logo_geo
რუსუდან შარაძე: მკვლელებს „ვაპატიე“ ხმამაღალი ნათქვამია - არ ვაპატიებ, სანამ...
- +

23 დეკემბერი. 2020. 21:52

 

 

2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ მას მამამისის მკვლელებისთვის ჩადენილი დანაშაული არ უპატიებია.

 

რუსუდანს სურს, რომ მამამისის მკვლელებმა უბრალოდ მოინანიონ. როგორც რუსუდან შარაძე აღნიშნავს, გურამ შარაძის მკვლელობა უკვე სასჯელია და დამატებით დასჯას აღარ საჭიროებს. თუმცა უსამართლობის განცდა აქვს და თვლის რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შარაძის საქმე სათანადოდ არ გამოიძია.

 

„პატიება შევძელი, სხვანაირად ურთიერთობა ვერ მექნებოდა ადამიანებთან. რამდენიც გინდათ, იმდენი კლავდა სიტყვითაც, მაგრამ მისი მკვლელობის შემდეგ ვიღაცას სინანული შევატყვე, ვიღაცამ პირდაპირ მითხრა ეს, ვიღაცას შერცხვა და ვერ გაბედა, თუმცა მივხვდი. ადამიანს ოდნავ მაინც თუ შევატყობ სინანულს, პატიება შემიძლია, რადგან ადამიანები ვართ და თანაც, რა უნდა იყოს დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრებაზე დიდი სასჯელი? რაც შეეხება მკვლელებს, „ვაპატიე“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. არ ვაპატიებ, სანამ არ აღიარებენ.

 

თუ იტყვიან სიმართლეს, თუ შევამჩნევ სინანულს, ესეც საკმარისი იქნება... მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ სიმართლე ოფიციალურად გამოცხადდეს. არავის დასჯა არ მინდა არა იმიტომ, რომ კეთილშობილი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მინდა მშვიდად ვიყო. გურამ შარაძის მკვლელი ან მკვლელობაში მონაწილე რომ ხარ, ამაზე მეტი სირცხვილი და დასჯა რაღა უნდა იყოს? „ოცნება“ ხშირად თავს იმართლებს,­ რომ „ნაციონალებს“ თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ და პარტიას ვერ აკრძალავენ. აბა, გამოაცხადონ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის მკვლელობების შემკვეთად, ქართული ტერიტორიების გამყიდველად, არაერთი ახალგაზრდის მკვლელად, კიდევ თუ ვინმე გაბედავს და სირცხვილით ხმას ამოიღებს ან კვლავ თუ დაუჭერენ მხარს! და ვინც დაუჭერს, ისიც მკვლელი იქნება.

 

სააკაშვილი, როგორც მკვლელი, გასამართლდა? არა! დღესაც ძალიან ბევრია სახელმწიფო უწყებაში, ხმას ქვეყნის დამანგრევლებს რომ აძლევს, ამიტომაც კოაბიტაცია და ის შემდგომი სიამტკბილობა, რაც ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ, ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაულია. როდესაც გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელი გია ფაჩულია დღეს ზუგდიდში სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რაღა უნდა ვთქვა?“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი