logo_geo
ნინო ჩხეიძე: ახლა უფრო ლამაზი ვარ
- +

23 დეკემბერი. 2020. 23:10

 

 

ასაკი: 39 წლის

 

განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (აქვს მაგისტრის ხარისხი).

 

პროფესია: მომღერალი.

 

ამჟამინდელი საქმიანობა: სიმღერა. ასევე, უძღვება 2 რადიოს. დააარსა ქართული მუსიკალური ტელევიზია.

 

ჰობი: სხვადასხვა დიზაინის ქუდების შექმნა.

 

ცხოვრების დევიზი: სიყვარული.

 

– როდესაც სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

 

– საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, სარკეში როცა ვიყურები, ძირითადად საკუთარი თავი არ მომწონს, სულ რაღაცას ვეუბნები, მაგალითად, უნდა გახდე-მეთქი... ჩემს თავს ყოველთვის ვეჩხუბები, თუმცა ვიცი, რომ ეს არასწორია.

 

– ახლა რითი ხართ უკმაყოფილო?

 

– პანდემიის დროს წონაში რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე და უკმაყოფილო ვარ.

 

– რომელი საკვებია მუდმივად თქვენს მაცივარში?

 

– კვერცხი, მოხარშული კვერცხი ჩემი საუზმის განუყოფელი ნაწილია.

 

– ბოლოს გულწრფელი ბოდიში როდის მოიხადეთ?

 

– ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბოდიშის მოხდა არასოდეს მეთაკილება, როდესაც კონკრეტული სიტუაციაში არასწორი ვარ, ამის აღიარება არ მიჭირს, თამამად შემიძლია ბოდიში მოვიხადო, თუ ის ადამიანი ამად მიღირს, რა თქმა უნდა.

 

– საღამოს 9 საათის შემდეგ რას აკეთებთ ხოლმე?

 

– სერიალებს ვუყურებ, წინათ სერიალები არასოდეს მინახავს, ახლა იმდენი დრო დაგვიგროვდა, რომ ამერიკული სერიალების ყურება დავიწყე.

 

– როგორ სიზმრებს ხედავთ?

 

– უცნაურს, სხვადასხვანაირს, მრავალფეროვანს... შეიძლება ისეთი რამე დამესიზმროს, რომ გაღვიძებულმა ვიფიქრო, რა შუაში იყო, ეს რატომ დამესიზმრა-მეთქი?

 

– როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევით?

 

– კარგია, რომ საუბრის დასაწყისში ასაკი ვახსენეთ – 39 წლის ვარ, დროთა განმავლობაში ფლირტის შემთხვევები უფრო ნაკლებად და ნაკლებად არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქალს, მეც მსიამოვნებს და ყოველთვის ვცდილობ ფლირტი ისეთ დისტანციაზე დავტოვო, რომ „მართვადი“ იყოს. ყველას სიამოვნებს, როდესაც მ ის მიმართ ვინმე სიმპათიას გამოხატავს, მაგრამ ამის მიღება ისე უნდა შეძლო, რომ იმ დონეზე დატოვო, როგორზეც არის.

 

– ჰქონიათ მცდელობა, რომ ურთიერთობა ფლირტის ზღვარს გასცდენოდა?

 

– არა, არა... საერთოდ, თავად დისტანციური ვარ, ვინც მიცნობს, მიხვდება, რას ვგულისხმობ. მხოლოდ ასეთ სიტუაციაში კი არა, საერთოდ, ადამიანებთან ახლო ურთიერთობა არ მიყვარს, ხომ იცით, მეგობრები ერთმანეთთან ძალიან შეხუმრებულები რომ არიან? პირადად მე, არ მიყვარს, როდესაც თუნდაც მეგობარი ზღვარს გადმოდის, მომწონს, როცა ნებისმიერ ურთიერთობაში ცოლქმრულიდან დაწყებული, მეგობრობით დამთავრებული პატივისცემა იგრძნობა.

 

– ბოლოს მეუღლემ რა კომპლიმენტი გითხრათ?

 

– სხვათა შორის, კომპლიმენტებით ყოველთვის მანებივრებს, მაგალითად, გუშინ 18 წელი გახდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ, 18 წლის წინანდელ ჩემს ფოტოებს ახლა რომ ვუყურებ, საკუთარი თავი არ მომწონს, მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ლამაზი ვარ, მაგრამ გიორგი 18 წლის წინაც ბევრ კომპლიმენტს მეუბნებოდა და იმაზე მეტად მოვწონდი, ვიდრე მე მომწონდა ჩემი თავი. ეს ცხოვრებაში დიდ სტიმულს მაძლევს, რადგან როდესაც ქალს გვერდით გყავს მამაკაცი, რომელსაც ყველანაირი მოსწონხარ, თავდაჯერებას გმართებს. ასეთი მხარდაჭერა წარმატებაში გეხმარება, რა თქმა უნდა მეუღლის მიერ ნათქვამი კომპლიმენტი ყოველთვის გულწრფელია.

 

– როგორ აღნიშნეთ ქორწინების 18 წლის იუბილე?

 

– ვერ აღვნიშნეთ, რადგან ახლა გიორგი უკრაინაშია, სხვათაშორის, დილით დამირეკა და მითხრა ყვავილების გამოგზავნა მინდოდა, მაგრამ პანდემიის პირობებში მეშინია რამე ვირუსი არ მოგიტანოს, ამიტომ რაღაც მოიფიქრე, შემდეგში რომ გაჩუქოო... მოკლედ, ვერანაირად ვერ აღვნიშნეთ.

 

– ვინ არის ადამიანი, რომელსაც დღე ისე არ გავა, რომ არ შეეხმიანო?

 

– ასეთი ბევრი ადამიანია, ჩემი შვილი, კორახა, თანამშრომლები.

 

– რომელი პოპულარული მომღერალი მოგწონთ?

 

– ვაიმე, არ ვიცი, გულწრფელად ვამბობ, ამაზე არ მიფიქრია. რადგან საერთოდ საკუთარი თავით ისე ვარ დაკავებული, რომ ნაკლებად ვფიქრობ სხვა მომწონს თუ არა.

 

– ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

 

– ვაიმე, არც ერთი დღე არ შემიძლია! მიმაჩნია, რომ ეს ჩვევა გამოსასწორებელი მაქვს, რადგან ინტერნეტზე ძალიან დამოკიდებული ვარ, ეს არც ისე კარგია.

 

– ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

 

– კარგი ადამიანი უნდა იყო, ცუდ რამეს არავის უკეთებდე და სხვას ცუდი არ უნდა უსურვო – ჩემი მთავარი ღირებულება ეს არის. სხვა ყველაფრის პატიება შესაძლებელია, შეიძლება შეცდომა ყველამ დაუშვას, ბევრი რაღაც ისე გააკეთოს, რაც საზოგადოებისთვის მოსაწონი არ იქნება, მაგრამ თუ კარგი, გულწრფელი ადამიანია, პირადად მე, პატიება შემიძლია. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი საკუთარი თავის წინაშე უნდა იყოს კარგი და „სუფთა“ მერე სხვებთანაც კარგი იქნება.

 

ეთო ყორღანაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი