logo_geo
ლიონელ მესი: ყველაფერს საზღვარი აქვს
- +

18 დეკემბერი. 2020. 00:08

 

 

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ინტერვიუში საკმაოდ მრავლისმეტყველი სიტყვები თქვა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ „ბარსელონაში“ თავისი მდგომარეობით ისევ უკმაყოფილოა და კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ აპირებს.

 

მესის თქმით, დაიღალა იმით, რომ ყველა პრობლემას „ბარსელონაში“ მას აბრალებენ და ყველაფერში ისაა დამნაშავე, სავარაუდოდ, ამით გულშემატკივარსაც მიმართა, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად კრიტიკულია მის მიმართ.

 

ზოგადად ლეო ხშირად ხდება ხოლმე განტევების ვაცი და, როგორც ჩანს, არგენტინელ მაესტროს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. მიუხედავად ამისა, არ აკონკრეტებს, თუ სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ მისი „ბარსელონაში“ დარჩენის ალბათობა არცთუ ისე დიდია.

 

წლევანდელ სეზონს ლეო საკმაოდ მაღალ დონეზე ატარებს. ისეთი შედეგიანი არ არის, როგორც წინა წლებში, მაგრამ კვლავინდებურად აქტიურია მოედანზე და „ბარსელონას“ თითქმის ყველა საგოლე შეტევაში იღებს მონაწილეობას.

 

„ბარსელონას“ ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ეს მთავარ მწვრთნელს ეხება, რომელიც ჰოლანდიელი რონალდ კუმანი გახდა, ჯერჯერობით მის მუშაობას დადებითად არ აფასებენ, მაგრამ დიდი დრო არ გასულა და ჯერ კიდევ ბევრი შანსი ექნება, რომ თავისი კლასი დაამტკიცოს. მესისთან მას ჯერჯერობით კარგი ურთიეთრობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ერთი შეხედვით და რა ხდება სინამდვილეში, ეს არავინ უწყის.

 

ჩემპიონთა ლიგაში მესიმ სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და სამივეჯერ თერთმეტმეტრიანი დარტყმით, მას უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია და ამას თვითონაც აღიარებს, არგენტინელის თქმით, ის ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ცდილობს კონდიციები ბოლომდე აღიდგინოს.

 

ამის გაკეთება ლეოს ნამდვილად დასჭირდება, რადგან კვლავინდებურად „ბარსელონას“ ლიდერია და დიდწილად მასზეა დამოკიდებული კატალონიური გუნდის წარმატება. როდესაც მესი თავის ჩვეულ ფორმაშია და საუკეთესო თამაშს აჩვენებს, მაშინ მისი შეჩერება ისევ ძალიან რთულია და ეს რამდენიმე შეხვედრაში ძალიან კარგად გამოჩნდა.

 

ასე რომ, „ბარსელონამ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესიმ აზრი შეიცვალოს და გუნდიდან არ წავიდეს. მანამდე კი წინ გრძელი სეზონია, რომელშიც გუნდი ისევ ყველა ტურნირში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

 

– არგენტინის ნაკრების მატჩებს როგორ შეაფასებდით?

 

– პერუსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. პარაგვაისთან შეგვეძლო, უკეთ გვეთამაშა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი შედეგით.

 

– „ბარსელონაში“ შექმნილ მდგომარეობაზე რას იტყვით?

 

– „ბარსელონაში“ ამჟამად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გამოსწორდეს. ცოტათი დამღალა იმ ფაქტმა, რომ ბევრ რამეში მე მადანაშაულებენ. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს.

 

– კუმანთან უთანხმოება გაქვთ?

 

– არა, კუმანთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, ის მაღალი დონის სპეციალისტია და ვიმედოვნებ, შეძლებს „ბარსელონაში“ ნაყოფიერად მუშაობას, რადგან ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

 

– ანუ ფატი გუნდს რამდენად დააკლდება?

 

– ფატის არყოფნა ნამდვილად დიდი დანაკლისია, რადგან უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 

 

ბექა გოგინაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი