logo_geo
კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია: როდესაც მის სახელოსნოში შედიხარ, ხვდები, რომ ეს მისი სამოთხეა
- +

29 ნოემბერი. 2020. 01:55

 

გამომცემლობა „მწიგნობარმა“ გამოსცა ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის მერაბ მეტრეველის ლექსების კრებული „მზე მეწამული“.

 

მერაბ მეტრეველი ქართულ ლიტერატურაში დებიუტანტი არ არის. მან ადრეც გამოსცა საინტერესო პოეტური კრებული „გზას სიყვარული მიკვლევდა“, რომელიც მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

 

გთავაზობთ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას წერილიდან ამონარიდს, რომელიც მერაბ მეტრეველის ახალ წიგნს წინასიტყვაობად უძღვის.

 

„...როდესაც მის სახელოსნოში შედიხარ, ხვდები, რომ ეს მისი სამოთხეა და, იმავდროულად, მისი უდაბნო, დევების მარანია, სადაც იქეიფეს დევებმა და რაღაც გრანდიოზული დატოვეს. იმავდროულად, ჩიტი ნიბლიას ბუდეა, სადაც მისი სიფრიფანა, მბრწყინავი ბუმბულები ფერებად გაფანტულა ჰაერში.

 

დადიხარ, ათვალიერებ და ნათელია, რომ ეს მისი ბედისწერაა, ვნებაა, სულია და სიყვარული. აქ მისი ოჯახური დინასტიის მიერ შექმნილი სურათების ექსპოზიციაცაა. ვფიქრობ, ეს მარადისობა არის მოქცეული წამში, თუ წამი მთელ მარადისობას შეიძლება იტევდეს?!

 

ისტორიის მგრგვინავ სვლას თავისი კვალი დაუტოვებია აქაც და მის სულშიც. წარსულის გმირები, ხელოვანნი და ბოლოს, ქარიშხლის ძენი – ზვიადი და მერაბი, რომელთა გამოსახვაც საოცრად კონტრაპუნქტულია. ერთი მხრივ, შეკავებული კლასიკურ ფორმაში და მაინც რამდენი რამის მთქმელი, რამდენი რამის გამომხატველი. ასეთია, მოკლედ თუ ვიტყვით, მერაბ მეტრეველის შემოქმედება, „სავსე ქართული პატიოსნებით“. ვუსურვებ მას, კიდევ ბევრჯერ და დიდხანს გაეხარებინოს მეგობართა და მისი ხელოვნების დამფასებელთა გულები.“

 

კონსტანტინე გამსახურდია

 

big_banner
არქივი