logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ადრე გვეუბნებოდნენ, ცუდად თუ მოიქცევი, პროფში გაგგზავნითო...
- +

8 აპრილი. 2017. 10:59



„მგონია, პროფსასწავლებლები გახდება სპეციალიზებული სკოლები. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე არაფორმალური განათლების აღიარება", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, პროფესიული განათლების მიღება სკოლის პარალელურად იქნება შესაძლებელი. ასევე აღნიშნა, რომ პროფსასწავლებლებზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.

 

„პროფესიული განათლება სწრაფად ვითარდება. ადრე გვეუბნებოდნენ, ცუდად თუ მოიქცევი, პროფში გაგგზავნითო... ეს სასჯელის მსგავსი იყო, არადა, შრომის ბაზარზე, 60% მაინც, სხვადასხვა პროფესიაზე, ხელობაზეა მოთხოვნა. პროფსასწავლებლების პოპულარობა იზრდება და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: სწავლა უფასოა, პროფესიების რაოდენობა იზრდება  და წელს უკვე 150-ს აჭარბებს, გვაქვს დუალური მიდგომა - თან მუშაობ, თან „ნათლდები". ამასთანავე, სწავლა 2-წლიანია, ერთი წლის შემდეგ კი ყველა დასაქმებულია. პროფსასწავლებელში იმდენად პრაქტიკული სამუშაოა, თუ არ გაინტერესებს, ვერ გაჩერდები.

ტრაქტორისტი, ამწის ოპერატორი, მდივან-რეფერატი, ბარმენი, მკერავი, შემდუღებელი... ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია, რადგან მათზე მოთხოვნა ბაზარზეცაა, რაც პრაქტიკულად, ასპროცენტიან დასაქმებას ნიშნავს.

ე.წ. კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოზეც გადავდივართ - დიპლომში იწერება, რომელი დონის კვალიფიკაცია აქვს, რაც ევროპელი დამსაქმებლისთვის ადვილი მისახვედრია.

უმთავრესი სიახლეა სკოლისა და პროფსასწავლებლის თავსებადობა. აქამდე თუ ბავშვი მე-9 კლასიდან წავიდოდა პროფესიულ განათლებაში, უმაღლესში ვეღარ ჩააბარებდა. ახლა კი შეუძლია ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელში, ოღონდ სკოლაც დაამთავროს.

პარალელურად, შესაძლებელი ხდება, პროფსასწავლებელში ნასწავლი საგანი უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაგეთვალოთ. უამრავი რამ იცვლება კრედიტების დათვლის სისტემაში, დიპლომთან დაკავშირებით..." - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი