logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება
- +

4 იანვარი. 2021. 23:46

 

 

„ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები“, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მან კორონავირუსის ახალი შტამზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე გეტყვით. ბრიტანეთის გარდა 33 ქვეყანაშია კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი აღმოჩენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამის დომინირების მასშტაბები ამ ქვეყნებში შეიძლება მხოლოდ მარტის თვეში გახდეს შესაძლებელი.

 

ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არ ვართ ევროკავშირის და შენგენის ტიპის ქვეყანა, უარესი სცენარის შემთხვევაში ნაკლებად წარმომიდგენია მან დომინირებული როლს ზაფხულამდე მაინც მიაღწიოს, რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს, თუმცა გრძელვადიანში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

მისი თქმით,  კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

 

„ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა. ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, -განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

big_banner
არქივი