logo_geo
ბადრი ვადაჭკორია: რა დროს სიცოცხლის დამთავრებაა, გაიხედეთ, გარეთ რამდენი მშვენიერებაა!
- +

19 დეკემბერი. 2020. 23:59

 

 

პანდემიასა და კარანტინში გაზაფხულს ზაფხული, შემოდგომას კი ზამთარი მოჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თითქოს გამოკეტილ თბილისს შვება მოგვარა. ისეთი ამინდებია, გარეთ გასვლა პანდემიის გარეშეც არ გინდა. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ბუხართან უნდა იჯდე და ქეიფობდე. ჩვენ, მართალია, ვეღარ ვქეიფობთ და აღარც ბუხრები გვაქვს, მაგრამ საბედნიეროდ, სითბოც გვაქვს და ფიქრის დროც, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ფიქრის მაინც, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, როგორ ვეცადოთ, რომ ყოველდღიურ უსიამოვნებებს თავი დავაღწიოთ და სილამაზის სანახავად მოვიცალოთ.

მომეჩვენა, თუ მართლაც ასე იყო, არ ვიცი, მაგრამ ზამთრის პირველ თოვლსაც თითქოს ეს განცდა მოჰყვა – თბილისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული საბადური დათოვლილი მისტიკური სილამაზის ნახვის მსურველებით აივსო. ხალხმა ყველაფერს თავი მიანება და თბილისიდან მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ ულამაზესი თოვლიანი ზღაპრით რამდენიმე წუთი დამტკბარიყო. სოციალური სივრცეც გაივსო დათოვლილი ტყის ფოტოებით. მათ შორის ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას ფოტოშედევრებიც ამოვიცანი. დავკავშირდი და ვკითხე, ესე იგი საბადურის ზამთარი ისევ გადაიღეთ და რომელიმე ზამთარს ამ ტყეში თოვლის სანახავად მისული ამდენი ხალხი თუ გინახავთ-მეთქი. მითხრა, არაო, იმდენი ხალხი იყო იმ დღეს, საცობიც კი გაჩნდა, ხალხი ოჯახებით მთელ ტყეში იყო გაფანტული და ტკბებოდაო.

 

ბადრი ვადაჭკორია:

– როდესაც საბადურს დაათოვა, ამ ტყის რეინჯერმა, ჩემმა მეგობარმა დამირეკა, თოვლის მოვიდა, ზღაპარს ჰგავს აქაურობა, ჩამოდი და გადაიღეო. იმ წუთში ავკრიფე ყველაფერი და წავედი. საბადური ბევრჯერ გადამიღია ყველა სეზონზე და ყოველთვის ლამაზია, მაგრამ ზამთარს აქ სხვა ხიბლი აქვს. ყველა ხე თითქოს ერთნაირია, მაგრამ სინამდვილეში განსხვავებული ელფერი აქვს. ჟრიამული ხან აქედან შემომესმა, ხან იქიდან. ამდენი მანქანის დანახვაზე მეც ის გავიფიქრე, მართლაც როგორ მონატრებია ხალხს სილამაზე, როგორ უპოვიათ დრო მის სანახავად–მეთქი. ვირუსის გავრცელების არ შემშინებია, ხალხი აქეთ-იქით, სუფთა ჰაერზე იყო გაფანტული. ამ ხალხმა თავისი ჟივილ-ხივილით გული გამითბო. სილამაზე სულ სხვანაირს ხდის ადამიანს – მშვიდსა და კეთილს, ისეთს, როგორიც საერთოდ უნდა იყოს.

– გეთანხმებით, ჩვენ კი თითქმის არასოდეს გვცალია, სადმე გავიდეთ და მშვენიერებით დავტკბეთ. კარანტინი ცუდია, მაგრამ სწორედ მან მოგვცა დრო იმაზე დასაფიქრებლად, რომ ვიდრე ვცოცხლობთ, მეტი სილამაზის ნახვა უნდა მოვასწროთ.

 

– მთელი სიცოცხლე მაგას ვაკეთებ და სხვებსაც ამასვე ვურჩევ. ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ საქართველოზე ლამაზი მხოლოდ საქართველოა, სხვა არც ერთი ქვეყანა. თუ ქართველები მივხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვიაროთ, სიცოცხლეს უსათუოდ გავიხანგრძლივებთ. ძალიან დიდი ხნის წინ საპატრიარქოში ვმუშაობდი, წლების შემდეგ ისევ შევხვდი პატრიარქს და მითხრა, ახალგაზრდულად გამოიყურები, 120 წელიწადს იცოცხლებო, ფრთაშესხმული წამოვედი. ვხუმრობ  ხოლმე, კიდევ 46 წელი დამრჩა და ამ დროში სულ საქართველოს სანახავად ვივლი-მეთქი. პატარ-პატარა სილამაზე პროზაულ ამბებშიც არის და კაცს უნდა ჰქონდეს უნარი, ეს შენიშნოს, თუ ამ ყველაფერს შეძლებ, ბედნიერების განცდა გექნება და არა სიცოცხლის დასასრულის, რასაც ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ბევრი ახსენებს. რა დროს სიცოცხლის დამთავრებაა, გაიხედეთ, გარეთ რამდენი მშვენიერებაა! სანამ ვცოცხლობთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ!

 

ეთერ ერაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი