logo_geo
შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკებებს ის უშლის ხელს, რომ არჩევნები წააგეს და ამას ვერ აცნობიერებენ
- +

19 დეკემბერი. 2020. 23:09

 

 

„არჩევნები შედგა და ამას ყველა ობიექტური საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი აღიარებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზოგადად განწყობილია იმისკენ, რომ მოლაპარაკებები იყოს შედეგიანი.

 

„რაც შეხება დაფინანსების მოხსნა-არმოხსნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორების განცხადებას, რომელსაც სრულად ვიზიარებ, მათ შორის სენატორ რიშის განცხადებაც ახსენეთ, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს ჰქონდეთ ამ დემოკრატიულ პროცესში თანაბრად მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

თუ ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე ხალხის ნება აისახა; თუ საერთაშორიო დამკვირვებლები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული; თუ ვხედავთ, რომ მოსახლეობის განწყობა მიმართულია იმისკენ, რომ ეს არჩევნები შედგა; თუ არ არსებოს არც ერთი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა - მიუხედავად ამისა, ჩვენი ოპონენტები არ შემოდიან პარლამენტში და აცხადებენ, რომ ელოდებიან გაზაფხულს ბუნტის მოსაწყობად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პარტიები გადიან დემოკრატიული სივრციდან და ხდება ანტიდემოკრატიული ძალა. ამ დროს დემოკრატიამ უნდა იფიქროს, როგორ დაიცვას თავისი თავი. ეს პარტიები ამბობენ, ამ პროცესის მიღმა ვდგებით, თუმცა თანხა მაინც მომეცით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ერთი რამ უშლის ხელს - ის, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები წააგეს და ამას ვერ აცნობიერებენ.

 

„მათ უნდათ ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ერთადერთი გზა, ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი