამ არა ყოველთვის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, სულ ახალგაზრდა ადამიანიც დამძიმდეს“, – განაცხადა გოგინავამ.

 

მისივე თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება ჯანსაღი უნდა იყოს, ადამიანები პანიკას არ უნდა აჰყვნენ და როცა ამის აუცილებლობა არ დგას, საავადმყოფოში მოხვედრას არ უნდა ეცადონ.

 

„მეორე, უნდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რათა ასეთი ადამიანების შეფასება ბინაზე მოხდეს სწორად; ადამიანებს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმთან, ვინც დააკვალიანებს და გარკვეულ რჩევებს მისცემს. შესაბამისად, ეს ადამიანები აღარ მოინდომებენ სტაციონარში გადაყვანას, ბინაზე დარჩებიან და გამოთავისუფლებული საწოლფონდი მხოლოდ იმ ადამიანებს დაეთმობა, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ .

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი