logo_geo
ზურაბ ანთელავა: საქართველოდან წასვლას ყოველთვის ვინანებ
- +

8 აპრილი. 2017. 14:37


 

„ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ მიმეღო, უკეთესი იქნებოდა", - აღნიშნა მსახიობმა ზურაბ ანთელავამ  ჟურნალ „გზასთან" ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შესახებ საუბრისას.

 

„საქართველოდან არეულობის, გაჭირვების პერიოდში წავედი. ეს იყო ყველაზე საშინელი ნაბიჯი, რომელიც ცხოვრებაში გადამიდგამს და რომელსაც ყოველთვის ვინანებ. ეს უვადო სასჯელი იყო. ბოლო სპექტაკლი, რომელშიც სამშობლოდან გამგზავრებამდე ვითამაშე, „მე თქვენ ყველას სახეზე გცნობთ" იყო, რომლითაც საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს ნიღაბი" მივიღე, როგორც „მაყურებლების სიმპათიამ".  იქ წასვლით კარგი მოხდა ის, რომ ხალხი გავიცანი, რომელმაც იქ ცხოვრება ცოტათი შემიმსუბუქა: ესპანეთში, მოყვარულების თეატრალურმა ჯგუფმა ხელი შემიწყო, რომ კვირაში 3-ჯერ თეატრალურ სფეროზე „გადავრთულიყავი". ერთი-ორჯერ მასტერკლასიც ჩავატარე - სტანისლავსკის მეთოდით დაინტერესდენ, მადრიდიდან პროფესიონალი არტისტების 2 ჯგუფი ჩამოვიდა. თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი - მარიანო ჩემი მეგობარია. ის თეატრის „სენით" შეპყრობილი ახალგაზრდა ბიჭი (ფილოსოფოსი) გახლავთ. ჩემს შესახებს პატარა წიგნს წერს, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ისიც იღბალი იყო, რომ ემიგრაციაში ყოფნის სირთულეები რეზო ჩხიკვიშვილთან ურთიერთობამ გამიიოლა. 4 წელი გერმანიაში გავატარე. რეზო ჩხიკვიშვილი ესენში, დრამატული თეატრის მსახიობი გახლავთ. გერმანელები ხელისგულზე ატარებენ. მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ, რომელშიც მეც მოვხვდი. საქართველოში ჩემს დაბრუნებაში რეზოს დიდი წვლილი მიუძღვის, ასევე - ჩემს მეგობარს, არჩილ ქურციკაშვილს. არჩილმა იმდენი მიჩიჩინა, - წადი, აქაურობას მოშორდიო, რომ გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ მიმეღო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - განაცხადა ზურაბ ანთელავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი